ამერიკის ელჩის რობინ დანიგანის გადადგომის შემდეგ, საქართველოში გაჩნდა ვარაუდი, რომ ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადახედვას გეგმავს. რამდენად პრაგმატულია ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა, როგორ იცვლება რეგიონის სტრატეგიული წონა და რა უნდა ქნას თბილისმა ახალ გეოპოლიტიკურ თამაშში? ამ და სხვა საკითხებზე კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-თან ინტერვიუში საუბრობს. კონფლიქტოლოგი რამდენიმე მიზეზს და ნიშნებს ასახელებს იმის დასტურად, რომ ამერიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის ფორმას ცვლის.
ბოლო დროს შეიმჩნევა, რომ საქართველო –ამერიკის ურთიერთობაში ფრთხილი, თუმცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმის მცდელობა მიმდინარეობს. განსაკუთრებით, ელჩ რობინ დანიგანის გადადგომის შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს იყო აშშ-ის მხრიდან ქმედითი სიგნალი, რადგან დანიგანი გარკვეულწილად, ღია კონფრონტაციაში იმყოფებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან. როგორ განმარტავთ თქვენ მის გადადგომას?
– დღეს საქართველო–ამერიკის ურთიერთობა იმდენად რთულია, რომ მიჭირს დაზუსტებით ვთქვა, ელჩის გადადგომა მხოლოდ მისი პოზიციონირებით იყო გამოწვეული. თუმცა, არც ეს ვერსიაა გამორიცხული. შესაძლოა, ნამდვილად სურდა პენსიაზე გასვლა და ამის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა: მხარეები არ არიან გაჩერებული. კულუარულად არსებობს მცდელობები, ერთი მხრივ – საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის, მეორე მხრივ – ხელისუფლება ცდილობს ყველანაირი რესურსი გამოიყენოს და ზეწოლა მოახდინოს, რათა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თავისი პრინციპები გაიტანოს. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მოვლენების განვითარების პროგნოზირება უკიდურესად რთულია.
ბატონო მამუკა, საინტერესოა თავად ახალი ადმინისტრაციის პოზიციონირება საქართველოსთან მიმართებით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთიანი პოზიცია არ არსებობს. ამის მაგალითად 26 მაისის მილოცვებიც გამოდგება: ერთი მხრივ – სენატორ რუბიოს მილოცვა, სადაც მხოლოდ ქართველი ხალხი იყო მოხსენიებული, მეორე მხრივ – ტრამპის წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილს, რომლის დედანი აშშ-ის საელჩოს დღემდე არ გაუვრცელებია. რა დასკვნა შეგვიძლია ამ მოცემულობიდან გამოვიტანოთ?
– დიახ, ამ მილოცვებმა ინტერპრეტაციის სივრცე გააჩინა. თუმცა, მე უფრო სენატორ სტივ დეინსს ვიზიტს მივანიჭებდი ყურადღებას, რომელიც ტრამპის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელია. მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის დაზვერვასთან დაკავშირებული მისიით ჩამოვიდა, თუმცა ზუსტად რისი დაზვერვა ხდებოდა, ამაზე ღიად არავინ საუბრობს. საინტერესოა ის კითხვები, რომელიც მან სენატში დასვა – მაგალითად, შუა აზიიდან ენერგომატარებლების ევროპაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი ვიზიტები რეგიონში – ჯერ ბაქოში, შემდეგ კი საქართველოში. ასევე შედგა კომუნიკაციები თურქმენეთთან და ყაზახეთთან. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აქ მხოლოდ საქართველო არ არის ფოკუსში – საუბარია ფართო რეგიონალურ ინტერესებზე.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებული იქნება როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიის მიმართ?
– ზუსტად ამაში მდგომარეობს ცვლილების არსი. აშკარაა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც გარკვეულწილად აერთიანებს ძველი გაზსადენის „ნაბუქოს“ იდეებს. შესაბამისად, დღეს უფრო ფართო სპექტრია დღის წესრიგში – გაცილებით ფართო, ვიდრე მხოლოდ ის, მოსწონს თუ არა ვინმეს საქართველოში მყოფი ხელისუფლება. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს ახალი, მნიშვნელოვანი კავშირები აქვთ აზერბაიჯანელ ლიდერებთან. აქ უკვე აღარ არის საუბარი ადამიანის უფლებებზე, მედიის თავისუფლებაზე ან არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს არის მკაცრად პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც დასავლეთის სასარგებლოდ ცენტრალური აზიისა და კავკასიის რესურსების გამოყენებას ემსახურება. ამიტომ ზედაპირზე რაც ჩანს, მხოლოდ ნაწილია, ძირითადი პროცესები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სენატორ დეინსთან „ძალიან მნიშვნელოვანი და განსხვავებული შინაარსის საუბარი“ ჰქონდა. ის კმაყოფილებას გამოხატავდა შეხვედრის შინაარსით. ფიქრობთ, რომ საუბარი სწორედ ამ ახალ სტრატეგიას ეხებოდა?
