რა არის რეალურად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირების მიზეზი - კანონპროექტის გამო დაწყებული დაპირისპირება თუ სახელისუფლებო ჯგუფებს შორის გავლენების გადანაწილების გამო ბრძოლა?
ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვერსიის მიხედვით, ზედაპირზე სულ სხვა რამ ჩანს, თუმცა მის ქვემოთ რეალურად რადიკალურად განსხვავებული პროცესები მიმდინარეობს - კონფლიქტი, რომლის უკან „დიფ სთეითის“ კვალი იკვეთება.
„დიფ სთეითი“ განსაკუთრებით აქტიურ ქმედებებზეა გადასული. სწორედ ამ დიდი გეგმის მცირე ნაწილია ტრამპისა და მასკის დაპირისპირება, რომელშიც საზოგადოებას უნდა დარჩეს ერთადერთი განცდა - მასკი არის მართალი, ხოლო მისი იდეები - ჭეშმარიტი“, - ამბობს ზაზა შათირიშვილი.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი კი for.ge-თან კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობს, კერძოდ, მასკისა და ტრამპის კონფლიქტით ახლა ყველაზე მეტად, შესაძლოა, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სარგებლობს. მისი აზრით, თუ ვინმე შეიძლება „დიფ სთეითის“ მხრიდან დასაყრდენ ფიგურად განიხილებოდეს, ეს მარკო რუბიოა.
ახვლედიანის ვერსიას ის გარემოებაც ამყარებს, რომ რუბიო თეთრ სახლში ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანია, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მაღალი თანამდებობა უკავია. ის იკავებს თანამდებობებს როგორც ადმინისტრაციაში, ასევე სენატში.
რუბიო სახელმწიფო მდივნად 2025 წლის 21 იანვარს დაინიშნა.
2025 წლის 1 მაისიდან ის გახდა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი.
ასევეა ის მოქმედი USAID-ის ხელმძღვანელია და ამ თანამდებობაზე თებერვალში დაინიშნა.
ამ ფონზე დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირება ახალ მასშტაბებს იძენს. გამოცემა Rolling Stone-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან მაღალჩინოსნებს უკავშირდებიან და სთხოვენ, დააფიქსირონ, ვის მხარეს დგანან.
„ისინი უკვე დაუკავშირდნენ რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის - პარტიის მსხვილ შემომწირველებს და სთხოვეს აირჩიონ, ვის მხარეს დგანან ამ მელოდრამაში. ისინი მასკის მეგობრების გადაბირებას ცდილობენ“, - ნათქვამია სტატიაში.
ყველაზე დიდი მოკავშირეები ახლა, შესაძლოა, ყველაზე დიდ მტრებად იქცნენ - დონალდ ტრამპი ილონ მასკის წინააღმდეგ ყველაზე გავლენიანი, ყველაზე მდიდარს უპირისპირდება. ამერიკის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, მისი უკვე ყოფილი მრჩეველი და „ტესლას“ დამფუძნებელი კი ხმამაღლა ამბობს: „რომ არა ის, ტრამპი არჩევნებს წააგებდა“.
პოლიტიკურ თემებზე დაწყებული უთანხმოება მალევე პირად საკითხებზე გადავიდა და გაჟღერდა საკმაოდ მძიმე ბრალდებები. ილონ მასკმა უკან დასახევი გზა მოიჭრა და პირდაპირ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სახელი ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს.
სადამდე მივა დაპირისპირება ჯერ არავინ იცის, თუმცა შედეგები უკვე სახეზეა - „ტესლას“ აქციები 15%-ით გაუფასურდა და კომპანიამ დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც ელექტრომობილების მწარმოებლის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნაა.
მედიაში ვარაუდობდნენ, რომ თითქოს ტრამპსა და მასკს პარასკევს უნდა ესაუბრათ, თუმცა ეს კომუნიკაცია არ შედგა.
რაც შეეხება მათ დაპირისპირების მიზეზებს, ერთ-ერთი ვერსიით, ეს არის კანონპროექტი, რომელსაც „დიდი და ლამაზი კანონპროექტი“ ჰქვია.
5 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ილონ მასკით იმედგაცრუებულია - მისი მხრიდან საბიუჯეტო კანონპროექტის კრიტიკის გამო.
