სააკაშვილი საქართველოში რევანშითა და მაიდნით დაბრუნებაზე ოცნებობს!

სააკაშვილი საქართველოში რევანშითა და მაიდნით დაბრუნებაზე ოცნებობს!

საქართველოს პარლამენტმა უკვე რიგით მესამე რეზოლუცია მიიღო უკრაინის ამბებთან დაკავშირებით! რამდენად წაადგება საქართველოს ასეთი დაჟინებული მხარდაჭერა „გმირი უკრაინელი ხალხისადმი რუსეთის იმპერიასთან ბრძოლაში?!“ – ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს ნანა დევდარიანს:

– საქართველოს პარლამენტი ასე გაუთავებლად რომ ირჯება „უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ისევ ნაციონალური მოძრაობის კარნახით ადგენს დღის წესრიგს!..

ჩვენზე ბევრად მნიშვნელოვანი და ძლიერი ქვეყნები, თუკი მათ ეროვნულ ინტერესებს არ ეხება, ასეთ ხმამაღალ განცხადებებს არ აკეთებენ! მაგალითად, კანადა, უკრაინის მოვლენების გამო, შეუერთდა რაღაც სანქციებს! არადა, კანადას უკრაინა კი არ აღელვებს, არამედ თავისი ანგარიშები აქვს რუსეთთან, რომელსაც არქტიკაში მდებარე წიაღისეულს ედავება!..

ლატვია, მაგალითად, არ დაეთანხმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს! იმიტომ, რომ ლატვიის პორტ კლაიპედათი გადის რუსული ნავთობი ევროპაში და ამ ტრანზიტის საფასურად ლატვია გატარებული ნავთობის 10 პროცენტს იტოვებს!

ამ სანქციებს არ უერთდებიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, რომლებსაც თავ-თავიანთი ეკონომიკური ინტერესები აქვთ რუსეთთან თანამშრომლობაში! მაგალითად, საფრანგეთი არც აპირებს, გადახედოს რუსეთისთვის „მისტრალის“ ტიპის ავიამზიდის მიყიდვის კონტრაქტს, რადგან ეს მილიარდობით დოლარის მოგებაზე და ათასობით ფრანგის დასაქმებაზე უარის თქმას ნიშნავს!

და საქართველო სად ეკვეხება, ბოდიში გამოთქმისთვის?!

სააკაშვილი საქართველოში რევანშითა და მაიდნით დაბრუნებაზე ოცნებობს! ამ ბოდვით იდეებს უნდა შევწიროთ ქვეყანა?!

კაცი წუხდა, ადრე სულ რაღაცას ვხსნიდი, ლენტებს ვჭრიდი, ახლა კი ძალიან უსაქმურად ვარო და აგერ, ბატონო, მონახა საქმე უკრაინაში!

არადა, უკვე მერამდენედ ხდება, რომ დასავლეთი საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, ძალადობითა და სისხლისღვრით ცვლის უცხო ქვეყნის ხელისუფლებას!..

– ანუ თქვენ ეჭვიც არ გეპარებათ, რომ უკრაინაში დასავლეთმა მოაწყო სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება?

– ეს ხომ დიდი საიდუმლო არავისთვის არ არის?! ზუსტად ასეთი სცენარით მოხდა სახელმწიფო გადატრიალება ეგვიპტეში, ლიბიაში! სირიაშიც იგივე დაიგეგმა, ოღონდ, არ გამოუვიდათ!..

რაღა შორს წავიდეთ, ხომ გამოქვეყნდა სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ვიქტორია ნულანდსა და უკრაინაში ამერიკის ელჩს შორის, სადაც ქალბატონი ნულანდი ჯერ კიდევ იანუკოვიჩის კიევში ყოფნისას ეუბნება თავისი ქვეყნის ელჩს, პრემიერ-მინისტრად კლიჩკო კი არა, იაცენიუკი უნდა იყოსო?!

ისე, ქალბატონ ვიქტორია ნულანდის ნამდვილი გვარი ნუდელმანია და ადამიანი, რომელსაც საკუთარი მამის გვარიც კი არ უნდა, სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე იზრუნებს?!

