„აფხაზური სქემა“ უკრაინის გვარდიისა და ხელისუფლებისათვის

„აფხაზური სქემა“ უკრაინის გვარდიისა და ხელისუფლებისათვის

13 მარტს, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოცხადებულ არალეგიტიმურ რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის გარდამავალმა ხელისუფლებამ რეზერვისტების მობილიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ბაზაზე ეროვნული გვარდიის ფორმირების გადაწყვეტილება მიიღო. გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სამხედრო პროვოკაციები და „აფხაზეთში განხორციელებული სქემაც“ ახსენა.

ტაქტიკისა და საბრძოლო სულის იმედზე

რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხემ და ბრძოლისუნარიანი რესურსის დეფიციტმა უკრაინის გარდამავალი ხელისუფლება აიძულა სასწრაფოდ აღედგინა ჯერ კიდევ 2000 წელს გაუქმებული ეროვნული გვარდიის სტრუქტურა. 11 მარტს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შექმნილ სავალალო მდგომარეობაზე თავდაცვის მინისტრ იგორ ტენიუხის მოხსენებას პარლამენტში დარბაზი შეშფოთებული უსმენდა. როგორც სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მოხსენებიდან გაირკვა, რუსეთის სამხედრო მანქანის აგრესიის საფრთხის წინაშე მდგარი უკრაინის არმია, ფაქტობრივად, განიარაღებული ყოფილა: 

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა  უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებზე, ყირიმთან ახლოს, სადაც ვარჯიშებს ატარებს, თავი მოუყარა დაჯგუფებას, რომელშიც 220 ათასი კაცი, 1800 ტანკი, 400-ზე მეტი შვეულმფრენი, 150 თვითმფრინავი და 60 გემი შედის. ეს  რამდენჯერმე აღემატება უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობას. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი მხოლოდ ორი კომპონენტი დარჩა - ტაქტიკა და საბრძოლო სული“


უკრაინის გარდამავალი მთავრობის თავდაცვის მინისტრის ამ ინფორმაციამ საგონებელში ჩააგდო არა მხოლოდ უკრაინელი კანონმდებლები, არამედ ცნობილი სამხედრო ექპერტებიც, რომლებსაც ბევრად უკეთესი წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე. მიხაილო სამუსი, პრაღაში მცხოვრები უკრაინელი სამხედრო მიმომხილველი, მინისტრ ტენიუხის ანგარიშს კატასტროფულს უწოდებს და მინისტრის „დეზინფორმირებულობასაც“ არ გამორიცხავს:

„გამოდის, რომ უკრაინაში, მისი ტერიტორიის გათვალისწინებით, 200 ათასკაციანი არმიიდან, პრინციპში, ბრძოლა მხოლოდ 6 ათასს შეუძლია. შესაძლოა ეს გამიზნული დეზინფორმაცია იყოს. არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ ეს ასე არაა. რადგან, ჩემი მონაცემებით,  შეიარაღებული ძალების მხოლოდ სპეცდანიშნულების ნაწილებს თუ ავიღებთ, სადესანტო და საზღვაო ქვეით ძალებს და დაზვერვას, მარტო ეს გამოვა 20 ათას კაცამდე. რას გულისხმობდა [მინისტრი ტენიუხი] 6 ათასში არ ვიცი. ეს საშინელი რიცხვია, რაც იმაზე ლაპარაკობს, რომ რუსეთის საფრთხის წინაშე მყოფი უკრაინა მძიმე და სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება“. 

სწორედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ასეთმა სავალალო მდგომარეობამ აიძულა ფორსმაჟორულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში მყოფი უკრაინის ხელისუფლება, მოემზადებინა ინიციატივა 14 წლის წინ გაუქმებული ეროვნული გვარდიის სტრუქტურის აღსადგენად. 13 მარტს, პროფილურ კომიტეტებში ორდღიანი განხილვის შემდეგ, უკრაინის „ვერხოვნა რადამ“ მხარი დაუჭირა მთავრობის შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით რეზერვისტებისა და მოხალისეების ნაწილობრივ მობილიზებასაც ითვალისწინებს: 

"შემოვდივართ წინადადებით, უკრაინის შინაგანი ჯარების ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ ეროვნული გვარდია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა და მისი მოქალაქეები ნებისმიერი ბოროტმოქმედებისაგან, საშინაო და საგარეო აგრესიისაგან. გთავაზობთ, გამოვაცხადოთ ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების დასაკომპლექტებლად“. 

