აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოზე პირველი განცხადება გააკეთა. მარკო რუბიო აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა, როდესაც მას საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.
კერძოდ, უილსონის კითხვა ასე ჟღერდა: „თქვენი ხელმძღვანელობით სახელმწიფო დეპარტამენტში რა გაკეთდება ისეთი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს, ქართველი ხალხის სახელით, ანტიამერიკული „ქართული ოცნებისთვის“ რეალური ფასის დაწესებაში დაეხმარება?“.
კითხვაზე რუბიომ აღნიშნა: „ჩემს შესავალ სიტყვაში რაც ვთქვი, იმას რომ დავუბრუნდეთ, შეერთებული შტატების მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესებია. ასე რომ, ამას შევხედავთ და საკუთარ თავს ვკითხავთ: „ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?“ და თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ფასის გადახდა მოუწიოს ამ მთავრობას. ეს ამჟამად განიხილება, ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს განვიხილავთ. კონკრეტულად დღეს განცხადება არ მაქვს, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ისეთი რამეა, რაც განიხილება. და, კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმის, თუ რატომ უნდა მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ადგილზე ჩვენს ლოკალურ ოფისს, რომ სახელმძღვანელო მოგვცენ - ანტიამერიკული მთავრობისთვის ყველაზე საგრძნობი ზომები რა შეიძლება იყოს“.
სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით შეფასებას სხვა დროს გააკეთებს. საქართველოს მთავრობამ წერილზე პასუხი ჯერ ვერ მიიღო, მაგრამ მიიღო რუბიოს ორაზროვანი განცხადება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ.
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს დამოუკიდებლობას. „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპის საგარეო უწყების ხელმძღვანელს პასუხობს კობახიძის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ რუბიოს პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მისი თქმით, მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო.
„პირველ რიგში, ალბათ, ვიდრე რუბიოს პასუხზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ კითხვა, რომელიც გაჟღერდა კონგრესში და როგორ იყო ეს კითხვა ფორმულირებული და დასმული, კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო უილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული, ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული, ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არც ერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს.
აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ალბათ, უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის მოსმენაზე. მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან დაკავშირებით. თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას, სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში? დღეს სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც.
„2012 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ნაბიჯი საქართველოს არ გადაუდგამს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მყარ პოზიციაზე, როდესაც საქმე ეხებოდა საერთო ინტერესს, გეგმას და იმ პერიოდშიც კი, როდესაც აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება უპირისპირდებოდა საქართველოს, იმ პერიოდშიც კი ჩვენ ვიყავით საკმაოდ მყარ პოზიციაზე, რომელიც არასოდეს არ შეგვიცვლია. არასოდეს, არც ერთი ქვეყნისათვის, არც ოკუპანტი რუსეთისათვის, არც ჩინეთისათვის, მით უმეტეს, არც ირანისათვის არ მიგვიცია საშუალება, რომ ჩარეულიყვნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ ვაპირებთ იგივე პოზიციაზე დგომას და კიდევ ერთხელ იმის გამეორებას, რომ საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ის ინტერესების მოკავშირე საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სამხრეთ კავკასიაშიც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მარკო რუბიოს პასუხი იყო ზოგადი და მასში არ ყოფილა კონკრეტულად ნახსენები „ქართული ოცნება“ ან საქართველოს ხელისუფლება.
„ვინც ობიექტურად შეხედა, მოუსმინა, წაიკითხა ძალიან ზოგადი პასუხი იყო. იმ პირდაპირ პროვოკაციულ კითხვაზე, იმ ვის მიერ მართული ადამიანისგან, ყველამ ძალიან კარგად იცის, დასმულ კითხვაზე, რომელიც დაუსვა ბატონმა უილსონმა რუბიოს. იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, საერთოდ ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი, კარგად წაიკითხონ, გაეცნონ, მოისმინონ. აქ იყო ძალიან ზოგადი პასუხი. ზოგადად, დიდ წარმომადგენლობებს, ზოგადად, რეგიონში, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი რეგიონი, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, ყველგან დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, რომელი მთავრობა არის ანტიამერიკულად განწყობილი და რომელი არა. სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება თუ არა მთავრობასთან, აი, ეს არის ზოგადი პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, უაზრო ჟრიამულია ნაცბაბლში, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტი გვასანქცირებს, მარკო რუბიოს ნათქვამის ელემენტარულ ანალიზშიც ჭკუანაკლულნი არიან, მან კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და ზოგადად ისაუბრა რეაქციაზე, ანტიამერიკანიზმზე.
„ნებისმიერი საღად მოაზროვნე ვერანაირად დაიჯერებს, რომ ამერიკის პირველი დიპლომატი კონგრესში მოუმზადებელი მივიდა ანდა დეკლარირებულად სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს საელჩოს აქამდე თურმე ჯეროვნად არ შეუფასებია ე.წ. ანტიმერიკული გადახრების კუთხით. რასაკვირველია, ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის მისი ქვეყნის ინტერესებია უწინარესი (America First), თუმცა აშშ-ის დიპმისია მრავალგზის დააფიქსირებდა ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთიან და შეუვალ პოზიციას - საქართველო უპირველეს ყოვლისა! საერთაშორისო პოლიტიკაში ინტერესების დაბალანსება ხდება გულახდილი პოლიტიკური მოლაპარაკებებითა და დიპლომატიური გზებით“, - წერს გია აბაშიძე.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ფუჭი დიდი ჟივილ-ხივილი ატყდა სანაცეთში სახელმწიფო მდივან რუბიოს მიერ $1000-იანი უილსონის პროვოკაციულ კითხვაზე პასუხის გამო.
„რაც არ უნდა იწვალონ და დაამახინჯონ მეხუთე კოლონელებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში - დასკვნა ერთია - დღეს მიმდინარეობს მსოფლიო გადანაწილების პროცესი, რომელსაც წარმართავს არა უილსონების თუნდაც $1000000 კითხვა და ხაბეს მიერ კბილების ჩასმის, ახალი პიჯაკის, წკაპუნების გამო გაჟღერებული კეზერაშვილის სურვილები, არამედ მისი აღმატებულება გეოპოლიტიკა, რომლის თანახმადაც საქართველო-აშშ ურთიერთობები აუცილებლად დარეგულირდება ისე, როგორც მითითებულია ჩვენი პრემიერის მიერ მიწერილ წერილში პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე პრეზიდენტ ვენსისადმი. სხვა ალტერნატივა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. ამას მოწმობს 2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე განვითარებული მოვლენები.
როგორ? გაიხსენეთ რას ამბობს ბრძენი ქართველი -„ჭკვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარებისო“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.
იმედია, ტრამპი დარჩება ტრამპად 9ის ხომ ამისათვის გადაარჩინა უფალმა) და არ დავა უოლსონების დონეზე.