ევროდესანტი საპატრიარქოში

ევროდესანტი საპატრიარქოში

გასულ კვირას შტეფან ფულე, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, საქართველოს ეწვია. მან დაგეგმილი ვიზიტი ერთი დღით გადადო უკრაინის მოვლენების გამო. წინასწარი ინფორმაციით, ევროკომისარი უნდა შეხვედროდა საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. გაცხადებული იყო, აგრეთვე, რომ შტეფან ფულე სამოქალაქო საზოგადოებასთან და ექსპერტებთან შეხვედრას აპირებდა.

 

პირველივე შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ევროკომისარმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდებოდა. «მექნება ასევე პატივი შევხვდე მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს - ილია მეორეს. დავარწმუნებ მას, ევროკავშირის სახელით, რომ ჩვენ არავითარი განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულების წინააღმდეგ არ გაგვაჩნია, რადგან ის, რასაც მხარს ვუჭერთ, არის საერთაშორისოდ აღიარებული ღირებულებები, ეს არის ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა», - განაცხადა შტეფან ფულემ.

 

 

ფულეს ეს განცხადება კათოლიკოს-პატრიარქმა მედიით მოისმინა და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისი პასუხი ასე ჟღერდა: «არ მჭირდება არავის დარწმუნება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს»! ამ განცხადებას დიდი ჟივილ-ხივილი მოჰყვა იმ პუბლიკის მხრიდან, რომელიც სულ ახლახან პატრიარქის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიმართ კრიტიკულ გამონათქვამებს აპროტესტებდა.

 

 

ამ საკითხს ქვემოთ მივუბრუნდეთ, ახლა კი ის გავიხსენოთ, რომ შტეფან ფულესთვის პატრიარქის პასუხამდე ორიოდე კვირით ადრე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა – ზვიად კვაჭანტირაძემ და ზურაბ აბაშიძემ გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ «ნაციონალური მოძრაობის» დეპუტატები მუდმივად აწვეთებდნენ დასავლეთის სხვადასხვა სტრუქტურას ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ეკლესია კრემლისა და პუტინის ინტერესებს ატარებს და ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს უშლის. ზურაბ აბაშიძემ საჯაროდ მიმართა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს - დავით ბაქრაძეს და მისგან პასუხი მოითხოვა კითხვაზე – არის თუ არა «საქართველოს მთავარი მტერი ეკლესია»?

 

 

პასუხი, ცხადია, არ ყოფილა.

 

 

უწმინდესმა ევროკომისარს მიანიშნა, რომ კარგად იცის, საიდან მოდის ეს ევროშიშები: «მინდა, ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს».

 

 

ფულემ, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ შეხვედრა მისი ინიციატივით შედგა: «დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მიიღეთ ჩემი მორჩილი თხოვნა შეხვედრაზე».

 

 

კათოლიკოს-პატრიარქმა ევროკომისართან შეხვედრაზე, რომლის ნაწილიც დახურული იყო, განაცხადა: «არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ ამ იდეას და ამით, ალბათ, შოულობენ დახმარებებს. თქვენ თვითონ დარწმუნდებით საქართველოში ვიზიტისას. თქვენ დღეს ჩამობრძანდით, გქონდათ შეხვედრები, კიდევ შეხვდებით სასულიერო პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს», - აღნიშნა უწმინდესმა.

 

 

