31 მაისიდან ოპოზიციური აქტივისტები რეგიონებში გასვლას იწყებენ, რათა მოსახლეობასთან შეხვედრების გზით აუხსნან, რატომ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ბოიკოტის სტრატეგიას მხარს უჭერს, საარჩევნო ადმინისტრაციას არ ენდობა და მიაჩნია, რომ ამ პირობებში არჩევნებში ჩართვა არაკონსტრუქციულია.
თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, ბოიკოტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჩვენებელი პროტესტის ფორმად წარმოჩნდეს, მიმდინარე რეალობაში ის ნაკლებად ახდენს რეალურ ზეწოლას ხელისუფლებაზე. პირიქით - ოპოზიცია შესაძლოა აღმოჩნდეს იზოლირებულ პოლიტიკურ ველზე, სადაც მისი შესაძლებლობები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის ბოიკოტს აქტიური კონტრპიარით უპასუხებს, რისი გარკვეული ნიშნები უკვე იკვეთება.
მიუხედავად ანალიტიკოსების შეფასებებისა, ოპოზიციაში მაინც არაა ერთიანი პოზიცია. „ახლის“ ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ რეგიონებში ივლის, რათა ხალხს აუხსნას რატომ არ აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
„დღეს არ არის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი, რომ ადგილობრივი არჩევნები იმ პირობებში ჩატარდეს, რა პირობებითაც „ქართული ოცნება“ გეგმავს. ჩვენ მივდივართ რეგიონებში, რომ ხალხს ავუხსნათ, რატომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა თამაშში, რომელიც თავიდანვე გაყალბებულია“, - აცხადებს მელია.
ბოიკოტის პოზიციას ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ღიად უჭერს მხარს. მისი შეფასებით, ცესკო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის და დღეს ქვეყანაში არ არსებობს საარჩევნო გარემო, რომელიც არჩევნებს რეალურ მნიშვნელობას მიანიჭებს.
თუმცა ოპოზიციაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს. მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. გახარიას თქმით, ბრძოლა შიგნიდან არის საჭირო: „ქვეყნის გაჯანსაღებისთვის აუცილებელია ყველა დემოკრატიული ბერკეტის გამოყენება. არჩევნებში მონაწილეობა და მანდატებისთვის ბრძოლა სწორედ ეს ბერკეტია. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, რომელსაც ენდობა“, - აცხადებს გახარია.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ასევე ემხრობა არჩევნებში ჩართვას. მათი შეფასებით, ოპოზიცია არ უნდა დაიხიოს და ბრძოლა ყველგან უნდა გააგრძელოს - იქნება ეს ქუჩა, პარლამენტი თუ ადგილობრივი თვითმმართველობა.
მმართველ პარტიაში ოპოზიციის ბოიკოტს პოლიტიკურ საფრთხედ არ აღიქვამენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციამ იცის საკუთარი რეიტინგი და არჩევნების შიში ამიტომ აქვს.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის ბოიკოტი კომფორტული გადაწყვეტილებაა მაშინ, როდესაც არჩევნებში მონაწილეობა მათი რეიტინგის მტკივნეულ სურათს აჩვენებს. ეს არის უკვე გამოცდილი ხრიკი, რომელიც, საბოლოოდ, მხოლოდ ოპოზიციას აზიანებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის არჩევნებისთვის და სწორედ ამ პროცესით აპირებს კიდევ ერთხელ დაამტკიცოს ხალხის მხარდაჭერა.
„ჩვენ გვაქვს მყარი მხარდაჭერა მოსახლეობაში და ამ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ. ვინც ბოიკოტს ირჩევს, თავის ამომრჩეველს რეალურ ალტერნატივას არ სთავაზობს“, - თქვა კობახიძემ.
ბოიკოტის იდეა მმართველი გუნდის წევრებმაც გააკრიტიკეს. მათი შეფასებით, ოპოზიცია საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს, მაშინ, როცა რეალურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვა არ სურს.
