სტამბოლის მოლაპარაკებების წინ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ორი მასშტაბური ოპერაცია განახორციელა. სამხედრო-საჰაერო ბაზების დაბომბის შემდეგ, უკრაინამ რუსეთის რამოდენიმე რეგიონს ერთდროულად დრონებით შეუტია. საპასუხოდ, გვიან ღამით, რუსულმა ძალებმა უკრაინას 80 უპილოტო საფრენი აპარატით, „ისკანდერ-M/KN“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით და „ისკანდერ-K“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხარკოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.
ასეთი სამხედრო დაპირისპირების ფონზე გაიმრათა სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგეციის შეხვედრა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს რაუნდიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა. გადაწყდა მხოლოდ პრაქტიკული საკითხი, როგორიც არის გადაწყვეტილება ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით. უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარეს იმ უკრაინელი ბავშვების სია გადასცა, რომელთა დაბრუნებაც უნდა მოხდეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ასობით ბავშვია, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ და იძულებით გადაასახლა ან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული ჰყავს. მისი თქმით, უკრაინელი ბავშვების დაბრუნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის განუყოფელი ნაწილია და ნდობის მთავარ ელემენტს წარმოადგენს. მეორე რაუნდი იმით დასრულდა, რომ უკრაინა და რუსეთი მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეების „ყველა ყველას სანაცვლოდ“ გაცვლაზე შეთანხმდნენ. მეორე კატეგორია კი 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდა სამხედროებია. ასევე, შეთანხმდნენ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების 6000-6000-ზე დაბრუნების შესახებ.
რაც შეეხება მემორანდუმს, რომელიც რუსეთმა შეადგინა და სადაც საუბარია ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციამ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ რუსეთის წინადადება პირველად ნახა. მისი თქმით, მხარეებს დოკუმენტების შესასწავლად ერთი კვირა ექნებათ, ამის შემდეგ კი შემდგომი ნაბიჯების კოორდინირებას შეძლებენ.
რუსეთის მემორანდუმი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება იმას, თუ როგორ მიაღწიონ რეალურ ხანგრძლივ მშვიდობას, ხოლო მეორე ნაწილი ეხება იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სრული ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებში ცეცხლის დროებით შეწყვეტა შესთავაზეს.
„ჩვენ ორი ან სამი დღით ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ, რათა მეთაურებმა ჯარისკაცების ცხედრები მიიღონ. შეხვედრაზე ბავშვების საკითხიც განვიხილეთ, უკრაინამ 339 ბავშვის სია გადმოგვცა. ეს სია კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებამ ბავშვთა გატაცების საკითხი შოუდ აქცია, რომელიც ევროპელებისთვისაა განკუთვნილი“, - თქვა ვლადიმერ მედინსკიმ.
რაც შეეხება მთავარ საკითხს - მოსკოვი მემორანდუმით ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას ითხოვს. უკრაინა უნდა იყოს ნეიტრალური და მისი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს, მოიხსნას სანქციები.
მემორანდუმი ცეცხლის შეწყვეტის ორ ვარიანტს განიხილავს - პირველი ვარიანტი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანას უკრაინის მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიებიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან. მეორე ვარიანტი შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ჯარების ხელახლა განთავსებას, მობილიზაციას, კიევისთვის უცხოური დახმარების მიწოდებასა და მესამე ქვეყნების სამხედრო მონაწილეობას კრძალავს.
მემორანდუმის თანახმად, უკრაინა ნეიტრალური და არაბირთვული უნდა იყოს. ასევე, უკრაინამ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას და მისი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობა უნდა განისაზღვროს. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნას.
როგორც მოსალოდნელი იყო მეორე რაუნდი პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა.
დიდი ალბათობით, უკრაინა არ დათანხმდება რუსეთის მემორანდუმს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციის წინაპირობაა. როგორც ჩანს, პროცესი ისევ ჩიხშია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ხანგრძლივი დროით გაგრძელდება. თუკი ანალიტიკოსების შეფასებებს გავითვალისწინებთ, ომი სავარაუდოდ 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ვითარების სირთულიდან გამომდინარე თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთისა და უკრაინის პირველი პირები ერთმანეთს ანკარაში ან სტამბოლში შეხვდნენ და ასევე მოიწვის აშშ-ის პრეზიდენტი. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს უახლესი მოლაპარაკებების შემდეგ გადადგამს. თურქეთის პრეზიდენტის წინადადებას მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თურქ კოლეგას სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ აქვს შთაბეჭდილება, ცეცხლის შეწყვეტა ლიდერების შეხვედრის გარეშე არ იქნება. საჭიროება თუ მოითხოვს თეთრი სახლის პრეს-სპიკერის კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზად არის.