შეხვედრას ევროკავშირის ელჩი, ფილიპ დიმიტროვიც, ესწრებოდა, რომლის მოუზომავი და ზოგჯერ რეალობას აცდენილი განცხადებები საკმაოდ აღიზიანებს მრევლს, რომლის მოძღვართანაც იგი ბრძანდებოდა ევროკომისარ ფულესთან ერთად. რაში დასჭირდა ფულეს ეს დაუგეგმავი შეხვედრა პატრიარქთან? პასუხი მან თავადვე გასცა ამ შეკითხვას: «ამ ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველო და ევროკავშირი თავის თავზე ვალდებულებებს იღებენ, რომ დაიცავენ იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მსოფლიოში აღირებულია. მესმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ბოლო პროცესების ფონზე არაერთ პოლიტიკოსს სურს, ეს ხელშეკრულება რაც შეიძლება მალე გაფორმდეს. ვუპასუხებ, რომ ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რათა ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწეროთ არაუგვიანეს ზაფხულისა. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ კარგად უნდა ვიმუშაოთ, რათა ადამიანებს გავაგებინოთ, რა არის ამ ხელშეკრულებაში ჩადებული. ევროპა არ აპირებს, საქართველოს თავს მოახვიოს ლიბერალური ღირებულებები. თქვენი ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ აისახება ევროპული ღირებულებები კანონმდებლობაში ქართული ტრადიციების გათვალისწინებით», - განაცხადა ევროკომისარმა.

 

 

ეს თითქოს მოზომილი და შეწონილი ტირადა ქარაგმასავით ახსნას საჭიროებს. როგორც მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე შტეფან ფულემ განაცხადა, «ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. დასავლეთის სურვილი არ არის, საქართველოს თავს უცხო ქვეყნის ფასეულობები მოახვიოს. საქართველოს თავისი ტრადიციები და ფასეულობები გააჩნია და ამის არავის უნდა ეშინოდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას და ამის თავს მოხვევას. არაფერი ხელშეკრულებაში ასეთი არ არსებობს და ამგვარი კანონის მიღების ვალდებულება საქართველოს წინაშე არ დგას».

 

ევროკომისრის განმარტებით, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება, არის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება, რომელიც, მისივე თქმით, ზოგადად, აუცილებელია ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებების დასაცავად. მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებისთვის მოპყრობა არ იყოს დისკრიმინაციული სქესის, რასის, ეროვნებისა და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით.

ცხადია, ასოცირებულ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაზე, მაგრამ ეს ნათქვამია სხვა დოკუმენტებში, რომლებიც, თუკი ევროკავშირში შესვლას ვესწრაფვით, ჩვენთვის სავალდებულო გახდება.

2006 წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით «ჰომოფობია ევროპაში», რომელიც მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა გარანტირებულად უზრუნველყონ «ერთსქესიანი პარტნიორების პატივისცემა და ღირსების დაცვა ისევე, როგორც საზოგადოების სხვა წევრებისა, აგრეთვე, გააძლიერონ ბრძოლა ჰომოფობიის წინააღმდეგ კანონმდებლობის გზით, განათლების მეშვეობით სკოლებში, უნივერსიტეტებში, მასმედიაში».

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს რეზოლუცია გვავალდებულებს, პატივი ვცეთ იმას, რაც მართლმადიდებლობისა და სხვა ყველა რელიგიის დოგმატით ცოდვად არის მიჩნეული. აღარაფერი ითქმის იმაზე, თუ როგორ უნდა გაიძულონ, «პატივი სცე» ვინმეს, თუ ამ პატივისცემას არ განიცდი, და არის თუ არა ამგვარი დავალდებულება ადამიანის გამოხატვის უფლების პირდაპირი შეზღუდვა. საკამათო არ არის, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და ამ ან სხვა რაიმე ნიშნით ადამიანის დევნა და დისკრიმინაცია დაუშვებელია, მაგრამ პატივისცემის «დავალება» უკვე მეტისმეტია! მერე რა, რომ ეს თქვენს რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგება?! უნდა შეეგუოთ იმას, რომ თქვენს შვილებს სკოლაში თუ ტელევიზიით ცოდვის პატივისცემას ასწავლიან.

