აბუ-დაბიდან რუსთავის მე-12 პენიტენციალურ დაწესებულებაში დაბინავდა. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებულია. სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბაჩიაშვილი დააკავეს.
როგორ აღმოჩნდა ბაჩიაშვილი აღნიშნულ ტერიტორიაზე და რატომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, საიდანაც მანქანის საბარგულით გაიქცა, ამის შესახებ 29 მაისს სასამართლო პროცესზე თავად ისაუბრებს. ბაჩიაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე. ეს არის „მტკვარი ჰესის“ საქმე, სადაც ბაჩიაშვილს გამოძიება გულგრილობას ედავება.
გახმაურებული საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება განხორციელდა იმისათვის, რომ მომხდარიყო ბაჩიაშვილის დაკავება და საქართველოში წარმოდგენა.
„რაც შეეხება ე.წ. „მტკვარი ჰესის“ საქმეს, ეს საქმე ეხება მისი მხრიდან გულგრილობის ჩადენას. პროექტი, რომელიც, დაახლოებით, უნდა დამჯდარიყო 140 მილიონი, დაჯდა 240 მილიონი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო და შესულიყო ექსპლუატაციაში, დღეის მდგომარეობითაც არ არის ექსპლუატაციაში შესული. შესაბამისად, რიცხვები ყველაფერზე ძალიან მარტივად მეტყველებს“, - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.
დაკავებულს შეხვდა მისი ქართველი ადვოკატი ლევან მახარაშვილი, რომლის განცხადებით, ბაჩიაშვილმა კონკრეტულ დეტალებაზე საუბარი აუკრძალა. როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით განცხადებას 29 მაისს გააკეთებს. დღის ბოლოს გამოცემა The Guardian-მა გაავრეცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა დააკავა, რის შემდეგაც დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გაამგზავრეს.
ინფორმაციას გამოცემა ბაჩიაშვილის მეგობრებსა და ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემას დაკავებულის მეგობარი უყვება, ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ჯუმეირას სანაპირო სასტუმროში მივიდა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად. ამის ნაცვლად, წყაროების ცნობით, ის სასტუმროს „ვესტიბიულში“ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრმა დააკავა, რის შემდეგაც ის დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გაამგზავრეს.
„ეს დაკავება სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა, ადგილობრივი გუნდი ჰყავდა და მათთან ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს. ძალიან შეშფოთებული ვარ ჩემი კლიენტის წინააღმდეგ წამების გამოყენების შესაძლებლობაზე, ვინაიდან, საქართველო უარყოფითად ცნობილია თავისი საშიში და კორუმპირებული გარემოთი, ასე რომ, ეს რეალურ, მძიმე შეშფოთებას იწვევს“, -განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხმაურიანი საქმის მთავარი ფიგურანტის დაკავება პირდაპირ უკავშირდება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას. ამ ვერსიას შეურაცხმყოფელს უწოდებს ირაკლი კობახიძე, რომლის განცხადებით, შეიძლება იცოდეს ვიღაცაზე მეტი, მაგრამ დეტალებზე ინფორმაციის გავრცელება სუს-ის ფუნქციაა და შესაბამისად, მთავრობის მეთაურმა დეტალების გახმოვანებისგან თავი შეიკავა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებლები. კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მე შეიძლება ვიცოდე ვიღაცაზე მეტი, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია და ეს კითხვები მისკენ უნდა იყოს მიმართული. ვერც ერთ დეტალზე ვერ გიპასუხებთ.
რაც შეეხება ვერსიას, რომ ბაჩიაშვილის დაკავება ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურის მოხსნასთან არის კავშირში, ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს ინტერესებს.
რაც შეეხება ზურაბ პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე, რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი და ამას არაფერ სხვასთან არ ჰქონია შემხებლობა. მიზეზი იყო ის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. რა შუაშია აქ რაიმე სხვა დეტალი?! ბევრად უფრო ადრე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვიდრე გადაწყვეტილება სხვა საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად ეს არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რა თქმა უნდა, განსხვავებულია რადიკალური ოპოზიციის შეფასება. მაგალითად „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც ივანიშვილს უნდოდა, ის შედეგი დაიდო. გახარიას თქმით, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის.
„არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის ნათქვამ სიტყვებს არ გავიგებ. ეს ყველაფერი მეორე, მესამე, მეოთხე წყაროებიდან საუბარი... არ ვიცი. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, სამართლიანობა და გამოძიება არსებობს მხოლოდ ელიტარული ოჯახებისთვის და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. როცა ერთ კონკრეტულ ადამიანს დასჭირდა, პროკურატურაც ამუშავდა, სუს-იც და რაც მას უნდოდა, ის შედეგი დაიდო. ეს შედეგი სამართლიანი არის თუ არა, ეს არავის ადარდებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა მოვუსმინოთ გიორგის, რას იტყვის“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძეს შეფასებით, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს კრიმინალურად და ეს არის დასტური თუ როგორ მოიპოვა ბაჩიაშვილი, რომელიც აღმოჩნდა სინამდვილეში ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლში.
„თუ ბაჩიაშვილის ექსტრადიცია ოფიციალურად მოხდა, რატომ არ გადმოსცეს ის ოფიციალურად ქართველ სამართალდამცველებს? თუ ეს იყო კრიმინალური ხერხებით მოპოვება, რაზეც მიუთითებს ბაჩიაშვილის აღმოჩენა სასაზღვრო პუნქტებს შორის მწვანე ზოლში, ეს არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს კრიმინალურად და ამ კრიმინალურ მმართველობაში ჩართული ჰყავს საერთაშორისო ქსელები, რომლებთანაც წლებია თანამშრომლობს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის ვერდიქტის მსხვერპლია. ის ტყვედ აჰყავთ იმისთვის, რომ თანხა, რასაც ივანიშვილი ედავება, პატიმრობის პირობებში გამოსძალონ. „ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ხალხი ციხეში მიდის, ბაჩიაშვილიც ივანიშვილის ვერდიქტის მსხვერპლია. ეს ადამიანი არის არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ მეწარმე, რომელსაც ფული უნდა გამოსძალონ. ამ მიზნით სვამენ ციხეში, ტყვედ აჰყავთ იმისთვის, რომ ის თანხა, რასაც ივანიშვილი მას ედავება, პატიმრობის პირობებში გამოსძალოს. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუ ბაჩიაშვილს რამე დანაშაული აქვს ჩადენილი, ე.ი. ივანიშვილსაც ჩადენილი აქვს, ერთად აკეთებდნენ ე.წ. მაინინგს, ერთად გამოიმუშავებდნენ ბიტკოინებს, ერთად შოულობდნენ ფულს. ვინ არის მტყუან-მართალი, ამას ამ სასამართლოს პირობებში ვერ გავარკვევთ, ამის არავის სჯერა. ამ ადამიანს ციხეში მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ივანიშვილმა ფული გამოსძალოს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მაშ ასე, რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ე.წ. საპროტესტო აქციების მთავარი დამფინანსებელი დაკავებულია, მაგრამ ახლა საინტერესოა რა გაგრძელება მოჰყვება მის დაკავებას როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივი კუთხით.
ანალიტიკოსი თემურ მაისურაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბაჩიაშვილი, პოლიტიკურად არ წარმოადგენს წონად ფიგურას და წარმოუდგენელიც არის, რაიმე გზით მისთვის პოლიტიკური წონის შეძენა, მით უმეტეს მისი პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება.
„როდესაც ადამიანი საზოგადოებისთვის თავიდანვე მკაფიოდ უარყოფითი იმიჯით ხდება ცნობილი, ურთულეს ამოცანას წარმოადგენს მისგან დადებითი ლიდერის გამოძერწვა. სრულიად უცნობი ფიგურისგან ბევრად ადვილია მსგავსი მიზნის მიღწევა. ამის გაკეთებას საქართველოს მოსახლეობის დემორალიზებული ნაწილისთვის კი საერთოდ არა აქვს აზრი, რადგან მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჯამური ხვედრითი წონა იმაზე ბევრად მწირია, ვიდრე საჭიროა კრიტიკული მასის ფორმირებისთვის“, - აცხადებს თემურ მაისურაძე.
რაც შეეხება ამ საქმის სამართლებრივ მხარეს, როგორც მაისურაძე აცხადებს, გიორგი ბაჩიაშვილს მოუწევს სასჯელაღსრულებით უწყებაში გამოტანილი განაჩენის ბოლომდე მოხდა. ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების კუთხით კი, მისი თქმით, ცოტა რთულად გვაქვს საქმე.
