თბილისში პოლიტიკური შეფასებების ახალი ტალღა გამოიწვია გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ „ევროსკოპთან“ მიცემულმა ინტერვიუმ. კოსიმ ღიად განაცხადა, რომ საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება „ევროპულმა საბჭომ შეაჩერა“ და დაასახელა სამი პოტენციური მიმართულება, რომელსაც ევროკავშირმა შეიძლება მიმართოს – მათ შორისაა კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ასოცირების შეთანხმების გარკვეული დებულებების გაუქმება და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.
მიუხედავად იმისა, რომ კოსიმ ეს ზომები მხოლოდ როგორც შესაძლებლობები ახსენა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ევროპულ საბჭოზეა დამოკიდებული, საქართველოს ხელისუფლებამ ეს განცხადება დასავლეთიდან წამოსული ზეწოლის კიდევ ერთ გამოვლინებად შეაფასა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ინტერვიუს პასუხად აღნიშნა, რომ მარტა კოსის მიერ გაჟღერებული პოზიცია მოწმობს რეალობას, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მიზანმიმართულად უარყოფენ:
„ვიხილეთ ქალბატონი მარტა კოსის პირდაპირი აღიარება, რომ ევროკავშირში არსებობს განწყობები საქართველოს დასჯის თაობაზე. სწორედ მათი გადაწყვეტილებით არ გადავედით მოლაპარაკებების ფაზაზე. ეს აღიარებითი ჩვენებაა – პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც ემსახურება შანტაჟს“, - ამბობს მაჭავარიანი და ხაზს უსვამს, რომ კოსის ინტერვიუმ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მხრიდან წნეხის ქვეშ უწევს მოქმედება და რომ მოლაპარაკებების შეჩერება არა თბილისის გადაწყვეტილება, არამედ ბრიუსელის ქმედებაა. მისი განცხადებით, მმართველი პარტია მზად არის მოლაპარაკებების ფორმატზე ხელის მოწერაზე ნებისმიერ დროს, ოღონდ შანტაჟის მექანიზმად ეს პროცესი არ გამოიყენონ.
მმართველი გუნდის ხედვით, მარტა კოსის ინტერვიუში ხაზგასმულია არა მხოლოდ ევროკავშირის შიდა პოლიტიკის სირთულეები, არამედ იმ „დაბალანსებული“ ურთიერთობის საჭიროება, რაც კანდიდატი ქვეყნებისთვის აუცილებელია. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მიზანმიმართულად იქცა შიდა პოლიტიკური ზეწოლის იარაღად, რომელშიც მონაწილეობას იღებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ ხელთ არსებული მედია.
მაჭავარიანმა გაიხსენა მმართველი გუნდის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „დღესვე ვართ მზად ხელი მოვაწეროთ მოლაპარაკებების გახსნაზე – უბრალოდ არ მივცემთ უფლებას ეს გამოიყენონ შანტაჟისთვის“.
თბილისში კრიტიკულად აფასებენ ევროპელი ლიდერების მიერ ხშირად გამოყენებულ რიტორიკას, რომელიც სანქციების შესაძლებლობაზე აპელირებს. ხელისუფლების პოზიციაა, რომ ევროკავშირს სჭირდება სტრატეგიული მოთმინება და რეალური პოლიტიკური პარტნიორობა და არა პოლიტიკური ინტერვენცია.
ამასთან, მთავრობა აცხადებს, რომ დასავლური კრიტიკა საბოლოოდ აზიანებს თავად ევროინტეგრაციის იდეას საზოგადოებაში და ქმნის განცდას, რომ ევროკავშირი არა ღირებულებების კავშირია, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული ბერკეტი.
მარტა კოსის განცხადება საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს პროცესის შეუქცევადობას. თუმცა, თბილისის გადმოსახედიდან, ეს განცხადება აღიქმება არა როგორც პარტნიორული სიგნალი, არამედ როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი.
