ცივილიზებული მსოფლიო ყირიმში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ძალას არ იშურებს, თუმცა ყირიმის რადას მიერ დაგეგმილი რეფერენდუმი, სადაც უკრაინისგან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის გამოყოფისა და რუსეთთან შეერთების საკითხი გავა, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსებს მინიმუმამდე ამცირებს.
უკრაინაში განვითარებული პროცესები, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით რეზონანსულია საქართველოში, ვინაიდან ყირიმის პოტენციურ ოკუპანტ რუსეთს, საქართველოს 20 % აქვს ოკუპირებული და უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ მოვლენების განვითარების შემთხვევაში საშიშროებას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასაც უქადის.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის ზღვარზეა, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გაგრძელებაზე საუბრობსGeorgian Press -თან საუბრისას ექსპერტი ვაჟა ბერიძე, რომელსაც ქვეყნის გარე და შიდა საფრთხეებზე ვესაუბრეთ:
ვაჟა ბერიძე: თავისთავად ცხადია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არა მარტო სტრატეგიული ამოცანა გვაქვს ხორცშესასხმელი , როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანება და ნატოში შესვლა, არამედ მოსაწესრიგებელი გვაქვს ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ფლობს საქართველოს ტერიტორიის ოც პროცენტს. მხოლოდ აპელირება იმაზე, რომ დასავლეთი ჩვენს მაგივრად დაელაპარაკება რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომით ჩვენ შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას , ნაკლებად რეალურად მეჩვენება. ამისათვის მოგვიხდება პირდაპირი დიალოგის წარმოება რუსეთთან. ეს იქნება ძალიან მძიმე და რთული დიალოგი, მაგრამ ამის გარეშე ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თემას.
ამიტომ მე მესმის მმართველი გუნდის ზომიერების უკრაინასთან მიმართებაში, რომლებიც რუსეთისთვის მუშტების მოღერების " ნაციონალური მოძრაობისეულ " პოლიტიკას არ იზიარებენ და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად სოლიდარობის მეშვეობით ცდილობენ უკრაინელ ხალხს დაუდგენენ გვერდში და აღმოუჩინონ დახმარება.
-რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობთ, მაშინ როცა ყირიმში განვითარებული მოვლენების გამო მთელდასავლურ ცივილიზებულ სამყაროს უჭირს პუტინთან დიალოგი, მეტიც მის არაადეკვატურობაზე და დამპყრობლურ მისწრაფებებზე უკვე ღიად საუბრობენ წამყვანი ქვეყნების ლიდერები...
- ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ დიალოგის გარეშე, დამდურებით რა შედეგს მივიღებთ! ჩვენს გამო ნატო-ს შეიარაღებულ ძალებს არავინ არ დაძრავს რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთი უკრაინაშიც არ მიდის ამაზე, აქედან გამომდინარე ჩვენ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ ყოველთვის რუსეთთან მიმართებაში.
ყირიმში აფხაზეთისა და ოსეთისაგან განსხვავებული სიტუაციაა, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პრინციპებიდან გამომდინარე, არამართლზომიერია პუტინის მიდგომები . ამიტომ, რა თქმა უნდა, დასავლური სამყაროსთვის მიუღებელია მისი მოქმედებები ყირიმში, მითუმეტეს როცა საუბარია ერთი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის, მეორე სახელმწიფოსთვის მიერთებაზე.
ყირიმში რეფერენდუმის საკითხის დაყენებას რუსეთის წაქეზებით და შემდეგში მოსალოდნელ გართულებებს, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც კი ყირიმში უკრაინისგან გამოყოფის საკითხი დადგა, მაშინვე გაჩნდა შემოგდებული თემები, როგორიცაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების საკითხი რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით. ეს არის რა თქმა უნდა ბრიყვული პოზიცია, მისი ავტორებისა. დღეს მთელი მსოფლიო მობილიზებულია თავიდან აიცილოს სამხედრო დაპირისპირება და სანქციებს მიმართავენ ჯერჯერობით, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები რთული სათქმელია.
რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს,"ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ცდილობს ხელისუფლებისდისკრედიტირებას, ჯერჯერობით განცხადებებით, ასევე გახშირდა ევრომაიდნის ანალოგებზე საუბარი... "ოცნების" მთავრობის რეიტინგის ვარდნის ფონზე, რასაც უმეტესწილად სოციალურად მძიმე ფონი განაპირობებს, მოსალოდნელია პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად პროცესების ქუჩაში გადატანა?
- ხელისუფლების რეიტინგის დაწევა ბუნებრივია, ვინაიდან მოლოდინი იყო ძალიან მაღალი და არაადეკვატური, მაგრამ ქართველი ხალხი უკვე პოლიტიკურ სიბრძნეს ნელ-ნელა ამჟღავნებს. გასაგებია "ნაციონალთა" მისწრაფებებიც, მათ უნდათ საპროტესტო ტალღის აგორება და შორეული ოცნების სახით მაიდნის განმეორებაც. თუ ამაზე წამოეგება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაშინ ეს განხორციელდება. მაგრამ საქართველოში განსხვავებული გარემოა, ხელისუფლების ცვლილებისას დასავლეთის ნება იყო მკაფიო, თუ გვინდოდა მასთან მეგობრობა, უნდა დაგვეშვა, რომ "ნაციონალური" მოძრაობა ყოფილიყო ერთადერთი ლეგიტიმური და რეალური ალტერნატივა "ქართული ოცნებისა", რასაც საბოლოო ჯამში საზოგადოებამაც და თავად ახლანდელმა სახელისუფლებო გუნდმაც ანგარიში გაუწია. თუ მომავალში "ნაციოლთა" დემაგოგიას ხალხი დაუჯერებს, დაბრუნდებიან კიდეც ხელისუფლებაში. მაგრამ არ მგონია, რომ ქართველი საზოგადოება, რომელმაც ძალიან ბევრი რეჟიმი გამოსცადა და ბევრი იმედგაცრუება მიიღო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, „ნაციონალების" დემაგოგიას ასე იოლად გაჰყვება.
