„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა  გახარიას გამოუცდელობა იყო თუ ამის უკან კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურები იდგნენ“

„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა  გახარიას გამოუცდელობა იყო თუ ამის უკან კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურები იდგნენ“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, დააკავონ. პროკურატურამ ჩორჩანას ეპიზოდის შესწავლა დაიწყო. გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.

2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედების საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით იკავებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას.

გომელაური აცხადებს, რომ გახარიას გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ-ფაქტუმ გაიგეს ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ და საქმის კურსში ჩააყენა მთავრობის ხელმძღვანელი. გომელაურის თქმით, ზოგადად, როდესაც საქმე მსგავს საკითხებს ეხება, ის თანხმდება, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ისე სხვა ხელმძღვანელებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა.

„ვიყავი თუ არა საქმის კურსში საგუშაგოს აღმართვის შესახებ, შევთანხმდით თუ არა? - შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიაა, აქედანაც და იქიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ. ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ყოფილა დათანხმება იქითა მხრიდან: გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს - ასე ხდებოდა.

ასე რომ, მარტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რომ ჩააყენო საქმის კურსში ან რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში უნდა ჩაგეყენებინა, უსაფრთხოების სამსახური, შემდეგ ჩვენ ვაყენებდით საქმის კურსში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასე ხდებოდა ყველაფერი. ამ შემთხვევაში ინფორმაცია არ გვქონდა და პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ, რომ გზის დამუშავება დაიწყო, გაყვანა, მოსწორება. როგორც ვიცი, პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში არ იყო. ჩვენ მოვახსენეთ ეს, როგორც მე მახსოვს.

როცა გავიგეთ, რომ ტრაქტორები მუშაობდნენ და იქ უნდა გაკეთებულიყო ახალი საგუშაგო, დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. შეიძლება ამას ესკალაცია მოჰყოლოდა. გადავრჩით. ასობით ჰექტრობით ტყე დავკარგეთ, საძოვრები დაკარგა იმ ხალხმა - ეს იყო ყველაზე პატარა საფრთხე, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა, შეიძლებოდა საერთოდ ომის წინაშე აღმოვჩენილიყავით, გვახსოვს ისტორიიდან, რომ სამაჩაბლოს ომი, აფხაზეთის ომი, ასე დაიწყო. ომი ყველაზე დიდი რისკი იყო, თუმცა პრობლემაა ისიც, რომ მოქალაქეებმა მიწა დაკარგეს“, - განაცხადა ვახგანტ გომელაურმა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას სხვა რამ ურჩიეს, თუმცა მან უპასუხა, რომ საფრთხეები იყო და საგუშაგო უნდა გაკეთებულიყო. აქედან გამომდინარე, ყოფილი ძალოვანი არ გამორიცხავს, რომ მარტო მისი ჩვენების საფუძველზე არა, მაგრამ მისი, როგორც ერთ-ერთი ჩვენების საფუძველზე, შეიძლება გიორგი გახარია დააკავონ. გახარია არ ჩანს და შესაბამისად, არ არსებობს კითხვაზე პასუხი - რა საფრთხეებს გულისხმობდა და რას ემსახურებოდა მთავრობასთან შეუთანხმებლად მსგავსი ნაბიჯი.

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური კი წერს, რომ არც ერთ ნაცს არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით „ოცნება“ ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს, აი, ამიტომ არის 13 წელი ნაცმო სამარცხვინოდ წარუმატებელი.

„ნაცები წერენ, რომ გახარიას, რომელიც ერთადერთია, ვინც არჩევნებზე ღიად ამბობს, რომ იღებს მონაწილეობას, ბიძინა იჭერს იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოსო. ანუ - კაცი იძახის მონაწილეობას ვიღებო და ბიძინა იჭერს, მონაწილეობა მიიღეო, აიძულოსო.

ლოგიკა, როგორც ასეთი. სინამდვილეში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის - არც ერთ ნაცს, არც ერთს არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით „ოცნება“ ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრ გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო. აი, ამიტომ არის 13 წელი ნაცმო სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი“, - წერს ანა ბუჩუკური.

რადიკალური ოპოზიციის ნაწილი გახარიას არ გულშემატკივრობს და მიაჩნიათ, რომ გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა - ციხე ან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი თვლის, რომ ჩორჩანას შესახებ გამოძიება ცალსახად პოლიტიკური დევნის მიზანს ემსახურება.

„ეს არის ღრმად ჩახლართული, რუსულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებული ძალიან ბინძური კამპანია. ჩორჩანას შესახებ გამოძიება ცალსახად და ყოველგვარი მეორე მოსაზრების გარეშე პოლიტიკური დევნის მიზანს ემსახურება. „ჰოი, საოცრებავ, რატომ დადგეს გახარიას მინისტრობის დროს საგუშაგო ჩორჩანაში? - ამ თემის გამო გახარიას გამოეკიდონ, ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სარჩული აქვს. თორემ ვინმეს რეალურად რომ ადარდებდეს რაიმე სამართლებრივი მოკვლევა ამ თემასთან დაკავშირებით ან ამ ყველაფერში მართლა რაიმე ბრალეულობა არსებობდეს გიორგი გახარიას ისეთი, ეგეთ კაცს, ალბათ, შემდეგ პრემიერ-მინისტრად არ დააწინაურებდნენ“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასე არ ფიქრობს ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე, რომლის განცხადებით, გიორგი გახარია იყო მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, გუნდთან შეუთანხმებლად მიიღო. მისი თქმით, ისეთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ქვეყნის საზღვრებს შეეხება, დამოუკიდებლად არ ხდება.

