ოპოზიცია კვლავ ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად დასავლეთი გამოიყენოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უცხოური გავლენა ქვეყნის შიდა პროცესებზე მიუღებელია - ხელისუფლების პოზიცია მკაცრად შეუვალია და საგარეო ზეწოლის პირობებშიც კი არ შეინიშნება ნიშანი, რომ პოლიტიკურ დათმობაზე წასვლას აპირებენ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ ოფიციალური წერილით მიმართა „ვაიმარის სამკუთხედის“ - გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის - ლიდერებს იმ საკითხებზე, რომლებიც, ოპოზიციის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან „უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას“ საჭიროებს საქართველოს მიმართ.
როგორც ზურაბიშვილმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ოპოზიციური ძალების ერთობლივი მიმართვა ორი ძირითადი მოთხოვნის გარშემო იყო კონცენტრირებული: პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ეს მოთხოვნები უკვე გახდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული გზავნილების ნაწილიც, რაც განსაკუთრებულად გამოიკვეთა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების მიერ გაკეთებულ განცხადებებში.
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში მიულოცეს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა მკაცრად გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონები, რომლებიც, მათი შეფასებით, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას.
ოპოზიციური ბლოკისთვის ეს მიმართვა მხოლოდ მორიგი დეკლარაცია არ არის, ეს მიზანმიმართული სტრატეგიული ქმედებაა. „წინააღმდეგობის პლატფორმა“, რომლის ერთ-ერთი აქტიური ფიგურა სწორედ სალომე ზურაბიშვილია, ცდილობს, შექმნას ისეთი საერთაშორისო წნეხი, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს დათმობებზე წავიდეს, როგორც შიდა პოლიტიკურ, ისე საკანონმდებლო დონეზე.
საკითხი უკვე გასცდა საქართველოს შიდა დღის წესრიგს და აქტიურად განიხილება ბრიუსელში, ბერლინში, პარიზსა და ვარშავაში. თუმცა დიდი კითხვის ნიშანი რჩება - აქვს თუ არა ამ ზეწოლას პრაქტიკული შედეგი და რამდენად არის ხელისუფლება მზად დათმობებისთვის?
მმართველი გუნდის რეაქცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებასა და დასავლური ქვეყნების კრიტიკაზე მკაცრი და მომთხოვნია. „ქართული ოცნების“ ლიდერები მიუთითებენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტს და შიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ შეიძლება უცხო ქვეყნები განსაზღვრავდნენ. მმართველი გუნდის ძირითადი არგუმენტი კვლავაც უცვლელია: პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ - შესაბამისად, მათი გათავისუფლების მოთხოვნა არის პოლიტიკური მანიპულაცია;
არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა და ლეგიტიმურია - ახალი არჩევნების დანიშვნა კონსტიტუციური პროცესის გარეთ გასვლად მიიჩნევა;
დასავლეთის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია - რაც არ პასუხობს საქართველოს შიდა რეალობას;
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის და ოპოზიციის ქმედებები არა დასავლური ინტეგრაციის, არამედ შიდა დაპირისპირების გაღრმავების მიზანს ემსახურება: „როდესაც საუბარია ვაიმარის სამკუთხედზე და ევროპასთან ურთიერთობაზე, ყველას უნდა ესმოდეს - საქართველოს ევროპული მომავალი საგარეო ზეწოლით არ გაიხსნება, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენული საქმე. ახალი არჩევნები ხალხმა უნდა მოითხოვოს და არა რამდენიმე პოლიტიკოსმა, ვინც ბოიკოტს ეწევა და რადიკალურ დღის წესრიგს მისდევს“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემაც მკვეთრი შეფასება გააკეთა: „პოლიტპატიმრების“ სიის უკან ჩვეულებრივი კრიმინალები დგანან - ძალადობის ორგანიზატორები, აგრესიული ჯგუფების ლიდერები. მათი გათავისუფლება პოლიტიკური მოთხოვნა კი არა, სახელმწიფოს დათმობა იქნება, რასაც არ დავუშვებთ“.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთვის მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთიდან მომდინარე ზეწოლის მიუხედავად სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციებს, რადგან ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მხარდაჭერას ფლობს. მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი რეალური საფუძველი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი არჩევნების ჩატარება განიხილოს.
„ქვეყანაში არ არსებობს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებამ ახალი არჩევნების დანიშვნა უნდა გადაწყვიტოს. არ შეინიშნება არც კრიზისის ნიშნები და არც მოსახლეობის სურვილი. სახელმწიფო სტრუქტურები ფუნქციონირებენ გამართულად, ხელისუფლება კი წარმატებით უმკლავდება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ გამოწვევებს. ახალი არჩევნების თემა მხოლოდ ოპოზიციის დღის წესრიგშია და ეს უკვე თვეებია, ოპოზიციის უშედეგო დღის წერიგად იქცა“, - აცხადებს მამრაძე.
მამრაძის შეფასებით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაკარგა საზოგადოების ნდობა 26 მაისს გამართული აქციით.
„ყველამ ნახა, როგორ ჩაიშალა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება 26 მაისს. მათ სურდათ ეს დღე საზეიმო და სიმბოლური გაეხადათ, ევროპარლამენტარებიც კი დაპატიჟეს, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი უბრალოდ სასაცილო გამოვიდა. შედეგად, მათი ჯიუტობა და მუდმივად დასავლეთზე ორიენტირება საზოგადოებაში გაღიზიანებას იწვევს“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ. პოლიტპატიმრების თემა, მტკიცებულებებსაა მოკლებული და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც არ ისმის მსგავსი შეფასებები.
„თუ ოპოზიციის ბრალდებები სამართლიანი იქნებოდა, ამას საერთაშორისო პარტნიორებიც დაადასტურებდნენ, მაგრამ როცა ყველაფერი ტყუილზეა აგებული და კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ წამოწყებული კამპანიების ნაწილი ხდება, ამას საზოგადოება მარტივად ხვდება. საერთაშორისო ორგანიზაციები დეტალურად სწავლობენ ფაქტებს, სანამ ვინმეს პოლიტპატიმრის სტატუსს მიანიჭებენ და ამ მხრივ არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ საქართველოში თუნდაც ერთი პოლიტპატიმარი არსებობს“, - აცხადებს მამრაძე და მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საქმეს ასახელებს.
„საუკეთესო მაგალითია სააკაშვილის საქმე - საზოგადოებამ იხილა, როგორ გაბათილდა მისი და მისი გუნდის მხრიდან გავრცელებული არასწორი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ევროპარლამენტარებიც მონაწილეობდნენ, საბოლოოდ სიმართლე მაინც გამოვლინდა. ამიტომაც უკვე შეურაცხმყოფელი ხდება ოპოზიციის დაჟინება, თითქოს მათ ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება აქვთ“, - ამბობს მამრაძე.
მისი თქმით, საზოგადოება თვითონვე აჩვენებს საკუთარ პოზიციას და ხალხს რომ ახალი არჩევნების სურვილი ჰქონოდა, ამას პროტესტით და ქუჩაში გამოსვლით დააფიქსირებდა.
„სად არის ეს მასობრივი პროტესტი, რატომ ვერ ახერხებენ 20 კაცზე მეტის შეკრებას რუსთაველზე? დღეს ხელისუფლებას სჭირდება სიმშვიდე, რაციონალური მოქმედება და პრაგმატული ნაბიჯები. მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ მოქალაქეები დაარწმუნონ, მივიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე და საარჩევნო ყუთებთან დააფიქსირონ, ვის ენდობიან რეალურად“, - ამბობს პეტრე მამრაძე.