უკრაინის სტრატეგიული მიზანი და ამოცანა

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის ალექსანდრ ტურჩინოვის  განკარგულებით, უკრაინის  უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ეროვნული გვარდიის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურის შექმნა, რაიონულ გამწვევ განყოფილებებს კი, დაახლოებით, 33 ათასამდე რეზერვისტისა და მოხალისის მობილიზება დაევალათ. თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა არც იყოს საბოლოო და, ქვეყნის წინაშე მდგარი საშინაო და საგარეო საფრთხეების გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლებას ორჯერ მეტი ცოცხალი ძალის მობილიზება მოუხდეს. პატრიოტული სულისკვეთება უკრაინაში მაღალია, კომისარიატებს არ გაუჭირდებათ ეროვნული გვარდიის დაკომპლექტება. მაგრამ შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში აქცენტი ხარისხზე უნდა გაკეთდეს და არა რაოდენობაზეო, - შენიშნავს სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი და აფრთხილებს უკრაინის ხელისუფლებას, თავიდან აიცილოს ეროვნული გვარდიის ზედმეტი რეგიონალიზაციისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელობის პოლიტიზების საფრთხე: 

„ვთვლი, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე მთავარია თავიდან იქნეს აცილებული ზედმეტი რეგიონალიზაცია, ანუ არ შეიძლება თავიდანვე მოხდეს დაყოფა, რომ ეს არის დასავლეთ უკრაინის, ლვოვის გვარდია, ის კიდევ, ვთქვათ, ხარკოვის ეროვნული გვარდია. და არ უნდა მოხდეს ქვედანაყოფების პოლიტიკური

თუ იდეოლოგიური ნიშნით გარჩევა“.


ეროვნული გვარდიის ფორმირებით უკრაინის ხელისუფლება ორ მთავარ მიზანს ისახავს: ერთი მხრივ, უზრუნველყოს ქვეყნის საიმედო დაცვა სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, მეორე მხრივ კი, შესაძლებლობა მისცეს უკრაინის რევოლუციური „მაიდნის თავდაცვის“ აქტივისტებს შეიძინონ სტატუსი და ოფიციალურ სტრუქტურაში გაერთიანებით თავიდან აიცილონ მარგინალიზების საფრთხე.  „უკრაინაში უკვე წამოყვეს თავი რევოლუციის დამცველთა სახელებს ამოფარებულმა დამნაშავეთა ჯგუფებმა, რომლებიც ჩვენი პატიოსანი სახელის განადგურებაზე მუშაობენო“, - განაცხადა 13 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე „მაიდნის  თავდაცვის“ ერთ-ერთმა ასმეთაურმა, ანატოლი ჟორნოვოიმ, რომელსაც მხედველობაში ჰყავდა ჯგუფი, სახელწოდებით „კასკადი“.  

ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შესუსტებამ ასეთი „კასკადებისა“ და თვითმარქვია დაჯგუფებისათვის ისეთივე ნოყიერი ნიადაგი შექმნა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, როგორიც, ვთქვათ, საქართველოში იყო 1990-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაინც ყირიმშია, სადაც უკრაინის არმიის ქვედანაყოფები სამი კვირაა ბლოკირებული ჰყავთ სავარაუდო რუს სამხედროებს. თუმცა, უკრაინელი სამხედროების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ამ უმძიმეს ვითარებაში ინარჩუნებენ სიმშვიდეს და სამხედრო ფიცის ერთგულებას.

„ყირიმში ჩვენი ჯარისკაცები პასუხისმგებლობითა და ვაჟკაცურად ასრულებენ მოვალეობას. რუსეთმა ვერ მოახერხა ჩვენი ჯარისკაცების პროვოცირება იმ სქემით, რომელიც აფხაზეთში განახორციელა. როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ ეს სქემა არ მოქმედებს, მათ დაიქირავეს აგიტატორები, რომლებმაც გაავრცელეს პროპაგანდა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში სასწრაფო სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, რაც აღმოსავლეთ საზღვრებს და მთელ უკრაინას პირდაპირი აგრესიის საფრთხეს უქადის. ეს არ მოხდება!“ - განაცხადა 11 მარტს „უმაღლესი რადის“ სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა.

ყირიმის კონტექსტში „აფხაზეთის სქემის“ ხსენება შესაძლოა ვინმეს ნიშნის მოგებად ანდა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კრიტიკად მოეჩვენოს, მაგრამ უახლეს ისტორიაში რუსეთის პროვოკაციული სცენარების გათვალისწინებისა და გარდამავალ ეტაპზე „სტრატეგიული მოთმინების“ დემონსტრირების გარეშე, უკრაინის ხელისუფლება შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ანდა დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლებზე სწავლაც კიევს ძალიან ძვირი დაუჯდება.