„მიღებული იქნება თუ არა ეს ახალი სანქციები, დამოკიდებულია სამშვიდობო პროცესზე. ჯერჯერობით ტრამპი ცვალებად განცხადებებს აკეთებს - ხან იმუქრება, ხან ამბობს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი. აქედან გამომდინარე, შესაძლოა თავი შეიკავოს ამ სანქციების დაწესებისგან“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ For.ge-სთან ინტერვიუში აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო შემოღების საკითხი.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა, შესაძლოა, მიმდინარე თვეში დაიწყოს.
- მიღებული იქნება თუ არა ეს ახალი სანქციები, დამოკიდებულია სამშვიდობო პროცესზე. ჯერჯერობით ტრამპი ცვალებად განცხადებებს აკეთებს - ხან იმუქრება, ხან ამბობს, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი. აქედან გამომდინარე, შესაძლოა თავი შეიკავოს ამ სანქციების დაწესებისგან. კონგრესმა უკვე მიიღო და სენატი გადაწყვეტს საკითხს - ვფიქრობ, რომ კანონს მომხრე მეტი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე, საბოლოოდ კი ტრამპზე იქნება დამოკიდებული. მგონია, რომ მიიღებს კანონს და მერე ვნახოთ რა იქნება.
რა იცვლება საქართველოსთან მიმართებაში და გლობალურად რა შედეგს მოიტანს მსოფლიოსთვის რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციები?
- ჩვენთვის იქნება ეს საკითხი საფიქრალი, რადგან ჩვენთან რუსული გაზი და ნავთობი შემოდის, შესაბამისად, გაჭირდება გაზით და ნავთობით ვაჭრობა რუსეთთან, რაც მათ გაძვირებას გამოიწვევს - ალბათ, რაღაც დეფიციტს შექმნის.
ზოგადად, ცუდია ეს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვითარებისთვის, რადგან ესკალაცია აღმართისკენ მიდის - არ იკლებს საომარი რიტორიკა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ბრიტანეთის პრემიერმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ 2029 წლისთვის რუსეთთან ომისთვის უნდა იყვნენ მზად. ძალიან მიეჩვივნენ სხვადასხვა ფორუმებზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საუბარს. ასევე, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის შექმნაში დახმარებას და ა.შ. თუ ამ ყველაფერში ჩადებული აქვთ ის, რომ რუსეთი დაანგრიონ, გამოვა რომ, რუსეთის ჩიხში მოქცევას ცდილობენ, რამდენად გამოვა ის სცენარი, რაც იყო საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, როდესაც ეკონომიკური ფაქტორი იყო ერთ-ერთი რამ, რის გამოც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთში რამდენად მოახერხებენ ამას და თუ მოახერხებენ, მსოფლიოსთვის უკეთესი იქნება თუ უარესი, ეს ცალკე საკითხავია.
ჩვენთვის რამდენად სახარბიელო იქნება დაშლილი ჩრდილოეთ კავკასია და შემდეგ უკვე არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ ზოგადად, კავკასიის რეგიონში სხვა ფაქტორების გააქტიურება, ეს კიდევ ცალკე საფიქრალია. მხოლოდ ის მიზანი არ არის, რომ რუსეთი ეკონომიკურად შებოჭონ და უკრაინაში აგრესია შეწყდეს - აქ არის ჩადებული რუსეთის სტრატეგიული დამარცხება და თუ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს რუსეთის რღევავას.
ფიქრობთ, რომ აშშ-ს ახალი სანქციები რუსეთისთვის შესაძლოა დამანგრეველი იყოს?
- სვიფტიდან გათიშვაზეც ამბობდნენ, დამანგრეველი იქნებაო. რუსეთი არის თვითმყოფადი ქვეყანა - ყველაფერი აქვს. ვისთან ივაჭრებს ნავთობით და გაზით? - გამოჩნდებიან მსურველები, რომლებიც იყიდიან იაფად რუსეთისგან - მონახავენ გზას, როგორ აუარონ გვერდი ამ ყველაფერს, მაგრამ ეს გამოიწვევს მეტ დაძაბულობას და განხეთქილებას რუსეთს და დასავლეთს შორის. ეჭვი მეპარება ამ სანქციებმა რუსეთი შეაჩეროს - რუსეთს შეაჩერებს მოლაპარაკებები და საუბრები.
ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროების წინაშე რამდენად დგება სამყარო თუკი რუსეთმა იგრძნო, რომ რეალურად მისი ეკონომიკა ჩამოიშალა?!
- რუსეთის ჩიხში მოქცევა, რუსეთის პრესტიჟისთვისაა ცუდი - თუ შენ გაქვს პრეტენზია, რომ იყო ერთ-ერთი მოთამაშე და პოლუსი, ამ სიტუაციაში ვერ უნდა ჩაგაგდონ, მაგრამ თუ ეს მოხდა, ამის ალბათობა მაღალია - ბირთვული იარაღი იმისთვის აქვს სახელმწიფოს, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენოს - ბირთვული იარაღის გამოყენების ზღვარი დასწიეს ქვემოთ და პროცესები მეტი დაძაბულობისკენ მიდის. როდესაც დაძაბულობა იმატებს, მსგავსი სცენარების ალბათობაც იმატებს.
შემდგომი ეტაპი არის ბირთვული იარაღი, თუმცა მარტივი არ არის მის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება. რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებულია, მაგრამ არსებობს აღმოსავლეთი, სამხრეთი, რუსეთის პარტნიორები - რუსეთმა მისი პარტნიორები უნდა დაარწმუნოს, რომ იძულებული იყო გამოეყენებინა ეს ბირთვული იარაღი, თუმცა დარწუნება რთულია - მაშინ ისინიც გამოიყენებენ. ვნახოთ, რამდენად დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის, რამდენად შექმნის იმ ვითარებას რუსეთში, რომ მას მოუწევს თავზე ხელის აღება და რადიკალური ზომების მიღება - იმედია აქითკენ არ წავა პროცესები.