"დათა ახალაია და მეგის ქარდავა აფხაზეთის ტერიტორიაზე იმალებიან".

"ხალხის იმედგაცრუება ძირითადად არის სამართლიანობის აღდგენის პროცესთან დაკავშირებით და მოსახლეობის გულისწყრომა აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. გარკვეული დოზით ეს კოჰაბიტაციის პროცესი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ე.წ. უცხოელი მეგობრების გამოისობით დღესაც გრძელდება, სწორედ მათი მეოხებით არ მოხდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის სწრაფი ტემპებით დაწყება და განვითარება. რა თქმა უნდა, წინა პროკურატურის არასათანადო ქმედებებმაც გამოიწვია სამართლიანობის არარსებობა ქვეყანაში. ახალი პროკურორი ფაქტობრივად ახალი დანიშნულია და მოდით, დაველოდოთ, მის საქმიანობას წინასწარ ნუ შევაფასებთ. მინდა იმედით შევხედო ამ ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც შეუძლია ეს პროცესი დაიწყოს. თუ მანაც არ დაიწყო ეს პროცესი, მაშინ ეს უკვე სერიოზულ კატაკლიზმში გადაიზრდება და სერიოზული პრობლემა გახდება ჩვენი ქვეყნისთვის", - აცხადებს "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სანდრო ბრეგაძე: "დათა ახალაია და მეგის ქარდავა აფხაზეთის ტერიტორიაზე იმალებიან".

"საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლებიც სააკაშვილთან ჩამოდიოდნენ, აქ მოღვაწეობდნენ და სააკაშვილი მათ ქრთამებს აძლევდა, საქართველოდან მილიონერი წავიდა. ეს ყველაფერი ხდებოდა იმ კორუფციული გარიგებების შედეგად სააკაშვილის მთავრობასთან - ყველაფერი მარტივი იყო - მთავრობა გარკვეულ თანხებს აძლევდა მათ, გარკვეულ ბიზნესებში ხელშეწყობაც ჰქონდათ, სამაგიეროდ ისინი თვალს ხუჭავდნენ იმაზე, რაც ხდებოდა ციხეებში თუ ქუჩებში და იმ დიქტატურაზე, რაც სააკაშვილის პერიოდში იყო. ეს ძალები დასავლეთში საკმაოდ ბევრნი არიან და მე არ მესმის მათი არაადეკვატური პოზიციების სააკაშვილთან მიმართებაში - ახლა თუკი ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილს შეუძლია უკრაინაში რამე დადებითი როლი ითამაშოს ის ან შეგნებულად რუსეთის თამაშს თამაშობს, ან აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი და ბრიყვია. დიახ, დღესაც სააკაშვილი ხარჯავს ძალიან დიდ ფინანსებს იმისთვის, რომ უცხოეთში ამუშაოს ლობისტები - ესენი არიან არა ჩვეულებრივი ლობისტური კომპანიები, არამედ შავი ლობისტები გარკვეული პოლიტიკოსების სახით, რომლებსაც შავ ფულს უხდის, რათა იტივტივოს საერთაშორისო ასპარეზზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპოდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.

"თუკი ვინმე ამითი ცდილობს, რომ სააკაშვილი წარმოაჩინოს როგორც საერთაშორისო პოლიტიკური პერსონა და ამითი შეუქმნას მას ერთგვარი იმუნიტეტი, რომ ის ან არ დაკითხონ ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრან, ვფიქრობ, ეს თეთრი ძაფით არის ნაკერი. ამათ დანერგეს საქართველოს მოსახლეობაში ნიჰილიზმი დასავლეთის მიმართ - ხანდახან ეჭვი მიჩნდება - ეს ძალები რუსეთის მხრიდან ხომ არ იმართებიან და დასავლეთის ნიღაბქვეშ ხომ არ არის ამოფარებული.  სხვათა შორის ვერც კლიჩკოსი გამიგია ვერაფერი - როგორც ჩანს, ის ჯერჯერობით ვერ გაერკვია, სად რა როგორ არის და სააკაშვილთან ერთად ხელიხელჩაკიდებული დადის მთელ ევროპაში. ახლა მათ თუ უნდათ კეზერაშვილები, ახალაიაები ქარდავები, ადამიანის მკვლელები და ა.შ. კი ბატონო, წაიყვანონ და ერთ-ორ წელიწადში უკრაინაში მიიღებენ გირგვლიანებს, ციხეებში წამებას და დაკარგავენ მეტ ტერიტორიას, ვიდრე საქართველომ დაკარგა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მე ეს ყველაფერი უფრო სააკაშვილის სურვილი მგონია, რომ თავისი ძებნილი, სისხლის სამართლის დამნაშავე მეგობრებს რამე ტერიტორიული ერთეული მოუძებნოს, სადაც ისინი უსაფრთხოდ იქნებიან", - მიიჩნევს სანდრო ბრეგაძე და შეკითხვას - "და ეს შეიძლება უკრაინა იყოს?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, ამის მცდელობა არის. ეს ადამიანები ვერსად ვერ გრძნობენ თავს დაცულად. მე რამდენადაც ვიცი, ზოგიერთი აფხაზეთის ტერიტორიაზეც არის და იქ მოძრაობს. როგორ შეიძლება საქართველოს ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები, რომლებიც ვითომ რუსებს ებრძოდნენ, დღეს აფხაზი სეპარატისტების მეშვეობით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოძრაობდნენ. აქედან ირკვევა, რომ ისინი თავიდანვე იყვნენ რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ და ყველაფერი ის, რაც მათა განახორციელეს თუყნდაც კოდორის ხეობაში - როდესაც უბრძოლველად დატოვეს ხეობა - ეს იყო დადგმული სცენარი, რომელიც მოღალატეების ხელით შეასრულა უცხო ქვეყანამ ჩვენს ტერიტორიაზე. დიახ, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არსებობს სერიოზული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ახალაიები, ქარდავები და ასეთი ტიპის მანქურთები აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და იმალებიან".