მასკი ტრამპის „დიდ და ლამაზ კანონპროექტს“ იმ მოტივით აკრიტიკებს, რომ მისი ამოქმედება საბიუჯეტო დეფიციტს გაზრდის. 5 ივნისს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მასკის უკმაყოფილების რეალური მიზეზი ელექტრომობილებისთვის საგადასახადო შეღავათების შემცირებაა.
ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, საჯარო სივრცეში ტრამპისა და მასკის დაპირისპირების შემდეგ თეთრი სახლის წარმომადგენლები შიდა, პირადი კომუნიკაციით ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალებას, თუმცა „ეპშტეინის ფაილების“ შესახებ მასკის ბრალდების შემდეგ გამოსავლის ძიება გართულდა.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის დაპირისპირების გამოყენებას, რა თქმა უნდა, დემოკრატები შეეცდებიან და არც ის არის გამორიცხული, რომ ამ კონფლიქტით სარგებლობა „დიფ სთეითსაც“ სურს. თუმცა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ თუ ილონ მასკი პარტიას შექმნის, ის კიდევ უფრო კონსერვატული იქნება, ვიდრე ტრამპი და მისი გუნდია.
„მასკი იმაზე ულტრამემარჯვენეა, ვიდრე ტრამპია. ვნახეთ, რომ მან საპრეზიდენტო იდეალურ კანდიდატად ჯეი დი ვენსი მიიჩნია და მხარი ღიად დაუჭირა. ამიტომ მცდელობა იმისა, რომ ლიბერალურმა ფლანგმა მასკი საკუთარ მოკავშირედ წარმოაჩინოს ძალიან დიდი შეცდომაა. ის მათ ფალავანად ვერ გამოდგება, რადგან მასკის ცხოვრებისეული რეალობა და მსოფლმხედველობა რადიკალურად განსხვავდება ლიბერალებისგან. ამიტომ მათი მცდელობა ვერ იქნება რეალიზებული. ამ კონფლიქტით კი ყველაზე მეტად სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სარგებლობს. მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ დღეს თუ ვინმე თეთრ სახლში ტრამპის პოლიტიკას საფრთხეს უქმნის, ეს მარკო რუბიოა. „დიფ სთეითი“ თუ ოლიგარქიული კლანია, რომელიც კულუარულად ცდილობს ამერიკის ხელისუფლების მართვას - ეს ადამიანები ყველაზე მეტად მარკო რუბიოს აკონტროლებენ და მასზე დიდი გავლენა აქვთ“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ახვლედიანის პოზიციით, რუბიო არის ადამიანი, რომელიც შესაძლოა „დიფ სთეითის“ პოლიტიკის დასაყრდენი ძალა იყოს.
„გავიხსენოთ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი USAID-თან დაკავშირებით, როცა ვნახეთ, რომ მასკმა, რომელმაც ეს სისტემა სრულად დაანგრია, რუბიომ ის პრაქტიკულად გადაარჩინა. მართალია, იმ სისტემით ვეღარ ფუნქციონირებს, მაგრამ მისი შენარჩუნება რუბიომ მაინც შეძლო. მასკი, რომელიც ამბობდა, რომ ამ ორგანიზაციისთვის ერთი დოლარის მიცემაც კი დამღუპველია, რუბიომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ორგანიზაცია სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადასულიყო. ეს იყო ზუსტად „დიფ სთეითის“ და ოლიგარქიული მმართველობის ინტერესი. ამიტომ ეს არის ადამიანი, რომელიც ტრამპისთვის მასკზე დიდი პრობლემა გახდება. რუბიო ტრამპთან პრაიმერში დამარცხდა, ამიტომ მას წარმოუდგენლად აკრიტიკებდა. ტრამპი იძულებული გახდა, დაენიშნა სახელმწიფო მინისტრად, რადგან მისი მხარდამჭერების ხმები სჭირდებოდა. ამიტომ რუბიო ახლა თეთრ სახლში ყველაზე გავლენიანი და ბევრი თანამდებობის მქონე პირია, რომელიც მასკის თავიდან მოშორებით თავს ყველაზე კომფორტულად უნდა გრძნობდეს“, - ამბობს ახვლედიანი.