მსოფლიო ახლა რუსეთის პასუხის მოლოდინშია. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ შემთხვევაში რუსეთის დუმილი დიდხანს არ გასტანს და ამ შემთხვევაში პასუხი იქნება არა დიპლომატიური, არამედ საკმაოდ მძიმე. დავით ზარდიაშვილის განცხადებით, უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული ეს ძალზე შთამბეჭდავი, ამ ომის მსვლეობისას ყველაზე მასშტაბური და წარმატებული დივერსული სპეცოპერაცია, ომის ესკალაციისკენ გადადგმული უაღესად სერიოზული ნაბიჯია. მისი თქმით, ეს დარტყმა რუსეთს, ყველა თვალსაზრისით, აზიანებს, მაგრამ არა იმდენად, რომ ფრონტზე მისი თვალსაჩინო სამხედრო უპირატესობა შეარყიოს.
„ცხადია, ეს არც ყოფილა ამ დივერსიული სპეცოპერაციის მთავარი მიზანი. ჩემი აზრით, ეს ეფექტური სპეცოპერაცია მიმართული იყო ყველა სამშვიდობო ძალისხმევის, უწინარესად კი პრეზიდენტ ტრამპის მშვიდობისმყოფელი პოლიტიკის, ბლოკირებისა და ტორპედირებისკენ. ნაწილობრივ, ეს მოხერხდა კიდეც. მიუხედავად სტამბოლის მოლაპარაკებებისა, მათი შედეგები წინასწარვე იყო ნათელი. ესკლაციის ზრდა - გარდაუვალია. ესკალაციის სცენარი „ტრადიციულია“ - რუსეთის მძიმე პასუხის პროვოცირება, რაც ამ დარტმით შესრულდა კიდეც. თუ ის მოხდა, რაც დივერსანტებმა გათვალეს, ე.ი. რუსეთმა ამ დივერსიას ისე უპასუხა, როგორც მის „დათვურ ხასიათს“ სჩვევია, ტრამპის მანევრი არსებითად იზღუდება: რუსეთის მძიმე პასუხით განპირობებული, დასავლურ საინფორმაციო სივრცეში მრავალგზის გაძლიერებული ხმაური ესკალაციის ის სახეა, რაც ტრამპზე არსებითი ზეწოლა იქნება, რათა იგი დარჩეს პროქსი-ომის მხარედ და ტრამპს ძალზე უმცირებს ამ ომიდან ნაკლები დანაკარგებით გასვლის შესაძლებლობებს, რადგან ეს სერიოზულ შიდა-პოლიტიკურ ზიანთან იქნება დაკავშირებული. რესპუბლიკური პარტიის შიგნით ნეოკონსერვატორთა გავლენას ხმაურიანი ესკალაცია გაზრდის, ხოლო MAGA-ს მომხრეთა პოლიტიკურ კაპიტალს, პირიქით, ამცირებს“, - წერს დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსის შეფასებით, თუ პუტინი თავს შეიკავებს „დათვისებური პასუხისგან“, ესკალაციის ზრდას ეს მაინც ვერ შეაჩერებს. რუსეთისთვის რაიმე უჩვეულო მოქმედება მისი ხალხისთვის კვლავაც აუხსნელი იქნება და შესაძლოა, მართლაც გახდეს პუტინის რეჟიმის დესტაბილიზაციის ფაქტორი.
„ასეა თუ ისე, ესკალაციის პროცესი დაქოქილია. აშკარად ჩანს, რომ ყველა კვალი ამ პროცესის ინიციატორებისკენ მიუთითებს: რასაკვირველია, ეს ბრიტანული დაზვერვის, რომელიც „დიპ სთეითის“ თუ „გლობალური ომის პარტიის“ სპეცსამსახურების სრულად კოორდინაციის სადავეებს სულ უფრო მეტად იბრუნებს, ვიდრე ოდესმე ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მიმართულებით მიმავალი კვალია. ესკალაციის ზრდა - დიფუზიის ზრდაა, არეულობისა და ტურბულენტობის ხარისხი იმატებს. მთელს მსოფლიოში საფრთხეები, მათ შორის ჩვენთვისაც, გაზრდილია. ჭკუით ყოფნა გვმართებს და ღმერთი კვლავ შეგვეწევა, დაგვიფარავს იმ უპრეცენდენტო საშინელებისგან, რაც ჩემი აზრით, ჯერ კიდევ წინა აქვს მსოფლიოს“, - წერს დავით ზარდიაშვილი.