შესაბამისად, მარტა კოსის განცხადება „ქართულ ოცნებას“ აძლევს შესაძლებლობას გააძლიეროს არგუმენტი იმაზე, რომ ევროპასთან დიალოგი მხოლოდ პარტნიორობის ფორმატით არის შესაძლებელი და არა დიქტატით.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ მარტა კოსის განცხადება ზეწოლის მცდელობაა, რომელიც სერიოზულად აზიანებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს. ანალიტიკოსი for.ge-თან ამბობს, რომ მის განცხადებს ხელისუფლებსი მხრიდან სწორედაც ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა.
„მარტა კოსის განცხადება, სადაც მან პირდაპირ დაასახელა საქართველოსთვის სანქციების შესაძლო ფორმები - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებიდან სტატუსის გაუქმებამდე - არ შეიძლება ჩაითვალოს უბრალოდ პირად მოსაზრებად. როცა ასეთ სიტყვებს ვისმენთ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, ამას მოჰყვება პოლიტიკური ზეწოლის რეალური მცდელობა და არა „შეშფოთება“.
სამწუხაროა, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარები, ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, ამ დონეზე მიდიან - ლაპარაკობენ საქართველოს მოსახლეობისთვის არსებითი პროგრესის გადახედვაზე. ეს უკვე აღიქმება როგორც პატარ-პატარა ქვეყნების „დასჯის პოლიტიკა“, რაც იმავე ევროკავშირის სოლიდარობისა და პარტნიორობის იდეას ეწინააღმდეგება.
საქართველოს ხელისუფლება სწორად აკეთებს, როცა ასეთ განცხადებებს სახელმწიფოებრივი სერიოზულობით პასუხობს. კოსის ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მას არაფერს აკისრებს, რეალურად ქმნის უკიდურესად მტრულ პოლიტიკურ ფონს“, - ამბობს მამრაძე.
მისი თქმით, ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ბოლო წლებში იყო ევროპული კურსის მტკიცე მხარდამჭერი, თანდათანობით სკეპტიკურად უყურებს იმ ევროკავშირს, რომლის შიგნით ქართველ ამომრჩეველს პატივს აღარ სცემენ.
„ევროპარლამენტარები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ხელისუფლებაზე ასეთი უხეში ზეწოლით, მით უფრო მაშინ, როცა მას მოსახლეობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, ისინი რეალურად ასუსტებენ იმედს და რწმენას, რაც ქართველებს ჰქონდათ ევროპულ პერსპექტივაზე“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მარტა კოსის და ზოგადად ევროპარლამენტის გარკვეული ჯგუფების განცხადებები, არაგონივრულია. ეს განცხადებები აცდენილია საქართველოს საზოგადოებრივ რეალობას და რეფლექსურად იმეორებენ ოპოზიციის რიტორიკას, რომელიც წლებია, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე რჩება.
„ევროკავშირში აშკარად შეიმჩნევა კრიზისი იმ გაგებით, რომ მათი პოლიტიკური ელიტის ნაწილი საკუთარ ღირებულებებსაც ღალატობს და დემოკრატიაზე საუბრის დროს პრაქტიკაში უგულებელყოფს ქართველი ამომრჩევლის ნებას.
მარტა კოსი, ისევე როგორც მისი კოლეგები, ხშირად საუბრობს „ქართული ოცნების“ დემონიზებაზე, მაგრამ მათ არ აქვთ პასუხი მარტივ კითხვაზე – რატომ აძლევს ამ პარტიას უკვე წლებია ხმას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი? რატომ ვერ იძენენ სანდოობას ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ისინი ასე თავგამოდებით ლობირებენ?“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ორივე ორგანიზაციას ეს სატყუარა დაპირებები, საქართველოს თავისთან ახლოს დასაბმელ თოკად სჭირდებათ, საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ გამოსაყენებლად რომ ჰყავდეთ გამზადებული.
ამას დღეს ძალიან შესატყვისი სახელი დაარქვა - დასავლეთის პაიკად ყოფნა, რომელსაც უყოყმანოდ გასწირავენ თამაშის მოსაგებად.