„პარტიამ თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, მის არსებობას რა აზრი აქვს?“

„პარტიამ თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, მის არსებობას რა აზრი აქვს?“

საქართველოში ოპოზიციური ველი კვლავ დუღს და ისევ დიდ გაუგებრობაში არიან. ოპოზიციური პარტიები დგანან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და დილემის წინაშე - მიიღონ თუ არა მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას, ბოლო განცხადებებმა კიდევ უფრო გაამწვავა დისკუსია ოპოზიციის სტრატეგიულ არჩევანზე.

ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა გაურკვეველი პოზიციისთვის და მოუწოდა მათ, მკაფიოდ დააფიქსირონ, აპირებენ თუ არა მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. მისი თქმით, ახალი არჩევნების მოთხოვნის პარალელურად, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე გაურკვევლობა ნიშნავს, რომ პარტიები ტოვებენ უკან დასახევ გზას.

„ვითხოვდეთ ახალ არჩევნებს და პარალელურად მკაფიოდ ვერ ვამბობდეთ, რომ არ გავალთ ადგილობრივ არჩევნებზე, ნიშნავს, ვუშვებთ პროტესტის მოთხოვნების არდაკმაყოფილებას და ვიტოვებთ უკან დასახევ გზას“, - ამბობს მელია.

მისი თქმით, არათავსებადია ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და ამავე დროს, სერიოზულად განიხილო არჩევნებში შესვლა.

„ბოიკოტი თავისთავად არის გეგმა - არ თანამშრომლობა რეჟიმთან ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო იზოლაციის გაფართოება“, - აცხადებს მელია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 26 მაისი, როგორც ისტორიული თარიღი, უნდა გახდეს პოლიტიკური სიმკვეთრის და პასუხების დღე, რომელიც 31 მარტისგან განსხვავებული იქნება: „თუ ბრძოლის უკომპრომისობას ვაცხადებთ, უკვე დღესვე უნდა გავცეთ პასუხი – შევდივართ თუ არა იმ ფარსში, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჰქვია“.

მისი თქმით, ბოიკოტის გზა ჯერ არ დასრულებულა და ამ სტრატეგიამ გარკვეული ნდობა უკვე მოიპოვა საზოგადოებისგან. მელია მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, 26 მაისს არა მხოლოდ გამოჩნდნენ რუსთაველზე, არამედ მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია.

მელიას მოწოდება მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ ოპოზიციურ სპექტრში განსხვავებულად იქნა მიღებული. ზოგიერთი ლიდერი მას მხარს უჭერს, თუმცა სხვები მის განცხადებას კრიტიკულად აფასებენ.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას მაშინ გააკეთებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის და ამის დრო მოვა.

„ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორი მთავარი საკითხია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლების მიერ ამ საკითხის კატეგორიული ტონით დასმას, ვიტყვით, რომ „ლელო ძლიერი საქართველო“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე და 26 მაისის წინ მსგავსი თემების შემოტანა მსგავსი ტონით, კონფლიქტების ინსპირაციის მცდელობაა, რაც ოპოზიციური სპექტრისთვის დამაზიანებელია“, - ამბობს გალდავა.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ბოიკოტის სტრატეგიას უპასუხისმგებლობად აფასებენ. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, არჩევნებზე უარის თქმით ოპოზიცია თავს არიდებს დემოკრატიული გზით მხარდაჭერის შეფასებას და რეალური ცვლილებების შანსს.

„როცა ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებში არ შევა, სინამდვილეში ის საკუთარ სისუსტეს აღიარებს. თუ ხალხის მხარდაჭერა გაქვს, არჩევნებში უნდა წარდგე და დაამტკიცო ეს მხარდაჭერა. ბოიკოტი კი მხოლოდ დემოკრატიული პროცესისგან გაქცევაა“, - აცხადებენ მმართველ პარტიაში.

ანალიტიკოსების შეფასებით კი ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მათი შეფასებით, არჩევნების ბოიკოტმა შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს მმართველი პარტიის პოზიციები და შეასუსტოს ოპოზიციის გავლენა, ეს კი მათ საბოლოო პოლიტიკური დისკრედიტაციას გამოიწვევს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-თან ამბობს, რომ ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მონაწილეობის მიღებაზე კატეგორიულ უარს ამბობს. ამასთანავე სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ნაწილი მათგანი მონაწილეობას აპირებს. ამიტომ ეს ჩამოუყალიბებლობა მათ ამომრჩეველს აბნევს და ოპოზიცია ამით სერიოზულ პრობლემებს იქმნის.