„გასაგებია, რომ საქართველოში, მის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას დაედება ყადაღა დაზარალებულის სასარგებლოდ, მაგრამ მიყენებული ზარალის სრულფასოვან ანაზღაურებას ესაჭიროება ბევრად მეტი, რაც ბაჩიაშვილს უცხოურ ორგანიზაციებში და ბანკებში აქვს განთავსებული. უცხოური საფინანსო ინსტიტუტებისთვის, საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება არ ითვლება სავალდებულოდ. შესაბამისად, დაზარალებულ მხარეს, მოუწევს საქმის გადატანა საერთაშორისო საარბიტრაჟო უწყებებში თუ დამნაშავე ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებს. ამის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება ზარალის სრულად ანაზღაურება, თუმც ბოლო წლების მოვლენებმა გვიჩვენა, რომ საერთაშორისო სამართალი უკვე ძალიან მოიკოჭლებს და იგივე ბიძინა ივანიშვილის საქმეებს თუ განვიხილავთ Credit Suisse-თან მოგებულ საქმის მაგალითზე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ყოვლად გაუმართლებელმა და გაუგონარმა დაგვიანებამ, კინაღამ სულ ჩამოშალა Credit Suisse-ის ავტორიტეტი, თუმც პოლიტიკური „მიზანშეწონილობის“ გამო, კინაღამ მთელი დასავლეთი ღიად წავიდა ამ რისკზე. მას შემდეგ, ვითომ შეიცვალა რამე? უარესობისკენ კი ბატონო, მაგრამ გამოსწორებისკენ ვერც კი ვხედავ რაიმე ნიშანწყალს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძემ.
ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის შეფასებით, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება რადიკალების გუშინდელი აქციის შთამბეჭდავი ფინალია.
„გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელი დაკავება და „ვირის აბანოში“ მოთავსება იყო „ოპოზიციის“ გუშინდელი „კომიქსების“ სიმბოლური და შთამბეჭდავი ფინალი - ვითარცა მარწყვი, თუ ალუბალი ტორტის თავზე. მოწვეულ ალქაჯებთან ერთად ჩატარებული გუშინდელი საღამოს შაბაშის თაობაზე, მისი წამყვანისთვის უცხო, ქართულ ენაზე, არსებობს შეფასებათა მთელი კრებული, რომლის მხოლოდ ერთ ნაწილს შემოგთავაზებთ, დანარჩენს დარწმუნებული ვარ უხვად შეავსებთ კომენტარებში.
მაშ რა მოხდა გუშინ? რა დაემართა ოპოზიციას? გათავდა, განისვენა, მზეს მოსწყდა, წუთისოფელი მოჭამა, დღე გაუშავდა, სული ამოსძვრა, მიწამ პირი უყო, თქვენი ჭირი წაიღო, სამუდამოდ მიიძინა, ბოლო მოეღო, გადაეგო, საიქიოს გაემგზავრა, ჩაბარდა პატრონს, ჩაკვდა, ჩაიღრძო, ჩაძაღლდა, ფეხები ფშიკა, წაპარჭიკდა, შაბზე და მარილზე წავიდა, წერილი წაიღო, ტყავი გაჭიმა, ყალიონი მიაყუდა, მწუხარებამ წუთისოფელს მოაშორა, გავიდა გაღმა, ფეხზე ცხვარი მოიბა, მიიჩოჩა ზალისკენ, ქუსლით ერთიანი გახაზა - ეს არის ჩემი მოკლე შეფასება სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ „აღლუმზე“, - წერს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ასეთია ღვთით კურთხეულ საქართველოში მოღალატეთა, უმადურთა, უსამშობლოთა და მათ საზღვარგარეთელ მხარდამჭერ არამკითხე მოამბეთა ბედი.
„სალომე ბაბო, მელია, ბანი ბურჭულაძე, გედეონა, ტელედუქან „ფორმულას“ ლომები გუბაზა საკუთარ ვეჟ ლევანათურთ... გვემუქრებოდნენ 2025 წლის 26 მაისს ისეთ ტანჯვად გიქცევთ, რომ 2011 წლის 26 მაისის ღამე მოგენატრებათო, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, პირიქით კი მოხდა. სალომემ წუხელის უკვე მერამდენედ ისევ ჩაისვარა.
სუს-მა მოღალატე, სხვისი ქონების მიმთვისებელი, უმადური და საზღვრის უკანონო გადამკვეთი გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა და მიაბრძანა „ვირის აბანოში“. ამ ამბების გამგონე ბალტიისპირელ რასა იუკნევიჩიანემ უთენია ქოშები უკუღმა უყრია, კუდამოძუებული გაქცეულა, თანაც დაუბარებია ჩემი ფეხს ამიერიდან აქ ვერ ნახავთო. ვურჩევ მის აქ გამომგზავნ პატრონებს, მიხედონ ამ საბრალოს ამდენი უშედეგო გამოფრენა-გაფრენის შემდეგ ვინძლო საკუთარ თავს შფოთი არ აუტეხოს და ბალტიის ზღვაში თავი არ დაიხრჩოს. ასეთია ღვთით კურთხეულ საქართველოში მოღალატეთა, უმადურთა, უსამშობლოთა და მათ საზღვარგარეთელ მხარდამჭერ არამკითხე მოამბეთა ბედი“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.