ღმერთი არავის არ გაუწყრეს და რაიმე არეულობა, კანონის დარღვევა არ მოინდომონ. ვისაც რისი გაპროტესტება უნდა, კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში გააპროტესტონ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, არეულობის მოწყობის საშუალება არავის მიეცემა.
„ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, რეალურად არავითარ ოპოზიციას არ წარმოადგენენ. მათი ე.წ. პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ გარედან მიღებული დავალების შესრულებას უკავშირდება. ზუსტად იგივე შემთხვევა გვაქვს მაგალითად IRI-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან დაკავშირებით. იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც მომზადებულია ყველა ქვეყანაში, სადაც კი დიფ სთეითი ცდილობს, რომ საკუთარი მართული ადამიანები მოიყვანოს ხელისუფლებაში, ერთი ნარატივით მოქმედებენ.
ღმერთი არავის არ გაუწყრეს და რაიმე არეულობა, კანონის დარღვევა არ მოინდომონ. ვისაც რისი გაპროტესტება უნდა, კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში გააპროტესტონ. ჩვენ უარს არ ვიტყვით ოჯახური ღირებულებების კანონზე, არ მივცემთ საშუალებას, რომ შესაძლებლობა გაჩნდეს ბაღებში და სკოლებში ლგბტ კამპანიისა. ამავდროულად უარს არ ვიტყვით გამჭვირვალობის კანონზე“, - აღნიშნა გორდულაძემ.
IRI-ის პროგრამების დირექტორის სამოქმედო გეგმა, რომელიც ქართული ოპოზიციისთვის შემუშავდა და რომელზედაც „ქრონიკამ“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, დადასტურდა. ოპოზიცია და მესამე სექტორი გეგმაში გაწერილი პუნქტებით მოქმედებს. დიპიროს გეგმის ნაწილი იყო სექტემბერში აქციის გამართვა, რაც ოპოზიციამ უკვე დააანონსა.