მიუხედავად იმისა რომ,"ნაციონალთა" მიმართ არ აქვს ნოსტალგია მოსახლეობის დიდ ნაწილს, ღარიბაშვილის მთავრობას,არაეფექტურობას, უუნარობას და საკადრო პოლიტიკას უწუნებენ...
- საკმაოდ ძნელი იყო სრულფასოვანი კადრებით "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ფიგურების ჩანაცვლება, მათ ისეთი სისტემა შექმნეს ხელისუფლებაში ყოფნისას, რომ პოტენციური მოწინააღმდეგე ყველა გაანადგურეს. ამ პროცესში იყენებდნენ დისკრედიტაციას, ფინანსურ შევიწროებას, დევნას და ფაქტობრივად ალტერნატიული ძალა ქვეყანაში არ დარჩა. არც ალტერნატიული ფინანსური რესურსი არ ჰქონდათ პარტიებს რომ ფეხზე დამდგარიყვნენ, რათა ღირსეული წინააღმდეგობა გაეწიათ "ნაცმოძრაობისთვის". ვინც ამას ახერხებდა და პერიოდულ სახალხო აჯანყებას ლიდერობდა, მას მაშინვე მიაწებებდნენ პრორუსულის იარლიყს...
ამიტომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბუნებრივია გაჭირდა როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე ადგილებზე სათანადო კადრების დაკომპლექტების თვალსაზრისით.
რატომღაც ივანიშვილმა და მისმა მემკვიდრეებმა მნიშვნელობა მიანიჭეს უბიოგრაფიო ადამიანებს, როგორც შედარებით სუფთა წარსულის მქონეებს, მაგრამ , ვფიქრობ გამოცდილების შეძენა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ძალიან ძნელია. რაც შედეგზეც აისახება. დასავლეთში იმიტომაც ანიჭებენ უპირატესობას პოლიტიკოსებს, რომ ისინი წლების განმავლობაში ემზადებიან თანამდებობაზე ყოფნისთვის. შემდეგ კი არიან დაკვირვების ობიექტები და მათ ბიოგრაფიას იცნობს ამომრჩეველი, ამიტომ გამოცდილება იქ წინა პლანზეა.
მე მომხრე ვარ ბალანსის, ოქროს შუალედის, ხელისუფლებაში უნდა იყვნენ როგორც გამოცდილები, ასევე ახალი სახეები. მაინც მიმაჩნია რომ ხელისუფლებამ შესაძლებლის მაქსიმუმი გააკეთა, იმის გათვალისწინებით, რომ "ნაცმოძრაობა" მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა მის პროვოცირებას, სხვადასხვა მიმართულებით. ჩემდა სამწუხაროდ ამ პარტიამ ბოლომდე კათარზისი არ განიცადა, თავისი საქმიანობის ნეგატიური მხარეები 10 წლის მანძილზე არ დაგმო, რომ შემდეგ ქართულ საზოგადოებას გამოსდგომოდა, როგორც კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა.
საინტერესოა, პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი თუ შეძლებს განიცადოს კათარზისი და თუ აქვს მას საქართველოშიპოლიტიკური მომავალი? ან უკრაინაში მისი აქტიურობის მიზანი რა არის ამჟამად?
- როგორც ჩანს, ამერიკელები ფიქრობენ, რომ სააკაშვილის გამოყენება მათ შეუძლიათ. რომ არ იყოს ამერიკაში შესაბამისი სტრუქტურების ნება, ის უკრაინაში ასე თვითნებურად და დამოუკიდებლად ვერ იმოძრავებდა. ე.ი . დასავლეთი ფიქრობს, რომ მას გარკვეული პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია უკრაინაში, რადგან მსოფლიოში ჯერ კიდევ არის მითი ქართულ რეფორმებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილს და მის გუნდს ბევრი გადაცდომა ჰქონდა, იქ ჭკუას ეკითხებიან. ეს კი უკვე ამერიკელების და უკრაინელების გადასაწყვეტია და არა ჩვენი.
რაც შეეხება აქვს თუ არა სააკაშვილს პოლიტიკური მომავალი საქართველოში, ესეც არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. სააკაშვილს, რომელიც ფლობდა ყველა ბერკეტს და მოქმედებდა როგორც ნებადართული, ასევე აკრძალული წესებით, მოსახლეობამ უკვე უთხრა მტკიცე უარი.
მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა ამბობს, რომ საქართველოს პოლიტიკა ეყო და იცილებს პასუხისმგებლობას წარსულზე, სააკაშვილის ოცნებაა დაბრუნდეს, როგორც ტრიუმფატორი და ხელისუფლებაში კვლავ მოვიდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"...
თუმცა, ჩემი აზრით, სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არ აქვს...