„2-3 წელიწადში ევროკავშირი, იმ ფორმით, რაც დღეს არის, ვერ იარსებებს, ეროვნული ხელისუფლებები მოვლენ სათავეში, რომლებიც იმოქმედებენ საკუთარი ქვეყნების შესაბამისად“

„2-3 წელიწადში ევროკავშირი, იმ ფორმით, რაც დღეს არის, ვერ იარსებებს, ეროვნული ხელისუფლებები მოვლენ სათავეში, რომლებიც იმოქმედებენ საკუთარი ქვეყნების შესაბამისად“

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა აცხადებს, რომ 2-3 წელიწადში ვიხილავთ სერიოზულ ცვლილებებს მთელი ევროპის კონტინენტზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ევროკავშირი იმ ფორმით, რაც დღეს არის, ვერ იარსებებს. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ეროვნული ხელისუფლებები მოვლენ სათავეში, რომლებიც იმოქმედებენ საკუთარი ქვეყნების შესაბამისად, რაც არის გარდაუვალი პროცესი. მისი თქმით, ჩვენ მოთმინებით უნდა დაველოდოთ ამ პროცესს და არ გავამწვავოთ ხალხებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

დიპლომატების ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში, როცა ისინი განსაზღვრავენ ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგს და პოლიტიკურ დაპირისპირებაში არიან ხელისუფლებასთან, როგორ უნდა დაუპირისპირდეს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას  ხელისუფლებამ?

ირაკლი გოგავა: დიპლომატებს საერთაშორისო სამართალი უკრძალავს ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას, რასაც არეგულირებს რამდენიმე ჩარჩო შეთანხმება. პირველ რიგში, ეს არის 1969 წლის ვენის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენცია, მეორე - 1964 წლის გაეროს დეკლარაცია ქვეყნების შიდა საქმეებში ინტერვეციის და ჩაურევლობის შესახებ. გარდა ამისა, 1975 წელს არის მიღებული გაეროს და ეუთოს დეკლარაცია, რომელიც ასევე კრძალავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. გაეროს წესდების პირველი თავის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ასევე კრძალავს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას, რასაც ეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არღვევენ, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით ევროკავშირის ელჩი და ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება.

რა საშუალებით უნდა მოხდეს სამართლებრივი რეაგირება?

- პირველ რიგში, ეს არის დიპლომატიური დემარში, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ეს იქნება ელჩის დაბარება, საპროტესტო ნოტის გაგზავნა, ელჩის გაწვევა ან საერთოდ, აკრედიტაციის შეწყვეტა. ჩვენ გვაქვს უფლება ნებისმიერ დიპლომატს შევუწყვიტოთ დიპლომატიური სტატუსი. ასევე, არსებობს ფორმა, რომელსაც მე, მაგალითად, გამოვიყენებდი ევროკავშირის ელჩის, ბატონი ჰერჩინსკის მიმართ. ეს არის საკუთარ ქვეყანაში კონსულტაციისთვის უვადოდ გაგზავნა. ზოგადად, ჩვენ ბრიუსელის ბიუროკრატიასთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ევროპული ქვეყნები ევროკავშირის სტრუქტურებისგან. ევროპა სხვა არის, ევროკავშირი - სხვა. ევროკავშირი - ეს არის გლობალისტების და ულტრალიბერალების მიერ ხელოვნურად შექნილი გაერთიანება, რომელიც საქართველოსთვის საინტერესო არ არის. აი, ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობას რაც შეეხება, წინ უნდა გავიხედოთ და მოვერიდოთ. ამიტომ, ევროპის ქვეყნების ელჩების მიმართ დემარშის გამოყენებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი, ხოლო ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის სიამოვნებით გავისტუმრებდი კონსულტაციებზე ბრიუსელში.

