ბოიკოტი ბუმერანგის ეფექტით - „დარჩი სახლში“ მოპარული ლოზუნგით წინასწარ წაგებული არჩევნები  

ბოიკოტი ბუმერანგის ეფექტით - „დარჩი სახლში“ მოპარული ლოზუნგით წინასწარ წაგებული არჩევნები  

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს აცხადებს და მოქალაქეებს უბნებზე არმისვლისკენ მოუწოდებს. კამპანია „დარჩი სახლში“, რომელსაც მხარს უჭერენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და კოალიცია „ცვლილებებისთვის“, მმართველ პარტიას, შესაძლოა, ძალაუფლების კონსოლიდაციაში დაეხმაროს.

ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი წინასწარ წაგებულ თამაშად იქცა ქართულ პოლიტიკაში. ერთი მხრივ, თუ ის სისტემასთან პროტესტის გამოხატვის საშუალებაა, მეორე მხრივ, ოპოზიციის ამ გაუთვლელმა ნაბიჯმა, შესაძლოა, დაუგეგმავი დივიდენდები მოუტანოს მმართველ პარტიას. საბოლოოდ, ამ სტრატეგიის შედეგები ოქტომბრის შემდეგ უფრო ცხადი გახდება, თუმცა ახლა უკვე ჩანს, რომ ოპოზიციური ერთობის ჩამოშლამ და ტაქტიკურმა უთანხმოებამ შესაძლოა თვითონ ოპოზიციის პოზიციები კიდევ უფრო დაასუსტოს.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ ბოიკოტი ერთადერთი გზაა, რაც ხელისუფლებას ლეგიტიმაციას წაართმევს: „ჩვენი მიზანია, არჩევნები არ შედგეს. თუ არჩევნებზე მილიონზე ნაკლები ამომრჩეველი მივა, ეს იქნება პირდაპირი პასუხი რეჟიმს. ხალხს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ამ პროცესში მათი ხმა დაითვლება“, - ამბობს ის.

კამპანიას უერთდება კოალიცია „ცვლილებებისთვის“, რომლის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ქართული ოცნება“ გეგმავს არჩევნების შედეგების გაყალბებას და ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ.

შესაძლებელია კი არჩევნების ჩაშლა? კონსტიტუციონალისტების და იურისტების თქმით, კანონმდებლობით არჩევნები ლეგიტიმურია, თუნდაც მხოლოდ ორი ამომრჩეველი მივიდეს უბანზე. შესაბამისად, ბოიკოტს, სამართლებრივი თვალსაზრისით, შედეგი არ აქვს.

როგორც იურისტი გიორგი ზურაბიშვილი for.ge-თან განმარტავს: „დასწრების ბარიერი არ არსებობს - მთავარია, პროცედურები დაცული იყოს. ბოიკოტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პროცედურულად ვერ გააჩერებს პროცესს. ხოლო ოპოზიციისთვის ბოიკოტის მთავარი რისკი და შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მმართველი პარტია შეძლებს, მობილიზებულ ელექტორატზე დაყრდნობით, მოიპოვოს აბსოლუტური კონტროლი ადგილობრივ თვითმმართველობებზე. თუ ოპოზიცია არ მონაწილეობს და „ოცნებას“ საკუთარ ამომრჩეველი ორგანიზებულად მიჰყავს, ისინი ყველა საკრებულოს მოიგებენ. ოპოზიციის სტრატეგია კარგავს პრაგმატულობას“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეებისგან განსხვავებით, სხვა ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს არ ეთანხმებიან. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ „მონაწილეობა ყველა შემდგომ არჩევნებში მათი სტრატეგიაა“.

ამავე გზას ადგას კოალიცია „ძლიერი საქართველო“, რომლის წარმომადგენელთა თქმით, პოლიტიკური ძალა „ყოველთვის მზად უნდა იყოს არჩევნებისთვის“.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის სტრატეგიას არაადეკვატურად და თვითდაზიანებად მიიჩნევენ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს:

„ვისთვისაა კარგი, როცა ოპოზიცია ხალხს უბნებზე არმისვლას სთხოვს? მხოლოდ თავიანთი მარცხის წინასწარ გამართლებას ემსახურება ეს ამბავი. რაც მეტი ბოიკოტი, მით უფრო მეტი მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“, - ამბობს ვოლსკი.

იგივე აზრს ავითარებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პრემიერი ირაკლი კობახიძეც, რომელიც ამბობს: „ჩვენ მზად ვართ, არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ პირობებში. ოპოზიციის ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ისინი შიგნიდან იშლებიან და რეალური დღის წესრიგი აღარ აქვთ“.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიციის სურვილის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით და საარჩევნო კოდექსით, არჩევნების ჩატარება არ არის დამოკიდებული ამომრჩევლის რაოდენობაზე.

„საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუკი ჩატარებულია პროცედურულად გამართულად. მოსახლეობის დაბალი აქტივობა არ აჩერებს პროცესს და არ აუქმებს შედეგებს. დამსწრეთა ბარიერი არ არსებობს. ბოიკოტს აქვს პოლიტიკური ეფექტი, მაგრამ სამართლებრივი შედეგი - პრაქტიკულად ნული, მით უმეტეს, ადგილობრივ არჩევნებში“, - ამბობს ის და დასძენს, რომ ბოიკოტის ტაქტიკა წინასწარ ასუსტებს ოპოზიციას და ზრდის შანსს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა საკრებულოზე კონტროლი მოიპოვოს, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ამომრჩეველი ტრადიციულად მეტად მობილიზებულია.

