რა სახის პოლიტიკური გათვლაა ნიკა მელიას დაკავება, როგორც ოპოზიციისთვის ასევე ხელისუფლებისთვის? ფაქტია, არც ერთი მათგანი არ აპირებს პოზიციების დათმობას და ცდილობენ ეს ფაქტი საზოგადოებაში პოლიტიკური გავლენისთვის გამოიყენონ. ერთ მხარეს არის ხელისუფლების არგუმენტები და პოზიცია, ხოლო მეორე მხარეს ოპოზიციის იმ ნაწილის გათვლები, რომლებიც გირაოს გადახდაზე უარს ამბობს. პრინციპულობა, თუ კარგად გათვლილი პოლიტიკური მანევრი? კითხვა პასუხს მოითხოვდა და ხელსიუფლებამაც არ დააყოვნა.
29 მაისს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, თბილისში დააკავა. როგორც უწყებაში განმარტეს, საქმე ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევას, კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას. თუმცა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს უბრალოდ დაკავება არ იყო, ეს იყო მიზანმიმართული „პოლიტიკური გატაცება“.
მელიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ მისი დაკავება ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილია, ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციისა და ქუჩის პროტესტის განმუხტვისთვის. მათი თქმით, მელია ბოლო პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საარჩევნო ბოიკოტზე მსჯელობაში და გამოხატავდა სურვილს, უფრო მწვავე ტაქტიკაზე გადასულიყო, მათ შორის - დაუმორჩილებლობის სხვადასხვა ფორმით. მისი დაკავება, მათი შეფასებით, სწორედ ამ პოლიტიკური ხაზის შედეგია.
თავად ნიკა მელია, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ემზადებოდა პერფორმანსისთვის - წინა, 2021 წლის მსგავსად, როცა ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბარიკადებში გამაგრდა და არ ემორჩილებოდა პოლიციას. ამჯერადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელიას სურდა ოფისში გამაგრება და იმავე ტიპის დაპირისპირების ინსცენირება. ამას ამყარებს მისი ფეისბუქ-პოსტი, სადაც გირაოს გადახდაზე გადაწყვეტილებას მხარდამჭერებს ეკითხებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ძალოვანებმა მას მოქმედების დროც კი არ მისცეს, ოპერატიულად აიყვანეს და ოფიციალურად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ნიკა მელიას დაკავება მხოლოდ სამართლებრივი პროცესია და პოლიტიკური ზეწოლასთან კავშირი არ აქვს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, „არავინ არ დგას კანონზე მაღლა“ და თუ მელია პოლიციელს სიტყვიერად შეურაცხყოფს, პასუხისმგებლობაც უნდა იკისროს.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მელიას მიზანი და პოლიტიკური გეგმაა, რომ სახელმწიფოსთან დაუმორჩილებლობის ატმოსფერო შექმნას.
„მელიას მიმართ და არა მხოლოდ მის მიმართ - მთელი მისი გუნდის მიმართ ძალიან მძიმე კითხვებია. როცა ასეთ ვითარებაში პოლიციელს შეაგინებ, ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში მკაცრად დაისჯები. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ეს არის არა მხოლოდ კანონებიდან გადაცდომა, არამედ გარკვეული სტრატეგიული გეგმა იმისთვის, რომ საქართველოში განუკითხაობის ატმოსფერო დაამყარონ. მელიას მოქმედებები ამას ემსახურება - დაწყებული სამაჯურის მოხსნით, დამთავრებული პოლიციელისათვის შეურაცხყოფის მიყენებით. რეალობა არის ეს და თუ ამ რეალობაში დააკავეს, ვინმე ამას გატაცებას დაარქმევს და ვიღაც - კანონის აღსრულებას. რომელია მართალი, ამას საზოგადოება გადაწყვეტს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
თუმცა, ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ მელიას დაკავება შესაძლოა ხელისუფლებისთვის ერთგვარად რისკიანი ნაბიჯიც იყოს. წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციური ლიდერების დაკავება - თუნდაც ადმინისტრაციული ფორმით - საერთაშორისო დონეზეც, შესაძლოა, კრიტიკის საგანი გახდეს. მეორე მხრივ, მმართველი გუნდისთვის ეს შესაძლოა იყოს მკაცრი მმართველობის დემონსტრირება - გზავნილი, რომ სახელმწიფო კონტროლს არ დაკარგავს და ოპოზიციური პროვოკაციები არ გაუვათ.
ფაქტია, ოპოზიციის ამ ნაწილის გათვლა კონფრონტაციის ესკალაცია და ყურადღების მათზე კონცენტრაციის მცდელობაა.
ნიკა მელიას მხრიდან ხელისუფლებასთან საჯარო დაპირისპირება და სკანდალური დაკავება არ არის ახალი სტრატეგია. როგორც 2021 წელს, ის ახლაც, სავარაუდოდ, ცდილობდა პროცესი მედიისთვის საინტერესო და სიმბოლურ პოლიტიკური აქტად ექცია, მით უფრო მაშინ, როცა ოპოზიცია განიხილავს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს და საჭირო ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის მობილიზება და პოლარიზაცია.
