ბოლოდროინდელი საერთაშორისო პოლიტიკის ტენდენციები, განსაკუთრებით კი აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებში მიმდინარე პროცესები, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოზე. რამდენად აქტუალურია საქართველოს საკითხი ვაშინგტონში და რას შეიძლება ნიშნავდეს სენატორ მარკო რუბიოს განცხადებები? ამის შესახებ for.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით რუბიოს განცხადებას - ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს თემა ამ ეტაპზე აშშ-ის პრიორიტეტებს მიღმაა დარჩენილი?
- როცა პირველად მოვისმინე რუბიოს განცხადება, მეც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის საკმაოდ მძიმე იყო. თუმცა როცა უფრო სიღრმისეულად გავაანალიზე, ვხედავ, რომ ის საქართველოზე საუბრისას დიპლომატიურ მანევრს მიმართავდა. დიპლომატიაში ხშირად მინიშნებებით საუბრობენ ისე, რომ კონკრეტული ქვეყანა ან პირი არ დაასახელონ. რუბიომაც ეს გზა აირჩია.
რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არასასიამოვნო სიგნალია. თუმცა როცა შეხვედრის სრული ჩანაწერი წავიკითხე, იქ ბევრად უფრო სერიოზულ თემებზე იყო საუბარი - ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა სენატორმა, რომელმაც რუბიოს წარსული განცხადებები შეახსენა, როცა ის გაცილებით მკაცრად აკრიტიკებდა პუტინს. ამჯერად კი ყველანაირად ერიდებოდა მისი კრიტიკას. ესეც დიპლომატიური ფორმის დემონსტრირებაა.
მთავარია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია კრიტიკულ მდგომარეობაშია. ტრამპი ვერ პოულობს გამოსავალს უკრაინის ომის დასრულების კუთხით. დღეს ამერიკა წაგებულ მდგომარეობაშია და ჩნდება ეჭვი, რომ ტრამპი შესაძლოა საერთოდ ჩამოშორდეს ამ კონფლიქტის დარეგულირებას. ეს კი კატასტროფა იქნება როგორც დასავლეთისთვის, ისე რუსეთისთვის. საბოლოო ჯამში, გამოკვეთილად ჩანს: მთავარი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომია, სხვა თემები კი მეორეხარისხოვანია.
რუბიომ არც უარყო და არც დაადასტურა ჯო უილსონის კრიტიკული განცხადებები „ქართული ოცნების“ მიმართ. რას ნიშნავს ეს დიპლომატიური სიჩუმე? რჩება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია კონსულტაციურ დონეზე?
- კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინის ომის მიმდინარეობაზე. როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, ეს განსაზღვრავს აშშ-ის ქცევას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მიმართ. ეს შეეხება როგორც ევროპის პოლიტიკასთან კოორდინაციას, ისე სხვა პარტნიორებთან ურთიერთობებს.
თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ახლა მხოლოდ რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით განიხილება? შეიძლება დარჩეს საქართველოს საკითხი „გაყინულ მდგომარეობაში“, სანამ გეოპოლიტიკური კრიზისები არ გადაიჭრება?
– აბსოლუტურად ამაზეა დამოკიდებული. თუ ამერიკელმა ლობისტებმა განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოიჩინეს და ოპოზიციამ უზარმაზარი რესურსი არ ჩადო, საქართველო დღის წესრიგში ვერ მოხვდება. სანამ უკრაინაში ომის ცეცხლი არ ჩაცხრება, საქართველოს საკითხი ტრამპის ადმინისტრაციისთვის მეორეხარისხოვანი იქნება. თუმცა თუ ლობისტურმა ჯგუფებმა და ოპოზიციამ გადაჭარბებულად იმოქმედეს, შესაძლოა, ამან ქვეყანას ზიანი მიაყენოს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილი დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისათვის რა დიპლომატიური ჟესტია და რატომ არ ვიღებთ პასუხს? ნიშნავს ეს ინტერესის ნაკლებობას რესპუბლიკელი ლიდერების მხრიდან?
- დუმილიც პასუხია, უბრალოდ, უსიამოვნო. რეალურად, უნდა შევაფასოთ არსებულ ვითარება. დღეს გეოპოლიტიკა ისეთ ფაზაშია, რომ ხვალინდელი მსოფლიო მდგომარეობაც კი უკრაინის ომზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დასაჯოს და ხშირად უფრო მკაცრად, ვიდრე ეს რომელიმე მხარეს ეკუთვნის.
რამდენად მიზნობრივია პატარა სახელმწიფოსთვის ისეთი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გათვალისწინება, რომლის შიდა პოლიტიკა მუდმივ ცვლილებაშია? ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საერთოდ ნეიტრალურ პოზიციაზე გადავა საქართველოს მიმართ. ეს რეალურია?
– მე ასეთი სცენარი არ მომწონს. ამერიკისთვის მნიშვნელოვანია მთელი რეგიონი – შავი ზღვის აუზი და სამხრეთ კავკასია. ეს ნატოს დოქტრინაშიც ფიგურირებს. ამერიკელი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგებიც ამას არაერთხელ უსვამენ ხაზს.
თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ელიტა დოქტრინას ზედაპირულად უდგება – ასე იყო 2008 წელსაც.
დასავლეთს აქვს თავისი სტილი, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში ეს ხშირად არ მუშაობს. პირად შეხვედრებშიც არაერთხელ შევნიშნე, როგორ პრიმიტიულად უყურებენ დასავლელები რუსეთს.
ჩვენ კარგად ვიცნობთ რუსეთის ფსიქოლოგიას – ეს არის იმპერია, რომელიც მხოლოდ ძალას ცნობს. დიპლომატიური ენა მისთვის სიგნალი არ არის. სანქციები არაა თანმიმდევრული და ამიტომ შედეგიც ნაკლებად ეფექტურია. ძალის დემონსტრირება სხვა ფორმით უნდა მოხდეს – არა ვედრებით, არამედ მკაფიო გადაწყვეტილებებით.
ფიქრობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ აშშ-დან ისევ იქნება საუბარი სანქციებზე? ეს თემა ისევ დაბრუნდება?
– ამერიკისგან ყველაფერი მოსალოდნელია, სრული დისტანცირებაც და შემდეგ აგრესიული ნაბიჯებიც, მათ შორის სანქციები. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომ ლოდინის რეჟიმში ვიყოთ. უნდა ვიმოქმედოთ, ანალიზით და სტრატეგიით და არა ემოციური რეაქციებით.