მორიგი საკადრო ცვლილება. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა. ცვლილების მნიშვნელობა პაპუაშვილმა იმით ახსნა, რომ გაბიტაშვილის არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს. რაც შეეხება ყოფილ აუდიტს, ცოტნე ყავლაშვილს, ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება. ახალ აუდიტს პარლამენტში მომავალ კვირას მოუსმენ და 76 ხმით 5 წლის ვადით აირჩევენ.
„მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია ვინ იქნება ქვეყნის გენერალური პროკურორი. ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საკადრო გადაადგილება. კერძოდ, თბილისის პროკურორი, გიორგი გვარაკიძე დაინიშნა გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ, რომელიც ასევე შეასრულებს გენერალური პროკურორის მოვალეობას. მომავალი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგონოს პარლამენტს და ამის შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა 5 წლის ვადით ირჩევს გენერალურ პროკურორს.
for.ge-ს ინფორმაციით მომავალი გენერალური პროკურორი სწორედ გიორგი გვარაკიძე იქნება, რომელმაც დააკავა ყოფილი შს მინისტრი და პრემირ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
თბილისის მერის განცხადებით, ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა, როდესაც ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადავიდა მეორე უწყებაში.
„ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე უწყებაში და იკავებს კონკრეტულ თანამდებობას. რა არის ამაში ცუდი?! მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო? ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდე, რა არის ამაში პრობლემა? ან საერთოდ პოლიტიკაში რომ არ ვიყო, პრობლემას ხედავთ? ჩემი დღევანდელი სტატუსი მთელი ცხოვრება კი არაა მონიჭებული. რამდენიმე წლის წინ სპორტში ვიყავი, დღეს პოლიტიკაში ვარ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველო ყოველთვის იყო და არის მოწინავეთა შორის კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, ეს მაჩვენებლები გიორგი გაბიტაშვილის საქმიანობის ეფექტურობაზე მეტყველებს და ადასტურებს, რომ წარმატებული ხელმძღვანელი იქნება აუდიტის სამსახურშიც.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი რეიტინგები აქვთ სახელმწიფოებს კორუფციასთან ბრძოლის საქმეში. საქართველო ყოველთვის იყო და არის მოწინავეთა შორის ამ წარმატებულ ბრძოლაში. გიორგი გაბიტაშვილს ამაში მნიშვნელოვანი და სერიოზული წვლილი მიუძღვის. ეს მაჩვენებლები მისი საქმიანობის ეფექტურობაზე მეტყველებს. აუდიტის სამსახურს არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს, განსაკუთრებით პარლამენტის წინაშე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.