დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა გრძელდება. ესტონეთის შემდეგ, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი ლიეტუვამაც გაუუქმა. ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო. ლიეტუვის მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა მიღებული გადაწყვეტილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებს. ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ელოდება, რომ ლიეტუვას სხვა ევროპული სახელმწიფოებიც შეუერთებიან, თუმცა მეორე ნაწილი ჯაჭვურ რეაქციას არ პროგნოზირებს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, სხვა ქვეყნები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს არ შეაჩერებენ, რადგან, მისი შეფასებით, ეს საკმაოდ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენა იქნებოდა.
„ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება საქართველოს მიმართ, რაც აირჩიეს ბალტიისპირეთის სხვა რესპუბლიკებმა: ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვა ბოლო მოჰიკანია ამ კამპანიაში. ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ და მისი მიზანია „ოცნების“ დისკრედიტაცია, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის და როგორც პოლიტიკური სუბიექტის.
როგორც ჩანს, ამ ნაბიჯით ცდილობენ, რომ მისი პოზიციები შეარყიონ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ იმ იმედით, რომ ბალტიისპირელების მაგალითს შესაძლოა სხვა სახელმწიფოებმაც მიბაძონ. ჯერჯერობით არ ველოდები, რომ სხვა სახელმწიფოებიც იგივეს გააკეთებენ, რადგან ეს იქნებოდა აშკარად არამეგობრული ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც, მოსწონს ვინმეს თუ არა, ქვეყნის სათავეშია და ფართო მხარდაჭერითაც სარგებლობს“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლიეტუვას მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ“ 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების უხეში და სამართლებრივი საფუძვლის დარღვევა. პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი უნდა სცენ საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
„ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2010 წლის ამ ხელშეკრულებით, უვიზო მიმოსვლა, მხოლოდ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მიენიჭა, მაშინ როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს კიდევ 7 წელი უვიზო რეჟიმი არ გვქონდა. მხოლოდ 2017 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, უვიზო მიმოსვლა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც გაიხსნა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ზაალ ანჯაფარიძისთვის გაუგებარია ის საპასუხო ნაბიჯები, რაც „ქართულ ოცნებას“ მის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მიმართ აქვს.
„როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზედმეტად არ გაამწვავოს ურთიეთობა და შემოიღო ცალმხრივი მეგობრობის მცნება, რომელიც უცნაურად მიმაჩნია - საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო დიპლომატიური ნოტა გაეგზავნა ან ელჩი დაებარებინა, ანდა გარკვეული პირების მიმართ ასევე დაეწესებინა სავიზო შეზღუდვები, თუმცა მათი პოლიტიკა ცალმხრივი მეგობრობაა და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს. მე პირადად ვთვლი, რომ ეს ბოლომდე გამართლებული პოლიტიკა არ არის იქიდან გამომდინარე, როგორ მოქმედებს მეორე მხარე“, - განგვიცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ თქვა, რომ „რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს“
„მე არ ვთვლი, რომ ლიეტუვას გადაწყვეტილება დაფუძნებულია პრინციპულ მოსაზრებებზე, რომელიც არჩევნებს ადამიანის უფლებების დაცვას ან სხვა ნებისმიერ საკითხს ეხება, რაც დეკლარირებულია, ვინაიდან ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, საგარეო კურსი არ შეცვლილა და ადამიანის უფლებების დაცვა მაშინ არ გახსენებიათ, როცა ადამიანებს წამებით კლავდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ორმაგი თამაში მნიშვნელოვნად არის განპირობებული გარკვეული პოლიტიკური სცენარით, რომელიც ჩამოყალიბდა ხელისუფლების შესაცვლელად. მათი საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლაც და ახალგაზრდებისადმი სისხლისღვრისკენ მოწოდებაც სწორედ ამით იყო განპირობებული. რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური კონიუქტურა. ერთი მხრივ, გასაგებია, თუმცა მეორე მხრივ, მისი უსამართლობა და მისი ბნელი, კონსპირაციული მხარეც უნდა აღინიშნოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.