თვითმმართველობის არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები რჩება, თუმცა ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირება იმდენად იზრდება, რომ ერთმანეთის მიმართ საჯარო ბრალდებებს არ ერიდებიან. განსაკუთრებით მძაფრად იჩინა თავი დაპირისპირებამ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე - „ახლის“ ლიდერ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას შორის. წყაროები ადასტურებენ, რომ ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება ვერ ხერხდება და საუბარია როგორც ტაქტიკურ, ისე პირად და პოლიტიკურ უთანხმოებებზე.
შიდა წყარო for.ge-ს ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირების შესახებ უყვება: „კონსულტაციები მარტიდან მიმდინარეობდა. თავიდან იდეა იყო - ერთიანი ოპოზიციური მერობის კანდიდატი თბილისში. გვარამიას გუნდი ამაზე თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი. მათთვის ეს უფრო პიროვნული საკითხია - ვინ გააკონტროლებს პროცესს, ვის ეკუთვნის ლიდერობა. მელიასა და გვარამიას შორის კონტაქტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მათი თანამშრომლობა ფორმალურია, რაც ხელს უშლის საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბებას. როგორც ვიცი, მათ ასევე დაპირისპირება აქვთ გირაოს არგადახდასთან დაკავშირებითაც. საკმაოდ მძიმე სიტუაცია შეიქმნა, რადგან მელიას არ უნდოდა, რომ დაეკავებინათ. თუმცა მელიაც და ჯაფარიძეც გვარამიამ გაწირა. მიზანი საერთაშორისო ყურადღების მიქცევაა“, - აცხადებს for.ge-თან ოპოზიციური პარტიის წევრი, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა.
მიუხედავად დაპირისპირებისა, ნიკა მელია უთანხმოებას დაკავებამდე არ ადასტურებდა: „არ არის, სამწუხაროდ, ისეთი ერთი ოფისი, სადაც ყველანი ვეტევით. მსმენია, რომ ნიკა ნიკას არ ელაპარაკება. ჩვეულებრივი მეგობრული, თანამებრძოლური ურთიერთობა გვაქვს“, - ამბობდა ის.
თუმცა რეალობაში, როგორც წყარო ამბობს, „სხვადასხვა ოფისიდან საქმიანობა“ უკვე თვეებია პირადი განხეთქილების ნიშანია.
ოპოზიციური პარტიები ვერ თანხმდებიან იმაზეც, ბოიკოტი უნდა გამოცხადდეს, თუ - არა. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე თვითმმართველობაზე უარის თქმა პოლიტიკურად გამართლებული იქნება, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები შერჩევით მონაწილეობაზე საუბრობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის თქმით:
„ბევრ ადამიანს, მათ შორის ოპოზიციას - და აქ ჩემ პარტიას არ ვგულისხმობ - წარმოუდგენია, რომ ოპოზიციის ფრაგმენტაცია და საკუთარი ამბიციები და ეგოები უფრო მნიშვნელოვანი ამბავია, ვიდრე საერთო ბრძოლა“.
„ლელოს“ წარმომადგენლები კი შიდა კონსულტაციების ფარგლებში არ გამორიცხავენ მოდელს, სადაც რეგიონულ დონეზე ოპოზიცია შეთანხმდება ერთიან კანდიდატებზე, მაგრამ ეროვნული ბოიკოტის გამოცხადება ილუზიად მიაჩნიათ.
ანალიტიკოსების შეფასებით ეს ხელისუფლებისთვის უპირატესობის სამმაგი ფორმულაა. ექსპერტები და თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციის შიდა კრიზისი სწორედ ის ფაქტორია, რაც ხელისუფლებას არჩევნების წინ სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს: „ოპოზიცია არა ერთიანი, არამედ ურთიერთდამაჯერებელი დაპირისპირების მდგომარეობაშია. როცა ეს ხდება რამდენიმე თვე არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს წინასწარ დამარცხებას“.
გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს:
„ჩვენ მათ გუშინაც ველაპარაკებოდით, დღესაც ველაპარაკებით და ხვალაც დაველაპარაკებით, მაგრამ ისინი ჯერ ერთმანეთში ვერ შეთანხმდებიან. მათი მთავარი პრობლემა არა მთავრობა, არამედ ერთმანეთია“.
ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციის განხეთქილება ფატალურ გავლენას ახდენს ამომრჩევლის მობილიზებაზე. ერთიანი კანდიდატის არყოფნა ნიშნავს ხმების გადანაწილებას, რაც პირველივე ტურში „ოცნებისთვის“ გამარჯვების შანსებს ზრდის. ხელისუფლება კი აქტიურად იყენებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია ბოიკოტის ფონზე თვითონვე მონაწილეობს შიდა კონსულტაციებში. ეს იძლევა არგუმენტს, რომ „ბოიკოტი მხოლოდ მედიათამაშია და არა პრინციპული პოზიცია“.