შტეფან ფულე არ ტყუის, როცა ამბობს, რომ საქართველოს არავინ ავალდებულებს ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას, მაგრამ ეს მხოლოდ ამ ეტაპზე! თუ საქართველო ოდესმე ევროკავშირის წევრი გახდება, ეს რეზოლუცია სავალდებული იქნება შესასრულებლად ისევე, როგორც 2010 წელს მიღებული კიდევ ერთი რეზოლუცია 1728 (2010), რომელშიც სხვა ბევრ რამესთან ერთად ნათქვამია: «ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია ევროსაბჭოს (ჩვენ კი სწორედ ევროსაბჭოს წევრები ვართ 1999 წლიდან - ნ.დ.) რიგ ქვეყნებში ლგბტ პირთა თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დარღვევით, რადგან ეს უფლებები დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ლგბტ პირთა მიტინგების აკრძალვა ან აკრძალვის მცდელობა, აგრეთვე, ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ აგრესიული საპროტესტო დემონსტრაციების ღია ან ფარული მხარდაჭერა».

იმავე რეზოლუციაში დაგმობილი არიან პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც ილაშქრებენ ამგვარი მიტინგების წინააღმდეგ. «ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოში გადასაწყვეტია დეფაქტო არსებული «ლგბტ ოჯახების» პრობლემა, მათ შორის, მათი იურიდიული აღიარებითა და მათი დაცვით. ასამბლეა მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭო ვალდებულია, არაორაზროვნად დადგეს ადამიანის ღირსების პატივსაცემად და დისკრიმინაციის არდასაშვებად».

შემდგომ რეზოლუცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ლგბტ პირთა ძირითადი უფლებების პატივისცემა, მათ შორის, შეკრების თავისუფლების; აღიარონ, რომ ლესბოსელ, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ქალებს ემუქრებათ მომეტებული საფრთხე – გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა, ძალადობრივი ქორწინება და უზრუნველყონ მათი დაცულობა. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა ივალდებულოს, რომ ლგბტ პირები დაცული იყვნენ მათ მიმართ სიძულვილის გამღვივებელი და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.

რამდენიმე მომდევნო მუხლი პირდაპირ მიუთითებს: «უზრუნველყონ ერთსქესიანი პარტნიორების იურიდიული აღიარება, მათთვის იმავე ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების მინიჭება, როგორიც განსხვავებული სქესის ოჯახებს აქვთ». სავალდებულოა, ამგვარი წყვილებისთვის სქესის შეცვლის და სამედიცინო მომსახურების თანაბარი პირობების მინიჭება და ა. შ.

ასე რომ, საკითხი ისე მარტივად არ დგას, როგორც პატრიარქისა და ევროკომისრის შეხვედრის შემდეგ დაიხატა. ყველა ეს საკითხი, ჩვენებური «17-მაისელების» უკან მდგომი პოლიტიკური გაიძვერების წყალობით, სრული სახით დაუდგება საქართველოს, ოღონდ ახლა არა, მოგვიანებით. ახლა უკრაინაში გამწვავებული ვითარების გამო ევროკავშირი წინსწრებით უწევს ფინანსურ დახმარებას საქართველოს. მართალია, ჩვენ (უფრო სწორად, მთავრობა) მხოლოდ 22 მილიონ ევროს მივიღებთ, ხოლო უკრაინა - 11 მილიარდს, მაგრამ, ორიოდე თვის წინ გაჯიუტებამ რაც მოიტანა, ეს ევროპამ დაინახა და ახლა უკვე ტაქტიკაც შეცვალა.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ევროკომისარი, რომლის უშუალო ზემდგომი, ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი ერისა და სამშობლოს ცნების სანაგვეზე მოსროლას ქადაგებს, ხვდება მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელს. არადა, სეკულარიზმისკენ დაჟინებული მოწოდებებიც გვახსოვს და შეშფოთებებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი ავტორიტეტის გამო. ახლა ევროკავშირი მისი ავტორიტეტის გამოყენებაზეც არ ამბობს უარს, ოღონდ დასახული პოლიტიკური მიზანი იყოს მიღწეული. ჩვენებური ულტრალიბერალები კი ხარობენ პატრიარქის პროევროპული განცხადებით, მაგრამ მათ შორის ყველაზე გონიერები, ალბათ, აცნობიერებენ, რომ ეკლესიის მტრად გამოცხადებით მათ სწორედ ევროკავშირისა და საპატრიარქოს დიალოგი გამოიწვიეს. ეს კი ნამდვილად არ უნდა ახარებდეთ.