ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საგულდგაულოდ გაცხრილავენ

ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საგულდგაულოდ გაცხრილავენ

ოპოზიციაში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მწვავე დაპირისპირების ფონზე, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გარე უფროსები ამ არჩევნებში ფსონს ძირითადად „ლელოზე“ და გახარიაზე აკეთებენ, ვინაიდან ისინი სისხლიან რეჟიმთან პირდაპირ კავშირში არ არიან და ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ხმის ამოღების საშუალება ექნებათ.

თუმცა მმართველი გუნდი გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობენ, რომ ბარიერგადალახული პარტიების რეიტინგი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მინიმუმამდეა შემცირებული.

პრინციპების ღალატი და საეჭვო გარიგებები - ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთბრალდებების ჩამონათვალია, რომელიც ყოველდღიურად იზრდება.

შეცვლილი პოზიციის გამო ხაზარაძის „ლელოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრები მწვავედ აკრიტიკებენ. „ნაცმოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ „ლელოს“ მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიას საკუთარ ამომრჩეველთანაც პრობლემა შეექმნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ „ლელოს“ მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ წავა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც ექნება პრობლემა. მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც დაკავშირებულია მხოლოდ თბილისში არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ მე მივალ და ამომრჩეველს მოვატყუებ, რომ მის ხმას ამ სისტემაში დავიცავ და ამით ხელისუფლების ცვლილებას შევუწყობ ხელს, შემცდარა. არ შეიძლება თვალებში ასეთ დონეზე შეაყარო ამომრჩეველს ნაცარი“, - აცხადებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან სანიკიძე.

 „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა კი ამბობს, რომ აუცილებელია დისკუსია და აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ მაგიდასთან.

„ახლა განიხილება არგუმენტები ორივე მიმართულებით - როგორც არ მონაწილეობის, ასევე მონაწილეობის მხარეს. ჩვენ ველით საუკეთესო გამოსავალს. აუცილებელია დისკუსია და აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ მაგიდასთან და არა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით და იმ ტერმინოლოგიით, რომელსაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი იყენებს“, - აცხადებს ლანა გალდავა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის თქმით, მცდელობების მიუხედავად, ოპოზიცია დამარცხდება არჩევნებში და 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„ორი ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა ამ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ოთხ რადიკალურ პარტიას შორის, ვინაიდან დანარჩენი ორი პარტია კვლავ იგივე აზრზე დგას, რომ მათ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, გამოაცხადონ ბოიკოტი. თუმცა, როგორც ჩანს, მათი გარე უფროსები ამ არჩევნებში ფსონს ძირითადად აკეთებენ „ლელოზე“ და გახარიაზე, ვინაიდან ისინი, რა თქმა უნდა, სისხლიან რეჟიმთან პირდაპირ კავშირში არ არიან და ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ხმის ამოღების საშუალება ექნებათ, თუ მათზე გააკეთებენ ფსონს. თუმცა, ისინი იმასაც, რა თქმა უნდა, გაზომავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ახალის“ ხმები ვერ გადანაწილდება ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტიებზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ორ პარტიასაც დაავალებენ აუცილებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მნიშვნელობა არ აქვს, 4 პარტიად გაიყვანენ თუ კიდევ 8 პარტიად დაშლიან თუ ერთი პარტიის გარშემო გააერთიანებენ, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან ამბობს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები დასავლეთში ისევ წაგებულ პოლიტიკურ ბრძოლაში ებმებიან ხელისუფლებასთან, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

„საქმე ისაა, რომ არაერთმა კვლევამ და არჩევნებმა აჩვენა, რადიკალურ ოპოზიციას არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, დასავლეთში ამ ორ პარტიას მაინც ეჭიდებიან და ფსონს მათზე დებენ. ეს ხელოვნური დაყოფა, რასაც აკეთებენ - თითქოს ორი ბარიერგადალახული პარტია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო ორი არა - გარკვეულ ლოგიკას ემყარება. მათ სურთ, რადიკალების მარცხს წინასწარ მოუძებნონ გამამართლებელი საბაბი, თითქოს არ ჰქონდათ ერთიანობა და ამიტომაც წააგეს.