მიუხედავად ბოიკოტის მოწოდებებისა, უკვე ცხადია, რომ ოპოზიცია ერთიანად ამ გზას არ ირჩევს. არჩევნებში მონაწილეობისა და მისი ბოიკოტის პარალელური სტრატეგიები აჩენს კითხვას - შეძლებს თუ არა ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას და რამდენად დააზიანებს მის პოზიციებს არჩევნებიდან გასვლა?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიის ეფექტურობას, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი მიმართავს. ძაბირაძე for.ge-თან მიიჩნევს, რომ ეს არა მხოლოდ მცდარი, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით მავნე გზავნილია.
„არანაირად არ ვამართლებ იმ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია არწმუნებს მოსახლეობას, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრი არ აქვს. პირიქით – დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემა სწორედ ხალხის მობილიზაციაა და თუ რამე ინსტრუმენტი არსებობს, რომელმაც ამ მობილიზაციას შეიძლება რეალური შინაარსი მისცეს, ეს სწორედ ადგილობრივი არჩევნებია,“ - აცხადებს ძაბირაძე.
მისივე განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნები ხალხს პირდაპირ ეხება, რადგან ბევრ მოქალაქეს აქვს უშუალო მონაწილეობა ამ პროცესში მიღებული.
„თუ ადგილობრივი არჩევნები გაყალბდება, ამას ხალხი საკუთარ თავზე იგრძნობს. ბურჭულაძის ან სხვა ლიდერის გამოსვლა საჭირო არ იქნება-საზოგადოება თავად მიხვდება, მოხდა თუ არა მანიპულაცია. ეს მთლიანად ცვლის პროტესტის ხარისხსა და მის შედეგს“, - ამბობს ის.
ძაბირაძე ოპოზიციას მოუწოდებს, არ გაუშვას ხელიდან ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, რომ სრულფასოვნად იმოქმედოს საკუთარ ამომრჩეველზე:
„დღეს ოპოზიციას არ აქვს ფუფუნება უარი თქვას იმ იშვიათ სივრცეზე, სადაც მას შეუძლია ამომრჩევლის მობილიზება. სხვა ბერკეტი, პირდაპირი კონტაქტისა და რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობით, უბრალოდ, არ არსებობს. და თუ ამას ვერ აცნობიერებენ, მაშინ - რაც იქნება, იქნება“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, ბოიკოტი სწორედ ის სცენარია, რომელიც ყველაზე მეტად აწყობს ხელისუფლებას.
„თუ ოთხმა პარტიამ უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესშია. ის, რასაც ოპოზიცია ბოიკოტად განიხილავს, სინამდვილეში ხელისუფლებისთვის ყველაზე სასურველი მდგომარეობაა“, - აცხადებს ძაბირაძე.
ბოლოს, ის აკრიტიკებს იმ ოპოზიციურ ნარატივს, რომელიც ლეგიტიმაციის თემაზე აპელირებს და მიიჩნევს, რომ ეს არგუმენტები რეალურ პოლიტიკურ ვითარებას ჩამოშორებულია.
„მოსამართლეს მაინც უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ლეგიტიმაცია - ან იურიდიულად, ან პოლიტიკურად. ოპოზიციაში კი, არ მგონია, ვინმეს ამაზე კომპეტენტურად შეეძლოს საუბარი. ამიტომ ეს რიტორიკა მხოლოდ ხმაურია, ფუჭი გასროლა, რომელსაც შედეგი ვერ ექნება და რეალურად ამას ქვეყნის შიგნით არანაირი ძალა აღარ აქვს. ფაქტია, რომ ხალხში ეს განცდა არ არის და ოპოზიციამ ამაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ დაარწმუნა. ამიტომ ახლა რა გარანტიაა, რომ ისინი ხალხს დაარწმუნებენ იმაში, თუ რატომ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა? ეს იქნება პოლიტიკური ველის სრული გაბანკროტება, თანაც იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ამას პიარის კუთხით ძალიან კარგად გამოიყენებს“, - ამბობს ის.