თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილება-არმონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში განხეთქილების საგნად იქცა - ერთი ნაწილი ეთანხმება მონაწილეობის მიღებას, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იქნება ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. ოპოზიციური ძალები ამ თემაზე ერთმანეთს დისკუსიასა და დებატებს სთავაზობენ - „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოპოზიციურ ძალებთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს. აღნიშნული განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას კომენტარს მოჰყვა, რომელიც მზად არის პირდაპირ ეთერში დაასაბუთოს, რატომ აზიანებს „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლის პროცესს, თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საუბარი უნდა შედგეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე - ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით: „მზად ვარ შეხვედრისთვის და დიალოგისთვის, როგორც ყოველთვის. ეს საუბარი უნდა შედგეს პრეზიდენტის პლატფორმაზე, ოთხივე ბარიერგადალახული კოალიციის მონაწილეობით“, - დაწერა ხაზარაძემ.
ელენე ხოშტარიამ კი დაწერა: „მე მზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო რატომ აზიანებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ბიძინას არჩევნებად წოდებულში გასვლა, ვრცლად ვსაუბრობ ტელევიზიებში ამაზე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, მათ შორის დებატში. ასევე მზად ვარ პუნქტობრივად მოვყვე რა უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ არგასვლის პარალელურად და დავასაბუთო, რომ ის ნაბიჯები რეჟიმს დაასუსტებს. ახლა მაინტერესებს, ვინც მხარს უჭერს გასვლას ახსნას ბრძოლის კონკრეტულად რა სტრატეგიაა ეს? ერთი მოვისმინე - ხალხმა დაინახოს რომ აყალბებსო? ცოტა მეტად რომ ახსნათ? ანუ ის კი არ მოჰყვეთ, აბა, რა ვაკეთოთო, გასვლით რას ვაღწევთ ბრძოლაში, ეგ მოყევით“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუკი ოპოზიცია უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი პოლიტიკური გავლენები და პოტენციალი კიდევ უფრო მეტად შემცირდება.
„ოპოზიციაში ეს საკითხი უკვე გახდა განხეთქილების საგანი, რადგან ამ ოპოზიციური ოთხეულიდან ორი, მეტ-ნაკლებად, გამოთქვამს მზადყოფნას და სურვილს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რაც არღვევს იმ კონსენსუსს და სოლიდარობას, რაც აქამდე ოპოზიციაში იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, შედგება ერთობლივი შეხვედრა და გაივლიან ყველა საკითხს, სადაც პოლიტიკოსები საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენენ.
არჩევნებში არმონაწილეობის შემთხვევაში რა პერსპექტივა ელით მათ?! - დარჩებიან თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარი წარმომადგენლობის გარეშე, რაც პარტიის გავლენას და პოლიტიკურ პოტენციალს ამცირებს. იმის იმედი, რომ ხელისუფლების იძულება მოხდება მან საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, ან ხელისუფლების დამხობა მოხდება რევოლუციური გზით, ოპოზიციამ ჩააბარა წარსულს, რადგან ვხედავთ, რომ არც საპროტესტო ელექტორატში არის რევოლუციური განწყობები და არც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილა, როგორც ვარაუდობდნენ - ეკონომიკური სიტუაციაც, მეტ-ნეკლბად, მდგრადია.
ოპოზიციას ცუდი პერსპექტივა აქვს, თუკი ამ შანსზეც უარს იტყვის და არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხომ უნდა შეამოწმონ მათი ელექტორალური ბაზა რა მდგომარეობაშია და ამის საუკეთესო საზომი არის არჩევნებში მონაწილეობა“, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან სხვა რაიმე პოლიტიკური ბერკეტი მას არ აქვს.
„ვფიქრობ, გამოსავალს ეძებს ოპოზიცია და ამიტომ არის აზრთა სხვადასხვაობა და დებატები. ზოგადად, ორივე მიდგომას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ამას არგუმენტირება სჭირდება. მგონია, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან დღეს სხვა რესურსს ვერ ვხედავ, რომ მოხდეს ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება და ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყება, თუნდაც საპროტესტოსი - სხვა შემთხვევაში, ოპოზიციას რესურსი არ გააჩნია. დისკუსიაში ჩართვა პრობლემა რატომ უნდა იყოს?! - პოლიტიკაში ხარ და გინდა თუ არ გინდა, მოწინააღმდეგესთანაც გიწევს საუბარი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.