გარდა ამისა, არსებობს სხვა პრეცედენტები, ეს არის 1986 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში ნიკარაგუას სარჩელი აშშ-ის წინააღმდეგ, რომელიც შეერთებულ შტატებს შიდა საქმეებში ჩარევას ედავებოდა და ჰააგის სასამართლომ გაამრთლა ნიკარაგუა - დაადასტურა შიდა საქმეებში ჩარევა, მათ შორის სამხედრო ინტერვენციის გზით და დააკისრა კომპენსაცია. მართალია შეერთებულ შტატებს ვალდებულება არ შეუსრულებია და კომპენსაცია არ გადაუხდია, მაგრამ სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა.

ანუ, ჩვენც შეგვიძლია იგივე გზით წავიდეთ და მივმართოთ სასამართლოს?

- რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დოკუმენტურად მოვამზადოთ, იურიდიულად დავადასტუროთ ჩარევის ფაქტები - თითოეული ელჩის განცხადება, სხვადასხვა სახელმწიფოების ოფიციალური განცხადება, ეს არის შიდა საქმეეში ჩარევა და ჰააგის სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი. ჰააგის სასამართლო ეს არის გაეროს საერთაშორისო სასამართლო და ისინი იმსჯელებენ ამაზე. ჩვენ თუ დავადექით სუვერენიტეტის გზას, მაშინ ბოლომდე უნდა დავიცვათ ეს სუვერენიტეტი, არ მოვუსმინოთ ამ იწილო-ბიწილოს, რასაც მიეჩვიენ უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლები. ასევე, პრობლემურად მიმაჩნია უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობის განუზომლად გაზრდილი შტატი.

დიპლომატიაში საშტატო საკითხი როგორ რეგულირდება?

- საერთოდ, დიპლომატიაში ითვლება, რომ პარიტეტი უნდა არსებობდეს ორ ქვეყანაში საელჩოში დასაქმებული დიპლომატების რაოდენობას შორის. პირობითად, თუ ჩვენ რომელიმე საელჩოში გვყავს 20 დიპლომატი, იმ ქვეყნის საელჩოსაც, დაახლოებით, ამდენი უნდა ჰყავდეს.

ჩვენს შემთხვევაში რამდენად დაცულია ეს პარიტეტი?

- აქ არის განუზომლად გაბერილი შტატები. მაგალითად, მე მოვისმინე, რომ აშშ-ის საელჩოში მუშაობს 350 დიპლომატი, მაშინ, როდესაც 12-15 დიპლომატია საქართველოს საელჩოში ვაშინგტონში, ეს აბსოლუტურად შეუსაბამო ციფრებია. საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის შინაარსი ნამდვილად არ არის იმხელა, მით უმეტეს ეკონომიკური ურთიერთობები მიზერულია, ამერიკული ინვესტიციები აქ არ არის და 350 დიპლომატი რას აკეთებს, მხოლოდ ფანტაზიებში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. იგივე ეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს, განუზომლად დიდი აქვთ შტატი, რაც ეჭვს ბადებს, რომ სხვა საქმით არიან დაკავებული.

350 ამერიკელი დიპლომატის ფუნქცია რა შეიძლება იყოს?

- ეს არის სწორედ სოციალური ინჟინერიის პროექტები, რაც, სავარაუდოდ, საზოგადოების და ქვეყნის პოლიტიკურ შიდა ცხოვრებაში ჩარევას ემსახურება. ვფიქრობ, რომ ამერიკის საელჩოს 50 დიპლომატი ეყოფა საქართველოში, საფრანგეთის საელჩოს 20 დიპლომატი, დაახლოებით 20 დიპლომატი გერმანიის საელჩოს და ა.შ. ანუ, ეს ყველაფერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს და მოიყვანოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისობაში.