– მოდით, საკითხს პრაგმატულად შევხედოთ. მთავარი ახლა ის არის, თუ როგორი ხედვა აქვს ამერიკის ადმინისტრაციას. თუკი ტრამპის ადმინისტრაცია ფოკუსირებულია იმ პროექტებზე, რომლებიც აზიასა და სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერებას ითვალისწინებს, მაშინ მას მოუწევს ურთიერთობის პრაგმატიზაციისკენ გადადგას ნაბიჯები. ასეთ შემთხვევაში, ის საკითხები, რომლებიც დღეს ზედაპირზეა და ქმნის პოლიტიკური დაპირისპირების შთაბეჭდილებას, მეორეხარისხოვანი გახდება. მთავარია სტრატეგიული ხაზი, რომელიც უკვე ვახსენე – ამერიკის დაინტერესება შუა აზიის მარშრუტით. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მიდგომა აქვს თბილისსა და ბაქოს. რაც უნდა აკრიტიკონ დღევანდელი ხელისუფლება ფსევდოლიბერალური ღირებულებების დარღვევისთვის, ვფიქრობ, ეს ეტაპი გადავლილია – საუბარი ახლა ძალთა ახალ გადანაწილებაზეა.
სტივ უიტკოფის განცხადება მინდა ამ კონტექსტში განვიხილოთ: ის შეეხო იმ საკითხს, რომ აშშ მზად არის ვლადიმერ პუტინთან იმსჯელოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ნატოში არგაწევრიანებაზე. ბევრმა ეს აშშ-ს მხრიდან სამხრეთ კავკასიის დათმობად აღიქვა. თქვენ როგორ აფასებთ ამ განცხადებას?
– რაც ზედაპირზე დევს, პირდაპირ უნდა გავიგოთ: ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას. სხვათა შორის, ეს ახალი არ არის – 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, დასავლელი ლიდერები ერთს ამბობდნენ და მეორეს აკეთებდნენ. შევარდნაძეს აქვს ცნობილი გამონათქვამი: „ნუ დაგვაყენებთ დიდხანს ღია კართან, ორპირი ქარი იცის და გავცივდებითო“. დასავლეთში ყოველთვის არსებობდა ორმაგი სტანდარტი ამ საკითხზე. მაგალითად, ესპანეთი მუდმივად წინააღმდეგი იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მან ეს პოზიცია საჯაროდ და მკვეთრად არაერთხელ გამოხატა.
ამ შემთხვევაში უიტკოფი ხაზს უსვამს იმას, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დათანხმდება ამ პოზიციას, ხოლო შემდეგი ხელისუფლებების პასუხისმგებლობა იქნება, რას იზამენ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი ტიპის კავშირების გაძლიერება, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების გარანტად იმუშავებს. ერთ რამეს ყველა უნდა აცნობიერებდეს – აზერბაიჯანის ენერგომატარებლები არავის სჭირდებოდა მანამ, სანამ საქართველო არ იყო სატრანზიტო დერეფანი. ეს ჩვენი სტრატეგიული უპირატესობაა და მისი გონივრული გამოყენებაა აუცილებელი. სწორედ ამიტომ გვჭირდება ქვეყნის და ერის რესურსის მაქსიმალური მობილიზება.
მე დიდი ხანია ოცნების მხარდამჭერი არა ვარ, მაგრამ მყავს ნევრი ოცნებისტი; ესეც რომ არ იყოს, ამ რქიანი თარხნიშვილის პოსტი ხომ საზოგადოების აბუცად აგდება და კანონის გამოწვევაა1
ფოდა ამიტომ, თარხნიშვილის ორივე მშობელს შევეცი!!! ცოლს არ შევაგინებ - მას ის არ აკლია!
დიდ ბოდიშს ვუხდი წამკითხავს; შანსი რომ მქონდეს, იმ ნაძირალას პირადად შევხვდე, 15 დღეც ჩავჯდებოდი და არც ამას დავწერდი