„თუ ოპოზიცია არ ჩაებმება ადგილობრივ არჩევნებში, „ოცნებას“ საშუალება ექნება, კონკურენციის გარეშე აიღოს საკრებულოები და ქალაქის მერიები. ეს მას მისცემს ძალაუფლების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას რეგიონებში. მაშინ, როცა მმართველი პარტია აქტიურ ამომრჩეველზე მუშაობს, ოპოზიციის გასვლა პროცესიდან, მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს. დაბალ აქტივობაზე მმართველ გუნდს ყოველთვის მეტი რესურსი აქვს“, - ამბობს ხმალაძე.

შესაბამისად, კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის ტაქტიკა, რაც უნდა სიმბოლურად მნიშვნელოვანი ჩანდეს მათი ამომრჩევლისთვის, კანონით ვერ აჩერებს პროცესს, ხოლო პრაქტიკაში შესაძლოა, მმართველ პარტიას სრული ინსტიტუციური უპირატესობა მისცეს.

„4 ოქტომბრის არჩევნები, შესაძლოა, არ იყოს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევის საკითხი - ის შესაძლოა გახდეს მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური ველის კიდევ უფრო მარგინალიზების შანსი“, - ამბობს ის.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს - „დარჩი სახლში“ კამპანია ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ოპოზიციისთვის სრული მარცხით დასრულდება. ანალიტიკოსი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილის მცდელობა და ინიციატივები საზოგადოების მხრიდან მხოლოდ დაცინვის ობიექტია.

„ლევან ხაბეიშვილს არაერთხელ ჰქონია მცდელობა, საკუთარი თავი ოპოზიციური დღის წესრიგის ფიგურად წარმოეჩინა, თუმცა მისი ინიციატივები საზოგადოებრივი დაცინვის საგნად გადაიქცა. თავად „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კარგად აცნობიერებენ მის პოლიტიკურ უუნარობას“, - ამბობს ის.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ კამპანია არა მხოლოდ უშედეგო იქნება, არამედ თავად იმ პარტიებსაც დააზიანებს, რომლებიც მასში მონაწილეობენ.

„ასეთი ტიპის ბოიკოტები მხოლოდ მათ რეიტინგზე აისახება ცუდად. ეს ადამიანები საკუთარ თავს აყენებენ ზიანს და საზოგადოებაში უკვე არსებულ ნეგატიურ განწყობებსაც უფრო ამძაფრებენ. რეალურად, ერთადერთი შედეგი, რასაც მიაღწევენ, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი პოლიტიკური უპირატესობა მისცენ“.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა მათი უკიდურესად დაბალი რეიტინგია, რასაც ვერ ფარავს ვერც ბოიკოტი და ვერც საინფორმაციო კამპანიები.

„საზოგადოების თვალში მათ ავტორიტეტი დიდი ხანია დაკარგული აქვთ. კამპანიების ორგანიზება, მიკერძოებული მედიის მეშვეობით მათი გაშუქება და ბოიკოტის მუქარები აღარავის აინტერესებს. ამას შედეგი აღარ ექნება - ეს უკვე ნათელია“, - ამბობს ანალიტიკოსი.

გია აბაშიძე ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციამ არც რაიმე ახალი სტრატეგია შეიმუშავა და ბოიკოტის სლოგანიც კი კოვიდპანდემიის დროიდან გადმოიტანეს.

„როდესაც პარტია ცდილობს საზოგადოებას დააჯეროს, რომ არჩევნებში არმონაწილეობა ცვლილებების მიღწევის გზაა, ეს პოლიტიკური უძლურების პირდაპირი აღიარებაა. მეტიც, სლოგანი „დარჩი სახლში“ მათ არ გამოუგონებიათ, ეს პანდემიის დროიდან მოპარული ლოზუნგია. რა სიახლეზე ან პოლიტიკურ ალტერნატივაზე შეიძლება იყოს საუბარი ასეთ პირობებში?!“, - აცხადებს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ოპოზიციას ურჩევს, თუ მაინცდამაინც აქვთ პრეტენზია პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისკენ, ჯანსაღი საარჩევნო კამპანია აწარმოონ.

„თუ მართლა სურთ პოლიტიკური ცვლილება და არა მხოლოდ მარცხის წინასწარ გამართლება, მათ ნორმალურ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, როგორც ჩანს, თავადაც ეჭვი აქვთ საკუთარ შანსებზე - იციან, რომ რაც არ უნდა ეცადონ, ხმებს ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე ბოლოს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აიღეს“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

 

 

Gami ეს უბადრუკი დეგენერატი ხაბეიშვილი სულ "სახლში დარჩენილი" არ არის? უფრო ზუსტად "პადვალში".
1 დღის უკან
მარბიელი შენთვის და შენი მეცოცხეთა პარტიისთვის ყოველი შემდეგი არჩევნები "წინასწარ წაგებულია" და თუ წაგებით დაიღალეთ, წადით სხვა საქმეს ეწიეთ!
1 დღის უკან