ხოლო როდესაც დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ერთიანი სიგნალი მოისმინონ ოპოზიციისგან, მათი გაყოფა და ურთიერთბრალდებები საშუალებას აძლევს ხელისუფლებას წარმოაჩინოს თავი როგორც სტაბილურობის და პასუხისმგებლობის ერთიანი ცენტრი.
მომდევნო თვეების სავარაუდო სცენარი
თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს შეთანხმებას საერთო კანდიდატებზე დიდ ქალაქებში, მმართველი პარტია, ძირითად, ურბანულ ცენტრებში გაიმყარებს პოზიციებს. ასევე მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ გააძლიერებს მესიჯს: „ჩვენ ვასრულებთ საქმეს, მაშინ როცა ისინი ჩხუბობენ“.
წყაროების ცნობით, უახლოეს კვირებში შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება საჯაროდ გახდეს ცნობილი - შერჩევით მონაწილეობა ან სრული ბოიკოტი. თუმცა, როგორც კულუარული მოლაპარაკებების მონაწილე ინფორმირებული პირი for.ge-თან ამბობს, „თუ ვერ მოხდა შეთანხმება და ოპოზიციის ნაწილმა მიიღო მონაწილოება თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო ნაწილმა არა, ეს არ იქნება მხოლოდ მათი პირადი კრახი - ეს იქნება დარტყმა მთელი ოპოზიციური სივრცისთვის“.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება დიდი ხანია არსებობს, თუმცა ისინი მხოლოდ თამაშობენ თითქოს შესაძლებელია შეთანხმება ან ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. გვენეტაძე for.ge-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციური ბლოკის შიდა დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო თვალსაჩინო გახდება.
„დღევანდელი ოპოზიციის მდგომარეობას დავარქმევდი აურზაური სალხინეთში - გარედან თითქოს ერთიანად შეკრულები ჩანან, თითქოს საერთო მიზანი აქვთ, ერთად მოქმედებენ და ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, მაგრამ სინამდვილეში ყველამ მშვენივრად იცის, რომ მათი რეიტინგი ნულს ქვემოთ არის. საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ მიმართ სულ უფრო მეტ ანტიპათიას გრძნობს.
როცა რუსთაველზე საპროტესტო აქციები იმართებოდა, ამ ოპოზიციური ლიდერებისთვის სცენაზეც კი არ აღმოჩნდა ადგილი - იმ აქციებზეც, რომლებიც თავად დააფინანსეს. ამის ფონზე, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე ღიად დაიწყეს. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ჰყოლია ისეთი ოპოზიცია, რომელიც ასე ღიად ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს არ არის ეროვნული, ქართულ ღირებულებებზე ორიენტირებული ძალა, ესენი არიან აგენტები, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ და როცა ამ დავალებების შესრულება ვერ გამოსდით, ერთმანეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში გადადიან“, - ამბობს ანალიტიკოსი.
გვენეტაძის თქმით, ოპოზიცია დღეს მხოლოდ „დასავლეთისთვის თამაშობს“ და ამით ცდილობს შთაბეჭდილების შექმნას, რომ ერთიანი ძალაა. ამ მიზნისთვის შეეცადნენ სალომე ზურაბიშვილის წარმოჩენას, როგორც დასავლეთის მიერ დანიშნული ლიდერისა, თუმცა მისი ლიდერობა არავის მოუწონებია და მხარდაჭერაც ვერ მოიპოვა. ამ ფონზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთთან დაპირისპირებულები, გზააბნეულები და პოზიციადაკარგულები ევროპის დედაქალაქებში დაბორიალობენ.
„დღეს ოპოზიციას უკვე იმდენი გრანტი აქვს მიღებული დასავლეთისგან და, როგორც ჩანს, კიდევ ელიან დამატებით დახმარებას, რომ სხვა გზა აღარ რჩებათ გარდა ვითომ ბოიკოტის და ფარისევლურად გამოჩენილი პრინციპულობის ხაზის გაძლიერებისა. რეალურად კი, როგორც ჩანს, „ლელო“ და გახარია ხვდებიან, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით საკუთარ პოლიტიკურ მომავალს დაუსვამენ წერტილს და ამიტომ ამ რისკზე არ მიდიან. დანარჩენი ოპოზიციური ლიდერები კი უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ირჩევენ, მაგრამ გაუგებარია, ამით რას მიაღწევენ და რა დარჩებათ ბოლოს ხელში“, - აცხადებს გვენეტაძე.