ეს არის ერთგვარი ცბიერი ტაქტიკა, რომელიც ძალიან მარტივად იშიფრება. შესაბამისად, ოთხივე პარტია მიიღებს მონაწილეობას თუ ორი არ მიიღებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათი მდგომარეობა, ყველა კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ ფსკერზეა, რა რეიტინგიც ჰქონდათ, ისიც აღარ აქვთ. კარგად იციან ეს და რაღაც სცენარებს დგამენ, რომ ეს სამარცხვინო ნარატივი გააჩაღონ, თითქოს ხელისუფლება არალეგიტიმურია. მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში – სამარცხვინოდ წააგებენ, არ მიიღებენ –მათი ადგილი, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს პოლიტიკური ველიდან. ასე რომ, ორ ცეცხლს შორის მოყოლილები თავიანთ პატრონებთან ერთად გამოსავლის ძიებაში არიან“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, დასავლეთის იმედები „ლელოზე“ და გახარიაზე ძალიან არასერიოზულია, რადგან ეს ადამიანები ტოტალური ლუზერები არიან. შეუძლებელია, ეს პოლიტიკური პარტიები მუდმივად ნეგატივში ტრიალებდნენ და საკუთარ ხალხს უპირისპირდებოდნენ.

„ადვილად პროგნოზირებადია, რომ ეს ხალხი არჩევნებს წააგებს. შესაძლოა, რამდენიმე ოლქში მცირედი გამარჯვება მოიპოვონ. ისინი ყველა ხერხს გამოიყენებენ იმისთვის, რომ „ოცნება“ მაქსიმალურად დააზიანონ და გააშავონ, თუმცა წინა შემთხვევების მსგავსად ისევ იმავე შედეგით დაასრულებენ. იქნება რაღაც ხმაური, მცდელობა იმის მტკიცებისა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა უკვე თვითონაც აღიარებენ, რომ ამ საარჩევნო წესების პირობებში გაყალბება შეუძლებელი იქნება. ვერც ერთი მათი გამოგონილი გაყალბება ვერ დადასტურდა, რადგან რეალობაში მსგავსი რამ არ არსებობდა“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსს ლატვიის თვითმმართველობის არჩევნები მოჰყავს მაგალითად, სადაც იმდენად უხეში და მძიმე დარღვევები იყო, რომ ცესკოს თავმდჯომარეც კი გადადგა. საქართველოში კი მსაგვსი ერთი ფაქტიც კი არ დაფიქსირებულა.

ლატვიის ადგილობრივ არჩევნებში როგორი სამარცხვინო დარღვევები მოხდა და ვითომ არც შეიმჩნიეს - ცესკოს თავმჯდომარე გადადგა, ხმები ვერ დაითვალეს, სისტემამ ვერ იმუშავა და ა.შ. ქვეყანა არ გადატრიალებულა ამის გამო. ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მაგრამ ჩვენთან როგორ ხელოვნურად გაამწვავეს ვითარება, ვნახეთ. მაშინ, როცა ლატვიის არჩევნებში იმდენად მძიმე და უხეში დარღვევები იყო, მსგავსი საქართველოში არასდროს მომხდარა. ამიტომ ჯობს, ოპოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, რა უნდა. როგორც პოლიტიკურ პარტიებს, არსებობა თუ სურთ, დადგნენ ხელისუფლების წინააღმდეგ არჩევნებში და დაამტკიცონ, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვთ“, - აცხადებს აბაშიძე.

 

Gami ქაქის "ბოჩკის" გუბაზას დარიგებული მისი ბღარი რა უნდა იყოს.. ეტყობა კიდეც კოჭებში.
5 საათის უკან