„ძალიან არასერიოზული მიდგომა აქვთ არჩევნებთან დაკავშირებით და წარმოიდგინეთ, რომ პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი სწორედ რომ არჩევნებია. ამ დროს ახდენენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას. აბა, პოლიტიკოსობა რას ნიშნავს? პარტიამ თუ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, მის არსებობას რა აზრი აქვს? ასევე არსებობს მეორე სიტუაცია, არაა გამორიცხული უცბად „ოცნებამ“ რიგგარეშე არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად დანიშნოს. ამისთვისაც მზად უნდა იყოს ოპოზიცია. ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მზადება. თუ ოპოზიცია არ ემზადება არაფრისთვის, ეს შესაძლოა მისთვის სერიოზული კრახი აღმოჩნდეს.

მეორე კიდევ, გასაანალიზებელია ოპოზიცია ამ უარით რა პოლიტიკურ დივიდენდს იღებს. კარგი, დავუშვათ, არ იღებს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ მონაწილეობას - აი, მათი პოლიტიკური გათვლა რა არის? რადიკალიზმზე მიდიან? საიდან იციან, რომ მათ ამომრჩეველს ეს უნდა? გაზომეს, გამოიკითხეს მათი მხარდამჭერების განწყობა? ანუ ბოიკოტმა რა მისცა? ეს ყველაფერი ხომ გასააზრებელია. ამას თუ ოპოზიცია არ აკეთებს, მაშინ ცარიელი ლაპარაკი იმაზე, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას, ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა. ამით იხეირებს „ოცნება“ და პოლიტიკურად ის შეძლებს მოსახლეობაში ამის ისევ კარგად გაყიდვას“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დასავლეთიდან, რა სახის ზეწოლაც არ უნდა წამოვიდეს ბრიუსელიდან, ხელისუფლებამ უკვე დიდი ხანია ამის იგნორირება მოახერხა. ასევე ის ახერხებს საკუთარ ამომრჩეველში ამის ისე ახსნას, რომ ის ისჯება მშვიდობისთვის და იმისთვის, რომ დასავლეთის მარიონეტული ხელისუფლება არაა. ეს კი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაიჯერა. ამიტომ ოპოზიციას ბოიკოტმა ჯერჯერობით ვერაფერი მისცა.

„ოცნებამ“ მშვენივრად გაართვა თავი ამ წნეხს. ამ ეტაპზე ასეა, რომ ის არ იმჩნევს დასავლეთის ამ კრიტიკას. ჩვეულებრივად ხელისუფლებაშია და აგრძელებს ქვეყნის მმართველობას. რამდენიც არ უნდა იძახოს ოპოზიციამ, რომ ის არალეგიტიმურია, ამის პრობლემა ქვეყნის შიგნით არა აქვს. ოპოზიციას მოსახლეობის დიდი ნაწილი ამაში არ ეთანხმება და მხოლოდ დასავლეთის ზეწოლა ვერაფერს მისცემს. ხალხს ვერ არწმუნებენ ამაში და დასავლეთი დარწმუნდეს, მერე ეს არაფერს აძლევთ ამ ეტაპზე. ამიტომ სჯობია მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ამისთვის მოემზადონ“, - ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება 26 მაისს, ოპოზიციის გეგმას, ძაბირაძე ამბობს, რომ ამ საკითხებს ოპოზიცია მედიით კი არ უნდა განიხილავდეს, არამედ ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ.

„არ ვიცი, რა სახის ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ზურაბიშვილმა არაერთხელ დაიბარა ისინი და კარს მიღმა საუბრობდნენ, მაგრამ რას საუბრობენ კაცმა არ იცის. გამოდიან მერე იქიდან და ისევ ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან. 26 მაისს რას აპირებენ და რა გეგმა აქვთ, ეს ხომ მანამდე უნდა განიხილონ, ამ დღეს ხომ არ გამოაცხადებენ რუსთაველზე შეკრების დროს? თუ ერთმანეთთან არა აქვთ კომუნიკაცია და არ არიან ერთიანები, მაშინ ხალხს რას სთხოვენ? აი, ეს გაუგებრობა და ერთმანეთთან კინკლაობა ყველაზე დიდი პრობლემაა“, - ამბობს ძაბირაძე.