„დასავლეთის უსიტყვო მორჩილების დრო დამთავრდა“

„დასავლეთის უსიტყვო მორჩილების დრო დამთავრდა“

ამერიკის ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის მოულოდნელმა გადადგომამ ბევრი კითხვა გააჩინა ქართულ პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი გადაწყვეტილება დაემთხვა ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილ და შემდეგ გაუქმებულ შეხვედრას და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირის, სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს საქართველოში. ამ და სხვა კითხვებზე for.ge-თან ინტერვიუში ანალიტიკოსმა ვაჟა ბერიძემ ისაუბრა, რომელიც მიმდინარე პროცესებს ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკური მიმართულებების კონტექსტში აფასებს.

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი პენსიაზე გავიდა და თანამდებობა დატოვა. მისი ეს გადაწყვეტილება საეჭვოდ დაემთხვა ჯერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ინიციატივას და ივანიშვილის უარს, შემდეგ კი – ტრამპის მოკავშირე სენატორის ვიზიტს საქართველოში. თქვენ რაიმე კავშირს ხედავთ ელჩის მოულოდნელ წასვლასა და ამ მოვლენებს შორის?

– დიახ, რა თქმა უნდა, დროში დამთხვევა აშკარად შეინიშნება. სენატორის ვიზიტს უფრო დაზვერვითი ხასიათი ჰქონდა, რადგან მას სურდა გაერკვია, რა ტიპის ურთიერთობა აქვთ ამერიკის დიპლომატებს საქართველოს ხელისუფლებასთან. რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მივცეთ სენატორის ვიზიტს და მის კონტაქტებს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას აღიარებს. აღიარება კი, ბუნებრივია, ლეგიტიმურობის მნიშვნელობას ატარებს.

ტრამპი, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და მისი ხედვები განსაზღვრავს პოლიტიკის სტილს, ქვეყნის პირველი პირია. შესაბამისად, ის რეალობას თვალს უსწორებს და საქართველოზე საუბრისასაც იგივე მიდგომა აქვს. ტრამპი რეალობას აღიქვამს ისე, როგორც არის, და შესაბამისად, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მისთვის მოცემულობაა. სავარაუდოდ, მას აქვს საკუთარი ხედვა და იმ ადამიანების ნაწილობრივ ენდობა, ვინც ინფორმაციას აწვდიან როგორც საქართველოს, ისე, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის შესახებ.

მე ჯერ კიდევ არჩევნების შემდეგ ვთქვი და მიხარია, რომ ეს პროგნოზი გამართლდა – მაისამდე ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ვერ მოიცლიდა საქართველოსთვის. აი, უკვე მაისში დაიწყო გარკვეული პროცესები და სექტემბრისთვის ეს პოზიცია კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდება.

როგორ აფასებთ ელჩის, რობინ დანიგანის ბოლო პერიოდს, როდესაც ის აშკარად კონფრონტაციაში აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებასთან? ბოლოს, საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე და ელჩს შეხვედრა პრემიერ კობახიძესთან შესთავაზა, რასაც დანიგანმა თავის მხრივ უარი უთხრა. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ადმინისტრაციამ ის სწორედ ამის გამო გაიწვია?

– დიახ, ეს დაპირისპირება აშკარად შეინიშნებოდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს იყო დანიგანის პირადი პოზიცია. ის ასრულებდა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას. დანიგანი აგრძელებდა იმ პოლიტიკურ ხაზს, რომელიც ბაიდენის მმართველობის დროს ჰქონდა განსაზღვრული.

მან ეს კურსი ტრამპის მოსვლის შემდეგაც შეინარჩუნა და დარჩა ძველი პოლიტიკის გამტარებლად. იმ პერიოდში ვიცოდით, რომ ევროკავშირი და აშშ ერთიან ფრონტზე იდგნენ. შესაბამისად, ელჩი იმ პოლიტიკურ ხაზს მისდევდა და ბოლომდე ერთგულად მიჰყვა მას. მით უმეტეს, თუ ის უკვე საპენსიო ასაკს უახლოვდებოდა, მას არ ჰქონდა მოულოდნელი პოზიციის შეცვლის საფუძველი. ასე რომ, თუ მისი წასვლა ნამდვილად ამ პროცესთან იყო კავშირში, ეს შესაძლოა შინაგანი მორალური მოსაზრებით მოხდა.

ახლა, ახალ ადმინისტრაციას სრულიად განსხვავებული გეგმა, ხედვა და პოლიტიკა აქვს – მათ შორის, საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით. რამდენად იქნება ეს შედეგიანი, დრო გვიჩვენებს. დღეს ვხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხშია შესული და ტრამპმა ჯერ ვერ მოახერხა მისი გეგმების რეალიზება. შესაბამისად, რა ბედი ელის საქართველოს და მთლიანად რეგიონს, ეს ჯერ კიდევ პროცესშია.

როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, როდესაც მან უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე? ბევრმა მიიჩნია, რომ ამით შანსი ხელიდან გაუშვა ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების კუთხით.

– მე ივანიშვილის პოზიციას სრულიად ვამართლებ და ვეთანხმები მის არგუმენტებს. ის დიდი ხანია, ფაქტობრივად, სანქციების ქვეშ იმყოფება. თავად განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 2008 წლიდან მას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებით.

როგორ შეიძლება მან მიიღოს ულტიმატუმი და შანტაჟი, როდესაც საუბარია ქვეყნის ბედზე? მეორე მხრივ, ის არ არის ქვეყნის მმართველი – ქვეყანას ოფიციალურად მართავს მთავრობა. ასეთ ვითარებაში მასთან ასეთი მიდგომა ქვეყნის შეურაცხყოფადაც შეიძლება ჩაითვალოს. ეს საკითხი სხვა დონეზე და სხვაგვარად უნდა გადაეწყვიტა დასავლეთს. ბაიდენის ადმინისტრაციას და იმ წრეებს, რასაც ჩვენ დიფ სთეითს ვუწოდებთ, არ აწყობდათ საკითხის კონსტრუქციულად გადაწყვეტა.

ელჩის ცვლილება შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების მცდელობად? და საერთოდ, რას უნდა ველოდოთ ახალი ადმინისტრაციისგან?

– რა თქმა უნდა, ელჩის შეცვლა შეიძლება შეფასდეს როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი. როგორც უკვე ვთქვი, სექტემბერ-ოქტომბრამდე უნდა ველოდოთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უფრო მკვეთრ პოზიციას. ისინი დააკვირდებიან საქართველოში მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებსაც.

მნიშვნელოვანია, რამდენად შეიცვლება ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასთან. ტრამპის მენტალური მიდგომებიდან გამომდინარე, ველოდები უფრო პრაგმატულ პოლიტიკას. ამ პროცესმა შესაძლოა რამდენიმე თვეს გასტანოს.

მთავარია, რა კომპრომისზე წავა დასავლეთი საქართველოს პოლიტიკის მიმართ და, მეორე მხრივ, რას შესთავაზებს საქართველოს ხელისუფლება ამერიკას. ეს იქნება ურთიერთობის შემდგომი განვითარებისა და ფორმის განსაზღვრის ძირითადი ფაქტორი.

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სუვერენიტეტისა და საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვაა. ასევე ვხედავთ დაბალანსების პოლიტიკას, რაც ნიშნავს ურთიერთობების შენარჩუნებას როგორც დასავლეთთან, ისე ალტერნატიულ პარტნიორებთან. როგორ ფიქრობთ, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია როგორ აღიქვამს ამ პოლიტიკას? ვიცით სახელმწიფო მდივნის რუბიოს განცხადება, რომ ყველა ქვეყანამ საკუთარი ინტერესებიდან უნდა იმოქმედოს...

– ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად ახალი პოლიტიკური მოცემულობაა შექმნილი. საქართველომ, ფაქტობრივად, უარი თქვა მორჩილებაზე და უსიტყვო შესრულებაზე დასავლური მითითებებისა. ნაწილობრივ ჩინეთისკენ გააკეთა ნაბიჯი და გეოპოლიტიკურ კონტექსტში ახალი აქცენტები დასვა.

პრემიერმა კობახიძემ გააკეთა საინტერესო განცხადებები როგორც ჩინეთზე, ისე ამერიკაზე. ეს მიდგომა ე.წ. ბალანსის პოლიტიკას გულისხმობს – ანუ შეეძლება თუ არა საქართველოს ჩინურ და დასავლურ ვექტორებს შორის თანხვედრის პოვნა.

საბოლოო შედეგი სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული – რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება გადატვირთოს ურთიერთობა ამერიკასთან მისთვის სასურველი ფორმით და რამდენად შეძლებს ამერიკა ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მიმართ.

 

მარბიელი კარგი ანალიზია, არგუმენტებზე და ლოგიკაზე დაფუძნებული
13 საათის უკან
Gami როდესაც ელჩი ისევ ძველი პრეზიდენტის პოლიტიკას აგრძელებს, ეს არც ერთგულებაა და არც პრიციპულობა; ეს არის ელემენტარული არაპროფესიონალიზმი, პროვაკატორობა და დეგენერატზმი.სამწუხაროა რომ ბოლო ორი ელჩი არ გამოირჩეოდა არც პროფესიონალიზმით და ა5ც შორსმჭვრეტელობით.
12 საათის უკან
Maverick Gami, სწორედ მაგიტომაც ჩამოალაბორანტეს!
7 საათის უკან