რა როლი აქვს საქართველოს ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და როგორ ცდილობს ხელისუფლება ამ როლის გამოყენებას?
როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებს, ქვეყნის საგარეო კურსი არის მრავალვექტორიანი, რომელიც დასავლურ ინტეგრაციასთან ერთად გულისხმობს პრაგმატული და პარალელური კავშირების შენარჩუნებასა და გაღრმავებას ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიცაა ჩინეთი, არაბეთის ქვეყნები და რეგიონული მოთამაშეები.
ამ პოლიტიკას მმართველი გუნდი ხშირად „ბალანსის პოლიტიკას“ ან „პრაგმატულ საგარეო კურსს“ უწოდებს. თუმცა, ოპოზიციისა და დასავლეთის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა განცხადებები, რომ ეს არის საგარეო კურსის ცვლილება და სტრატეგიული პარტნიორების ჩანაცვლების მცდელობა.
ხელისუფლება ამ კრიტიკას პასუხობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობას დასავლეთის ალტერნატივად კი არა, არამედ „დამატებითი შესაძლებლობად“ განიხილავს. პარალელურად, „ქართული ოცნება“ ცდილობს რეგიონული ბალანსის შენარჩუნებას, რაც აშკარად ვლინდება თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტაბილურ ურთიერთობებში. ეს ურთიერთობები ძირითადად ენერგეტიკულ, სატრანზიტო და უსაფრთხოების საკითხებს ეფუძნება.
რაც შეეხება არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობას, ხელისუფლება არგუმენტად ასახელებს საერთაშორისო პარტნიორების გაფართოების საჭიროებას ქვეყნის ეკონომიკური სარგებლის მაქსიმიზაციისთვის.
ამ პირობებში მმართველი გუნდი კვლავ გამოხატავს ერთგულებას ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის მიმართ. 2023 წელს ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც დასავლეთთან თანამშრომლობის გაგრძელებას უნდა უწყობდეს ხელს. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების დაბალანსებული და მრავალვექტორიანი პოლიტიკა დასავლურ პარტნიორებში ეჭვს ბადებს, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ საგარეო ვექტორის შეცვლაში ადანაშაულებენ.
ამ კონტექსტში საყურადღებოა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც მან თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა: „სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო არაერთი ომია. ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ მშვიდობის მნიშვნელობაზე. ძალიან დიდია ამ ყველაფერში ზესახელმწიფოების როლი, როცა ვსაუბრობთ გლობალური მასშტაბით მშვიდობის განმტკიცებაზე. ვფიქრობ, რომ ჩინეთი არის სწორედ ის ზესახელმწიფო, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს. ბოლო 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არც ერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა. ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო პროგრესზე, მოდერნიზაციაზე, ეკონომიკის განვითარებაზე – და შედეგებიც სახეზეა. კიდევ ერთხელ განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ამ სახელმწიფოს როლი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის უზრუნველყოფაში“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით კი საქართველოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რაც მოითხოვს მეზობლებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას: „როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის როლზე, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარებაზე, აქ, რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელობას იძენს ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობები და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობები. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი პოლიტიკა სათავეს აფხაზეთის ომის შემდგომ პერიოდიდან იღებს. მისი შეფასებით, მაშინდელმა ხელისუფლებამ დასავლეთისკენ მიმართული კურსი მემკვიდრეობით მიიღო და გააგრძელა, თუმცა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე დღეს უფრო პრაგმატულ და დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი კი საქართველოს, როგორც ხიდის როლის განმტკიცებაა ევროპასა და აზიას შორის.
„აფხაზეთის ომის შემდეგ შევარდნაძემ და ალიევმა, რომელსაც ასევე ყარაბაღის კონფლიქტი ჰქონდა, გააკეთეს დასკვნა, რომ დასავლეთს, თუ კონკრეტული ინტერესი არ ექნებოდა, ისე დახმარებას არ გაუწევდათ. სწორედ ამ დროს გაჩნდა ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი. ამ პროექტის გაჩენის შემდეგ ევროპასა და ამერიკას გაუჩნდა საქართველოს მიმართ ინტერესი. დასავლეთი მიხვდა, რომ ჩვენი ყველაზე ძლიერი ფუნქცია სატრანზიტო დერეფანია. ამ მემკვიდრეობაზე დღესაც აკეთებს აქცენტს „ქართული ოცნება“ და ცდილობს, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაზარდოს და შეასრულოს ის მისია, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მიმზიდველს ხდის,“ – ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსის აზრით, ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ტრანზიტი ჩინეთიდან ევროპისკენ – ეს არის გეგმა, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობას მიანიჭებს როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად: „ამ ორ მნიშვნელოვან წერტილს შორის – ჩინეთსა და ევროპას შორის – საქართველო ცდილობს ხიდის ფუნქცია შეასრულოს. კავკასიაში ეს გზა აზერბაიჯანი–საქართველოს ხაზზე გადის. ვისაც ჩინეთი არ მოსწონს, ის ამ პროექტსაც ეწინააღმდეგება. დასავლეთი პირდაპირ ვერ ამბობს, რომ საქართველოში ჩინეთი არ შემოუშვათო, მაგრამ სხვადასხვა გზით ცდილობს ამის დაბრკოლებას. რუსეთიც შემოაქვთ ამ ნარატივში. საქართველოს მხრიდან ომში ჩართვაზე უარის თქმამ მათ მისცა ბერკეტი, რომ რუსეთის თემა გაეძლიერებინათ. ამიტომაც ვხედავთ წარმოუდგენელ ზეწოლასა და თავდასხმას საქართველოს ხელისუფლებაზე“, – აღნიშნავს საყვარელიძე.
მისივე თქმით, დასავლეთისგან წამოსული კრიტიკა წამოვიდა იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ არ სურთ საქართველომ სრულად გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური პოტენციალი:
„სწორედ მსგავსი სცენარი ვიხილეთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც – ამერიკელებმა თქვეს, ჩინელებს არ ააშენებინოთო. ქართველებმა შესთავაზეს, მაშინ თქვენ ააშენეთო – და ისიც არ ისურვეს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა „ქართული ოცნების“ მცდელობა, რომ უკრაინის ომის შემდეგ ბოლომდე არ იყოს დამოკიდებული დასავლეთზე და გამოიყენოს ჩინეთის გავლენა რუსეთთან მიმართებაში უსაფრთხოების გარანტიების კუთხით – საყვარელიძე ამ ვერსიას სრულად იზიარებს:
„დიახ, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ჩინეთს რუსეთთან, გარკვეულწილად, უმცროსი ძმის როლი აქვს. ამიტომ შესაძლოა, რომ ჩინეთი კონფლიქტების დარეგულირებაშიც გამოგვადგეს. შუა დერეფანი სწორედ კონფლიქტურ რეგიონებზე უნდა გავიდეს, რაც ჩინეთის ინტერესებში არ შედის. ჩინეთის ელჩმაც არაერთხელ განაცხადა, რომ თუ შევძლებთ, დაგეხმარებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიო. მით უმეტეს, რუსული საფრთხის წინაშე პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანა დგას.
ამ ვითარებაში ჩინეთთან მეგობრობა შესაძლოა გახდეს თავდაცვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი“, – ამბობს საყვარელიძე.