დაიწყო თუ არა საქართველო –აშშ-ს შორის ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ეტაპი და რა ნაბიჯები მოწმობს ამ ცვლილებას? ერთ-ერთი პირველი ნიშანი ამ ცვლილებისა შეიძლება იყოს საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მოულოდნელი გადადგომა. მიუხედავად დიპლომატიაში 20-წლიანი სტაჟისა, დანიგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც რიგი ეჭვები გააჩინა - განსაკუთრებით, საქართველო-ამერიკის ბოლო დროს გაუარესებული ურთიერთობის ფონზე. ამ ურთიერთობის გაფუჭებაში კი დანიგანის წვლილი არანაკლები იყო.
ელჩის გადადგომა ასევე ემთხვევა სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს თბილისში, რომელიც ტრამპის უახლოეს მეგობრად ითვლება. დეინსი დახურულ კარს მიღმა შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრა საქმიანი და „რადიკალურად განსხვავებული“ იყო.
ამ პროცესებს წინ უძღოდა რამდენიმე სკანდალი, რომელშიც ელჩი დანიგანი გაეხვა. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 26 მაისისადმი მიძღვნილ მილოცვის წერილს, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს გამოუგზავნა. დანიგანმა წერილის დედანი არ გაასაჯაროვა, რაც ასევე კითხვებს აჩენს.
შესაბამისად, მისმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილებამ ბუნებრივად გააჩინა კითხვა - დაიწყო თუ არა აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი?
მანამდე კი სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „ვაშინგტონში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პროცესში გარკვევას ცდილობენ“.
ანალიტიკოსების შეფასებით, დიდი ალბათობით, ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიის მიმართ ახალ, პრაგმატულ სტრატეგიას ავითარებს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებებთან ურთიერთობების გადახედვასაც გულისხმობს.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებით საინტერესოა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორისა და გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის პრეზიდენტის, ჯეფრი საქსის განცხადება თბილისში ვიზიტისას, რომელიც ზუსტად ამ არგუმენტების გამყარებას ემსახურება.
მისი თქმით, ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია ტრანსპორტისა და ვაჭრობის დერეფნების გარეშე, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია:
„როგორ შეიძლება ეკონომიკური კეთილდღეობის განხილვა სახმელეთო დერეფნების გარეშე, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ შუა დერეფანში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში, რომელიც აკავშირებს რუსეთს, სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეს? ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია სატრანსპორტო ქსელების, ვაჭრობისა და ურთიერთდაკავშირების გარეშე. ეს ყველაფერი მოითხოვს მშვიდობას“, - აღნიშნა საქსმა.
მმართველ გუნდში კი დადებითი მოლოდინია აშშ-ის ახალი ელჩის მიმართ. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ხელისუფლება ურთიერთობების გადატვირთვას ელოდება.
„წარმატებებს ვუსურვებ დანიგანს პენსიაზე გასვლის შემდეგ, თუმცა ვფიქრობ, რომ მისია, რომელიც მას ეკისრებოდა - სახელმწიფოთა ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრა - ვერ შეასრულა. ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ველოდებით გადატვირთვის პოლიტიკას“, - განაცხადა ზარქუამ.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან იმ პათოსს იზიარებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სამხრეთ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა ახალი სტრატეგიით დაიწყო. ამის დამადასტურებელ ინდიკატორად კი რამოდენიმე გარემოებას ასახელებს.
„პირველ რიგში, რაც ამ ეტაპზე ყველაზე თვალში საცემია და საკმაოდ კარგი ნიშნებია იმის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი სტრატეგიით ურთიერთობა დაიწყო, საელჩოების დონეზე რადიკალური ცვლილებებია. პირველ რიგში, მან რუსეთში, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი დანიშნა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დიპლომატი, რომელიც საქართველო–ამერიკის ურთიერთობებში ყველაზე წარმატებული ელჩი იყო. ამ ადამიანს უკავშირდება საქართველოს ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი, რომელსაც მან თავი საკმაოდ ღირსეულად და პრინციპულად გაართვა. ამას მოჰყვა უკრაინაში საკმაოდ ოდიოზური აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის მოხსნა, რითაც ტრამპმა თავისი წინამორბედის პოლიტიკას უკრაინაში ამ გადაწყვეტილებით განაჩენი გამოუტანა. მან განაჩენი გამოუტანა თავისი წინამორბედის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებითაც. აქ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, რობინ დანიგანის გადადგომა დაკავშირებულია იმასთან, რაც ბატონმა ტრამპმა ჯერ საქართველოს პრეზიდენტს, შემდეგ კი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მისალოც წერილებში უთხრა. ეს არის ამერიკასთან პარტნიორობა, საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა, სამხრეთ კავკასიის ხალხების კეთილდღეობისთვის პოლიტიკის გატარება. ამ ყველაფერს კი აცდენილი იყვნენ, როგორც კელი დეგნანი, ასევე რობინ დანიგანი“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, არც ერთი პუნქტი, რომელიც ტრამპის მილოცვებშია გაჟღერებული, რობინ დანიგანის მიერ არ იყო შესრულებული.
„აქვე მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომ რობინ დანიგანთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა მისი მოადგილე ალან პერსელი. ეს არის ფერადი რევოლუციების დიდი სპეციალისტი. ეს ადამიანი ლათინურ ამერიკაში, სომხეთში და მანამდე უკრაინის მაიდანშიც იღებდა ძალიან აქტიურ მონაწილეობას. ეს ადამიანი ჩამოიყვანეს საქართველოში როგორც თავისი საქმის პროფესიონალი. თუმცა მან თავის საქმეს თავი ვერ გაართვა და საქართველოში ფერადი რევოლუცია ვერ განახორციელა. ამიტომ დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ დანიგანთან ერთად ალან პერსელიც დატოვებს საქართველოს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საელჩოს ახალი ადმინისტრაცია და ელჩი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საკმაოდ არასახარბიელო ფაზის შემდეგ, ურთიერთობების ახალ ეტაპს დაიწყებს“, – ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ძალიან მარტივი ტესტით არის შესაძლებელი გავზომოთ ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ცვლილება საქართველოსთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში, ისევ დავეყრდნობი ტრამპის მისალოც წერილს, სადაც მხოლოდ პრაგმატიზმი ჩანს, ნახსენებია მეგობრობა, ასევე ეკონომიკური პარტნიორობა და ურთიერთობებზე საუბარი. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც უკვე მეხუთე თვეა მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის ღია ეთერები. ახლა წარმოიდგინეთ, წინა ადმინისტრაციის პირობებში რა განცხადებები და რეაქციები შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. ბაიდენის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი – დღე არ გავიდოდა, რომ არ გამოსულიყო და საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რამე კრიტიკული განცხადება არ გაეკეთებინა და თითი არ დაექნია. ახლა კი, არც ერთი განცხადება და შემობრუნებული სიტყვა, პრეტენზია თუ კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ ყოფილა. ესეც ხომ ერთ-ერთი ტესტია იმაზე, რას აქცევს ყურადღებას ახალი ადმინისტრაცია და რას – არა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაჯანსაღების საწინდარი პრაგმატული მიდგომები იქნება. იმედი მაქვს, ძალიან საინტერესო და ჯანსაღი ურთიერთობების დაწყების წინაპირობას ვხედავ“, - ამბობს ქართველიშვილი.