„საგუშაგოს გახსნა მრავალწახნაგოვანი ქმედებაა, რომლის ერთპიროვნულად მიღება დანაშაულის ტოლფასია, საზოგადოებას კარგად ახსოვს საგუშაგოს შემდეგ განვითარებული მოვლენები და ესკალაციის მაღალი დონე, რომელსაც ომის გამოწვევაც კი შეეძლო. სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნა, არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა“, - აცხადებს ჩიხელიძე.

მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს უბრალოდ საზოგადოებაში არსებული ეჭვებია თუ რეალობა და გახარიამ რის სანაცვლოდ გადადგა აღნიშნული ნაბიჯი, იყო ეს უბრალოდ გამოუცდელობა და მას „მაგარი ბიჭის“ როლის თამაში მოუნდა თუ გადაწყვეტილების მიღების უკან კონკრეტული ქვეყნის სპეცსამსახურები იდგნენ.

„რა თქმა უნდა გახარიას დაკავებას არ გამოვრიცხავ, რადგან ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ის საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს, ქვეყნის და ხალხის მომავლით თამაში დაუშვებელია, როდესაც შენ საპასუხისმგებლო პოზიციაზე ხარ, არ გაქვს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება, რადგან შენი გადაწყვეტილების შედეგს შენი ხალხი იწვნევს, როგორც ვხედავთ საგუშაგოს გახსნის ეპიზოდში ქვეყანა გადარჩა, მაგრამ მას შესაძლოა, საკმაოდ მტკივნეული უკუქმედება მოჰყოლოდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელიძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, უკვე დღეს კარტები გახსნილია და ოდნავაც მოაზროვნე ადამიანი ამას უნდა მიხვდეს და ამას უნდა მიხვედრილიყო ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, რომ დასავლეთის, ე.წ. „დიფ-სთეითის“ მიზანია რუსეთს აუფეთქოს ჩრდილოეთ კავკასია, ეს არის ერთ-ერთი მთავრი მოტივი.

„გვახსოვს რა ხდებოდა პანკისი ხეობაში შევარდნაძის დროს? გილაევი და მისი რაზმი... გადაადგილებები-გადმოადგილებები, პროვოკაციები, არაბი ტერორისტების იქ ჩასვლა, ეს ემსახურებოდა ერთადერთ რაიმეს - ჩრდილოეთ კავკასიის აფეთქებას. ღვთის ნებით ამ სიტუაციას თავი დავაღწიეთ და ეს საკითხი გახარიას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც აქტუალურად იდგა. დასამალი არ არის, რომ გახარია დავერბოლკებულია. რაც დრო გადის ძველი ღვინო უფრო კარგი დასალევი ხდება - რაც დრო გადის, გახარიას ქმედებები უფრო მეტი კარგი გამოსავლენი ხდება.

გავიხსენოთ პანკისში ჰესის მშენებლობის საკითხი - დახოცეს, მოკლეს ჩვენი პოლიციელები და ქმედება - ნული. ასევე, როდესაც გახარიამ ჩორჩანაში რაღაცა საგუშაგო გახსნა, მაშინ ასეთი ინტერესი არ გამოუწვევია, მაგრამ დღეს უკვე აშკარად ჩანს, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია იმისათვის, რომ რამენაირად მომხდარიყო ესკალაცია და დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რაც საბოლოო ჯამში, გამოიწვევდა დიდ არეულობას რეგიონში“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ამ პროცესებში ყველაზე მეტი საინტერესოა ის, რომ ჩვენს დაუძინებელ მტრებს სურთ ერთადერთი რამ - რაც შეიძლება უფრო მეტად დაიძაბონ სიტუაცია საქართველოში.

„ჩრდილოკავკასიელებს, ამ ტერიტორიის გარდა, სხვა გასასვლელი არ აქვთ. შავი ზღვით ისინი მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთისაკენ გადიან. ამიტომ, ეს მხარე თუ ჩამოსცილდა რუსეთს, უმძიმესი სიტუაცია შეიქმნება, რასაც მსხვერპლად შეეწირება ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო, რომელიც ჩვენს დასავლელ „მეგობრებს“ ფეხებზე კიდიათ და ამიტომ ჰყავდათ დავერბოლკებული გახარია.

გარეგნულად ისე ჩანდა, რომ გახარია სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ბრიყვული სვლა გააკეთა, ამით ყველაფერი დაადასტურა. ეტყობა, რომ ძალიან დიდი ბრიყვია და, როგორც ჩანს, ამ ბრიყვობის გამო ჰყავთ ჩვენს დასავლელ დაუძინებელ „მეგობრებს“ დავერბოლკებული. ამიტომ, როდესაც ეს მასალები გამოქვეყნდება, ვნახოთ, რა მტკიცებულებები ექნება პროკურატურას. თუ დადასტურდა ის დანაშაული და ღალატი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მას ჩაფიქრებული ჰქონდა გარე ძალებისგან ზემოქმედების გზით, გახარიამ ღვთისა და ერის წინაშე, ქართული სახელმწიფოს აწმყოსა და მომავლის წინაშე პასუხი უნდა აგოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

მარბიელი ტყუილის მთქმელს მართალსაც არ დაუჯერებენ!
ჩორჩანის აშენებით ქვეყანა თუ ინგრეოდა, მაშინ რატომ არავინ ამოიღეთ ხმა?
დღემდე რატომ ფუნქციონირებს ის საგუშაგო?
შენ ცხენმა თუ უნაგირიდან ჩამოგაგდო, იქნებ ცხენის კი არა შენი უუნარობის ბრალია?!
6 საათის უკან
Aburjga Tasmanieli დაანებეთ თავი ამ სულელურ, გამოგონილ ბრალდებებს!
5 საათის უკან