დაკავება ამ კუთხით შეიძლება იყოს მელიას მხრიდან გათვლილი ნაბიჯიც - ის აჩვენებს ოპოზიციისადმი სახელმწიფოს დისპროპორციულ ძალადობას და ამით შესაძლოა, უფრო მეტად გაააქტიუროს ანტი-სახელისუფლებო განწყობები. თუმცა, მოქმედი კონტექსტის გათვალისწინებით, არსებობს რისკიც - საზოგადოების ნაწილისთვის მსგავსი ქმედებები შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც პოლიტიკური თამაშის ნაწილი და არა პრინციპული ბრძოლა.
საბოლოოდ ვის გამოადგება ეს დაპირისპირება?
ნიკა მელიას დაკავება, როგორც წესი, ყურადღების ცენტრში აყენებს მას და მის პოლიტიკურ ძალას. მაგრამ ეს ასევე აძლევს ხელისუფლებას არგუმენტს, რომ ოპოზიცია არ იცავს კანონს და მიზანმიმართულად ცდილობს სახელმწიფოს დესტაბილიზაციას. მმართველ გუნდს სჭირდება სტაბილურობის იმიჯის შენარჩუნება, ხოლო ოპოზიციას - კონფლიქტის ესკალაცია, რათა პროტესტი არ ჩაქრეს.
შესაბამისად, ეს დაკავება ორივე მხარისთვის ერთდროულად არის გამოწვევაც და შესაძლებლობაც - ხელისუფლებისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის იმიჯის შენარჩუნება, ხოლო მელიასთვის - პოლიტიკური სიმბოლოს პოზიციის განმტკიცება.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი ნიკა მელია უკვე დიდი ხანია პოლიტიკურ გვამად არის ქცეული. როგორც მან for.ge-თან საუბარში აღნიშნა, ყოფილი პოლიტიკოსის მცდელობა დაკავებით პოლიტიკური რეანიმაცია მოახდინოს, განწირულია წარუმატებლობისთვის.
„ნიკა მელია, საბოლოოდ, მაშინ გადაიქცა პოლიტიკურ გვამად, როცა განაცხადა, ვინც პარლამენტში შევა, „პუფი“ იქნება. აი, იმ დღიდან, ეს ადამიანი თავად იქცა პოლიტიკურ „პუფად“, რომელზეც ყველას შეუძლია ჩამოჯდეს. სწორედ მაშინ დასრულდა მისი პოლიტიკური არსებობა. მელია ცდილობს, საკუთარი თავის რეანიმაცია მოახდინოს, მაგრამ იქიდან, საიდანაც ის ცდილობს გამოსვლას, ყველა ვერ ბრუნდება - ვერც მელიამ შეძლო. ვერ გათვალა, ვისთან ჰქონდა საქმე. ეგონა, ისევ 2021 წელია, როცა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო. დღეს ხელისუფლების სათავეში ირაკლი კობახიძე დგას - ძლიერი და შეკრული გუნდის ლიდერი. ამიტომ მელიას სცენარები და ოფისში გამაგრების მცდელობა წარსულში დარჩა“, - აცხადებს გვენეტაძე.
მისივე შეფასებით, არც მელიას და არც მის ირგვლივ მყოფ ოპოზიციურ ფიგურებს - გვარამიასა და ჯაფარიძეს - შანსი არ აქვთ, რომ პოლიტიკური რეაბილიტაცია მოიპოვონ. საზოგადოებაში მათი დისკრედიტაცია უკვე დასრულებულია.
„ამ ადამიანებს არავის მისცემს შანსს, რომ პოლიტიკურად რეაბილიტირდნენ. არ ვიცი, ვისთვის იტყუებენ თავს ან ვისთვის დგამენ ამ სპექტაკლებს - შესაძლოა, დასავლეთში ცდილობენ ვიღაცის დარწმუნებას, თითქოს რამეს წარმოადგენენ. მაგრამ ქართველი ხალხისთვის მელია, გვარამია და ჯაფარიძე, პირდაპირ რომ ვთქვათ, უსიამოვნო ფიგურები არიან. მათი ქცევა, ეს ვითომ თავგანწირვა და მაიმუნობა, სრულიად გაუგებარია საზოგადოებისთვის. ხალხს ეს არც აღელვებს და არც აინტერესებს“, - ამბობს ანალიტიკოსი.
გვენეტაძე მელიასა და გვარამიას „ნაცდამნაშავე კლასტერს“ მიაკუთვნებს და აცხადებს, რომ ისინი ქვეყნის შიგნით გავლენას ვეღარ მოიპოვებენ, რამდენიც არ უნდა იბრძოლონ.
„მელიას, ალბათ, ჰგონია, რომ ან ჩე გევარაა, ან ფიდელ კასტრო. სინამდვილეში, ის ჩვეულებრივი შარლატანია, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს. მისი მორიგი მცდელობა, რომ სახელმწიფო სისტემებს დასცინოს, განწირულია. მელია ცდილობს, ხელისუფლება სუსტი წარმოაჩინოს, დისკრედიტაცია მოახდინოს პოლიციისა და სასამართლოს, მაგრამ სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს სცემს - კანონის ფარგლებში. მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან გვაქვს საქმე, პოლიტიკოსთან თუ სხვა მოქალაქესთან, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. სახელმწიფო სტრუქტურების დაცინვა, დისკრედიტაცია და დემორალიზაცია არავის გაუვა, მით უმეტეს - მელიას“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.