სახელოვანი ქართველი მეცნიერის, ერისკაცის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გურამ შარაძის ვერაგული მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია, მისი სისხლი კი, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირი შეღება, ცას შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს. ამასობაში კი, გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ჭორ-მართალი ერთმანეთში ირევა. სულ უკანასკნელად ქართულ პრესაში კონფიდენციურ წყაროზე დაყრდნობით გამოჩნდა ინფორმაცია, რომ შარაძეს პირადად ესროლა სააკაშვილის რეჟიმის ცნობილმა ჯალათმა, ამჟამად ძებნილმა მეგის ქარდავამ. „ასავალ-დასავალი“ გთავაზობთ ინტერვიუს გურამ შარაძის ქალიშვილთან, რუსუდან შარაძესთან, რომელსაც შვეიცარიაში დავუკავშირდით.
– რუსუდან, გურამ შარაძეს მართლა მეგის ქარდავამ ესროლა?
– „ალდაგის“ სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებულია მკვლელი, რომელმაც მამაჩემს ესროლა და იგი ნამდვილად არ ჰგავს მეგის ქარდავას. ჩემი აზრით, ამ ვითომ „კონფიდენციალური წყაროების“ მეშვეობით შეგნებულად ხდება ინფორმაციების აღრევა. რაღა დროს კონფიდენციალურობაა, ვიღას რიღასი ეშინია, თუ ვინმემ რამე იცის, დროა, საჯაროდ გამოჩნდეს და ღიად ილაპარაკოს.
მეგის ქარდავა სააკაშვილის, მერაბიშვილის და დათა ახალაიას შემდეგ არის მეოთხე-მეხუთე რგოლი გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში. ქარდავა არის ერთ-ერთი დამგეგმავი, თუ ვის და როგორ უნდა მიეღო მონაწილეობა მამაჩემის ლიკვიდაციაში!
– მაშინ გვითხარით, როგორ დაიგეგმა მკვლელობა და ვინ შეასრულა ეს საზარელი დანაშაული?
– მამაჩემის მკვლელობის პირველივე წუთიდან ვამბობდი, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა და ეს იყო შეკვეთილი სააკაშვილის მიერ.
ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრს და მის უახლოეს ადამიანს გიორგი ჩიხლაძეს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ დააკავა, რათა ოქრუაშვილის წინააღმდეგ კომპრომატები მოეპოვებინა, დათა ახალაია პირადად აწამებდა და ემუქრებოდა, ხომ იცი, ვინ ვარ, როგორც გურამ შარაძის მკვლელობა დავგეგმე და როგორც ის „გავასაღე“, შენც ისე „გაგასაღებო“. პროკურატურაში ოფიციალურად დევს გიორგი ჩიხლაძის ეს ჩვენება!..
2013 წლის მაისში, ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად, გამოჩნდა სამეგრელოში მცხოვრები ყოფილი პოლიციელი, მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი, რომელიც თავისი ფეხით მივიდა ზუგდიდში, ადგილობრივ პროკურატურაში და მოითხოვა, რომ დაეკითხათ გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
ვალერი იოსავამ, რომელიც მაშინ გახლდათ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი და რომელზეც ამბობენ, რომ საააკშვილთან კუდით არის გადაბმული, ეს კაცი არ დაკითხა.
– როგორ, ეს კაცი დაკითხული არ არის?
– მას შემდეგ, რაც მე ლამის მთელი ქვეყანა შევძარი, ეს კაცი, როგორც იქნა, დაკითხეს და მისი ჩვენება დღეს პროკურატურაში დევს!..
– და რას ამბობს ეს კაცი თავის ჩვენებაში?
– ეს კაცი ამბობს, რომ იგი დაიბარა მეგის ქარდავამ და უთხრა, სენაკიდან თბილისში წამოეყვანა ორი სპეცრაზმელი. თბილისში მათ დაუკავშირდებოდა „მასტერა“ და გააცნობდა დეტალურ გეგმას, როგორ უნდა მოეკლათ გურამ შარაძე.
ამ კაცს მისცეს იარაღი და 5 ათასი ლარი... მთელი ქვეყნიერების განძი და სიმდიდრე რომ შემიკრიბონ, მამაჩემის სიცოცხლედ არ მიღირს, მაგრამ, როცა გავიგე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ გურამ შარაძის მკვლელობაში 5 ათასი ლარი გადაიხადამ შოკში ჩავვარდი!
– მერე, მერე, როგორ განვითარდა მოვლენები?
– ეს პოლიციელი თავიდან ვითომ დათანხმდა ამ საქმეში მონაწილეობას, მაგრამ შემდეგ თავის დაძვრენა სცადა... ამას მიუხვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ - თენგიზ გუნავამ პირადად სცემა და ჩააგდო ციხეში. ზეწოლა მიდიოდა არა მარტო ამ ყოფილ პოლიციელზე, არამედ მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე.
– საბოლოო ჯამში, მაინც ის ორი სენაკელი სპეცრაზმელი გამოიყენეს გურამ შარაძის მოსაკლავად?
– არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, ამას გამოძიება დაადგენს... ჩემთვის ცნობილია ამ ორივე სპეცრაზმელის სახელი და გვარი და მაქვს ორივეს ფოტოსურათი. აქედან ერთ-ერთი უკვე გარდაცვლილია, „კაიფში გაიპარა“, მეორე კი ცოცხალია და სამეგრელოში ცხოვრობს.
მთავარ პროკურატურაში უამრავი მასალა შევიტანეთ, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მამაჩემის მკვლელობის ხელახალი გამოძიება დაწყებულიყო, მაგრამ არჩილ კბილაშივლი ისე წავიდა თანამდებობიდან, მისგან საერთოდ პასუხიც ვერ გავიგე.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კბილაშვილი ამ საქმის გამოსაძიებლად არაფრის გაკეთებას არ აპირებდა!..
არადა, ურთიერთობა მქონდა მთავარი პროკურორის მაშინდელ პირველ მოადგილესთან, ლაშა ნაცვლიშვილთან და მისგან ძალიან დაიმედებული ვიყავი, რომ იმას მაინც გავიგებდი, რა ეტაპზე იყო გამოძიება!..
სხვათაშორის, ის ყოფილი პოლიციელი, სამეგრელოს პროკურატურაში თავისი ფეხით რომ მივიდა ჩვენების მისაცემად და არ დაკითხეს, მე სწორედ ლაშა ნაცვლიშვილს ვთხოვე დახმარეა და ლაშამ იმ დღესვე დააკითხვინა.
– ახალ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრის მცდელობა არ გქონიათ?
– არ მქონია მცდელობა, მაგრამ ამ დღეებში ჩვენი ადვოკატები კიდევ ერთხელ შეიტანენ განცხადებას მთავარ პროკურატურაში, რომ მოგვაქციონ ყურადღება.
აქამდე შეგნებულად ვიცადე... ძალიან მიჭირდა, მაგრამ ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა და მოთმინებით დავლოდებოდი პროკურატურის მოქმედებებს. ანგარიშს ვუწევდი იმასაც, რომ ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და ე.წ. კოაბიტაციის გამო ბევრ რამეს ეშლებოდა ხელი, მაგრამ ახლა ხომ აღარ არის სააკაშვილი, ახლა ხომ ყველაფერი ახალი ხელისუფლების ხელშია?!
– გაქვთ იმედი, რომ გურამ შარაძის მკვლელობა გაიხსნება?
– რა თქმა უნდა, იმედიანად ვარ... ბევრს ეცინება კიდეც ჩემს ამ ოპტიმიზმზე, მაგრამ რა ვქნა? არც მაქვს უფლება, რომ იმედიანად არ ვიყო.
გურამ შარაძის მკვლელობას რეალურად თუ გამოიძიებენ, პირდაპირ მიადგებიან სააკაშვილს! კარგად მესმოდა, რომ სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, მას ხელს ვერ ახლებდნენ, მაგრამ დღეს სააკაშვილი აღარავინ აღარ არის, მისი მკვლელების ბანდაც სულს ღაფავს და ამიტომ მაქვს იმედი, რომ ისინი პასუხს აგებენ მამაჩემის მკვლელობაზეც და ყველა ჩადენილ დანაშაულზეც!
– უკვე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს, მაგრამ იგი მაინც დღემდე რჩება პატიმრობაში. რატომ?
– გიორგი ბარათელი ციხიდან რომ გამოვიდეს, მთელი რიგი პროცედურებია ჩასატარებელი. დიახ, სანამ მამაჩემის მკვლელობა გახსნილი არ არის და რეალური დამნაშავეები დასჯილნი არ არიან, გიორგი ბარათელის ციხიდან გამოშვება, შესაძლოა, მისთვის საშიშიც იყოს, თუმცა მისი უსაფრთხოება არც ციხეშია გარანტირებული!
როცა გამოძიება ოფიციალურად დაადგენს ბარათელის უდანაშაულობას, ეს ადამიანი სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ციხიდან! 6 წელი უდანაშაულო კაკცი საპყრობილეში იტანჯებოდა და რა გამოიარა, ღმერთმა იცის.
და კიდევ: მამაჩემის მკვლელობის გახსნა ჩემზე მეტად არავის ეჩქარება, და „რომის პაპზე დიდ კათოლიკეებს“ მინდა, ვუთხრა, მოთმინება იქონიონ! გურამ შარაძის მკვლელობაში ისეთი ხალხია გარეული, ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება და არა საქმის ფორმალური გახსნა!
– რუსუდან, რა იქნება თქვენთვის მაქსიმუმი და რა შემთხვევაში ჩათვლით, რომ გურამ შარაძის საქმეზე სამართლიანობა სრულიად აღდგა?
– შემკვეთიდან დაწყებული უკანასკნელი შემსრულებლით დამთავრებული, ყველას უნდა დაერქვას გურამ შარაძის მკვლელი და ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე!
დიახ, სააკაშვილი, მერაბიშვილი, დათა ახალაია, მეგის ქარდავა და ისიც, ვინც სასხლეტს ხელი გამოჰკრა, გურამ შარაძის მკვლელობისთვის უნდა გასამართლდნენ! მე ამას აუცილებლად მივაღწევ, მე აუცილებლად გავიმარჯვებ! ან გამარჯვება, ან სიკვდილი - ეს არის ჩემი მიზანი!