გერმანიის საელჩო ახსენეთ. ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში გერმანიის ელჩს მოქალაქემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ეს არ იყო თავდასხმა, როგორც ამას რადიკალები ცდილობენ შეფუთონ. საქართველოს მოქალაქემ მისი პროტესტი ახსნა იმით, რომ გერმანიის ელჩი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ცდილობს ქვეყანაში მოახდინოს ხელისუფლების დამხობა, ლობირებს ლგბტქ+ პროპაგანდას, აგრესიულ ლიბერალიზმს და ამბობს, რომ თუ ისევ შეხვდება, არ მოერიდება იგივე გაიმეოროს მის მიმართ, და არა მხოლოდ ამ ელჩის მიმართ...

- ვენის საერთაშორისო კონვენცია ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ დიპლომატების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში, მადლობა ღმერთს, ფიზიკური ზიანი დიპლომატს არ მიუღია. სიტყვით ვიღაცამ გამოხატა თავისი მოსაზრება, ნუ საქართველოში გერმანიისგან განსხვავებით სიტყვის თავისუფლების უფრო მაღალი ხარისხია. გერმანიაში წლიდან-წლამდე იკლებს სიტყვის თავისუფლება, ამიტომ მორალურად შეიძლება ეს ადამიანი ვიღაცამ გაკიცხოს, მაგრამ რეალურად, ამ ადამიანმა თქვა მთელი ქართული მოაზროვნე საზოგადოების სათქმელი, რომელიც აღშფოთებულია გერმანიის ელჩის ხშირი ჩარევით საქართველოს საშინაო საქმეებში.

არავინ არ ეკითხება ელჩს არჩევნების განხილვას, პოლიტიკური პარტიების საქმეებში ჩარევას, სასამართლოებზე სიარულს, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პროცესებზე დასწრებას, ეს არ არის ელჩის საქმე. ამ ყველაფრით ბატონი ფიჩერი აზიანებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ამიტომ, თავს კონტროლი უნდა გაუწიოს ყველა დიპლომატმა და იმოქმედონ დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის შესაბამისად, ასევე - გაეროს და ეუთოს სხვა დოკუმენტების შესაბამისად. ბოლო-ბოლო გარეოს წესდებით არის აკრძალული საშინაო საქმეებში ჩარევა.

ფოკუსირება გააკეთონ იმაზე, რასაც არ აკეთებენ, ანუ საქართველო-გერმანიის ეკონომიკური უთიერთობის განვითარებაზე. აქ სრულიად ყამირია, ელჩი არაფერს არ აკეთებს. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი გერმანიის ხელისუფლება ეს არის გლობალისტების მსახურებაში მყოფი პოლიტიკური ელიტა, რომელსაც გერმანელი ხალხიც კი არ სცემს პატივს. ჩვენ ვიცით, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იკრებს ძალას და პირველ ადგილზეა პოპულარობით გერმანიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ 2-3 წელიწადში ჩვენ ვიხილავთ სერიოზულ ცვლილებებს მთელი ევროპის კონტინენტზე - ევროკავშირი იმ ფორმით, რაც დღეს არის, ვერ იარსებებს. ეროვნული ხელისუფლებები მოვლენ სათავეში, რომლებიც იმოქმედებენ გერმანიის ინტერესების და თავისი ქვეყნების შესაბამისად, ეს არის გარდაუვალი პროცესი. ჩვენ მოთმინებით უნდა დაველოდოთ ამ პროცესს და არ გავამწვავოთ ხალხებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები, წინ უნდა გავიხედოთ. ხოლო ბატონი ფიშერი გლობალისტების მსახურებაშია, ისევე, როგორც მისი მთავრობა, შესაბამისად, ის, რა თქმა უნდა, არანაირ პატივისცემას არ იწვევს. თუმცა, დიპლომატიური იმუნიტეტი საქართველომ მაინც უნდა უზრუნველყოს.

 

Gami გოგავას რას უსვამს ამ კითხვებს? დაუსვას ეს კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრს და ისიც დაამტოს როდის მიიღებენ შესაბამის ზომებს.
1 საათის უკან