გარდა ამისა, ასევე გამომზეურდა სატელეფონო საუბარი ევროკომისარ კეტრინ ეშტონსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, რომელშიც ბალტიისპირელი დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ მაიდანზე მოქმედი სნაიპერები იანუკოვიჩის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები კი არა, „დემოკრატიული ოპოზიციის“ დაქირავებული მკვლელები იყვნენ!..

– და „ცივილიზებული დასავლეთი“ რატომ არ შეშფოთდა უკრაინის ახალი ხელისუფლების მხრიდან იანუკოვიჩის მთავრობის წევრთა აშკარა ტერორზე და კაბინეტებიდან წიხლებით გამოყრაზე?!

– იმიტომ, რომ ხელს არ აძლევთ ამაზე შეშფოთება!..

ამ რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა სრულიად ამაზრზენი ვიდეოკადრები, როგორ დაარბიეს უკრაინელმა „ბენდერელებმა“ მართლმადიდებლური ეკლესია! ამ ფაშისტებმა ალყა შემოარტყეს ეკლესიას, სადაც წირვა იმართებოდა და მრევლი გალობდა: „უფალო შეგვიწყალენს...“ „ბენდერელები“ კი გარედან უყვიროდნენ – თუ გინდათ, რომ შეგიწყალოთ, გამოდით გარეთო! შემდეგ შეამტვრიეს კარი, სასტიკად სცემეს მრევლი და დალეწეს იქაურობა!..

– თქვენი აზრით, დასავლეთმა უკრაინა დაშლისთვის გაწირა?

– დასავლეთს, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა რომ არაფრად უღირს, ეს კოსოვოს მაგალითზეც კარგად გამოჩნდა!

ანდა, რაღა შორს მივდივართ, აგვისტოს ომით ამერიკელების მარიონეტმა სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ დაარღვია?! რომელი ჭკუათმყოფელი იფიქრებს, რომ ამერიკას არ შეეძლო სააკაშვილის შეჩერება, სანამ ის ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა ცხინავლში?!

– რუსეთი, თქვენი აზრით, შეიერთებს ყირიმს, რომლის პარლამენტმაც ოფიციალურად გამოთქვა ნახევარკუნძულის რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გახდომის სურვილი?!

– მე თუ მკითხავთ, რუსეთი ბევრად უფრო ფრთხილად ეპყრობა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ვიდრე დასავლეთი!

რუსეთს ჯერ არცერთი ჯარისკაცი არ შეუყვანია ყირიმში, რადგან იქ საკმარისი რაოდენობის სამხედრო ძალა ჰყავს! გარდა ამისა, პუტინი იძულებულია, დაიცვას დაახლოებით 20 მილიონი რუსი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს!.. აბა, რომელი ნორმალური ქვეყანა მოითმენს, როდესაც თუნდაც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მის მოქალაქეებს ტაძრებში უვარდებიან და არბევენ?

– დაბოლოს, იმ მოარულ ხმებზეც გკითხავთ, რაც ნაცმოძრაობისა და რესპუბლიკელების სამომავლო ალიანსს უკავშირდება!..

– როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის კი ყველასთვის ცნობილია, რომ „ოცნების“ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკელები და ალასანიას პარტიის წევრები სულ რამდენიმე წლის წინათ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის თანამოაზრეები იყვნენ! ლევან ბერძენიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის თანათავმჯდომარე იყო სააკაშვილთან ერთად, ხოლო ალასანიას ეს „ელჩების პარტია“ ძირითადად იმ ხალხისგან შედგება, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებაში წლების განმავლობაში მუშაობდა!

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი რესპუბლიკელები და ალასანიელები მსოფლმხედველობით „ნაცებთან“ უფრო ახლოს რომ არიან, ვიდრე ბევრ თანაკოალიციელთან, ამას წყალი არ გაუვა!

მოკლედ, ბევრი რამ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილზეა დამოკიდებული, რომელიც, ალბათ, ერთადერთია „ოცნებაში“, ვინც ადეკვატურად იქცევა და დიდი იმედი მაქვს, მომზადებული შეხვდება „ოცნების“ ციხის შიგნიდან გატეხის მცდელობებს!..