ჩნდება განცდა, რომ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი, საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდნენ და პარლამენტის ლეგიტიმურობა არ აღიარონ, მილევად პროცესში გადავიდა. ცნობილი ხდება, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, შესაძლოა, თვითმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რაც აჩენს განცდას, რომ მას შესაძლოა, მიბაძონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც, როგორიც არის მაგალითად „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა დადასტურებულად ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია.
„დარწმუნებული ვარ, გახარია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მის კვალდაკვალ კიდევ ბევრი პარტია წავა, რადგან არჩევნების გარდა სხვა მათ არაფერი დარჩენიათ“, - უთხრა For.ge-ს ანალიტიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 16 მაისს განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, გიორგი გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას თვის ბოლოს გააკეთებს.
„გიორგი გახარიას ეშინია ბულინგის სხვა პარტიების მხრიდან და ამას ემსახურება მისი პოსტები. ჩვენთვის საინტერესო არ არის, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, შეუძლიათ არ მიიღონ, ასეც და ისეც, მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიციური სპექტრი განწირულია მარცხისათვის. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგვიანებით კი, გიორგი გახარიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ემზადებიან ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალურისთვისაც. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არცერთხელ, არც ერთი სიტყვით ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია მომავალში არც ერთი შესაძლო არჩევნებისთვის. ჩვენს ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს არ ვატყუებთ, რადგან პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ვთვლი, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი.
მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებენ და ა.შ. ეს საუბარი და მოწოდება იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი მაშინ თუ მსგავსი მოწოდებების და პოზიციების ავტორები გააგრძელებენ ამას ყველაფერს და იტყვიან, რომ ბოიკოტის პარალელურად რა არის მათი შემოთავაზება, რა არის მათი სცენარი, გეგმა. ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი და ჩვენ არ გვაქვს ჩიხების დრო, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში დავაბრუნოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისთვის აქამდეც ნათელი იყო გიორგი გახარიას პარტიის პოზიცია, თვითმმართველობის არჩევნებში მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, როგორც გიორგი გახარია, ასევე სხვა კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.
„გახარია აღმოჩნდა ყველაზე ჭკვიანი მათ შორის, ვინც ქუჩაში დარბის. თავიდანვე ვფიქრობდი, რომ გახარია ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, რადგან ეს პროცესი მან დროში გაწელა, რაც ემსახურებოდა ერთ რაიმეს: ის აკვირდებოდა როგორ წავიდოდა არაღიარების პოლიტიკა დასავლეთში და თამაშობდა ორმაგ თამაშს. როგორც ვიცი, თვის ბოლოს თუ არ შევიდნენ პარლამენტში, მათ ემუქრებათ პარლამენტის დატოვება გაცდენების რაოდენობის გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი პარლამენტშიც შევლენ და არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
არა მხოლოდ გიორგი გახარიას პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, არამედ „ლელოც“. მათმა პატრონებმა მისცეს ნიშანი, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და დიდი ალბათობით, იმ პატრონებისგან არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობას მიიღებს როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე გვარამიას კოალიცია. დარწმუნებული ვარ, გახარია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მის კვალდაკვალ კიდევ ბევრი პარტია წავა, რადგან არჩევნების გარდა სხვა მათ არაფერი დარჩენიათ“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი შეფასებით, დღეს არსებული მონაცემებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაზრდილია:
„17 მაისის დღემ განსაკუთრებით უჩვენა, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებში „ოცნებამ“ მიიღო 53% პროცენტი, ახლა 65-70%-ზე ნაკლებს არ მიიღებს - ყველგან მოიგებს არჩევნებს. ის ხალხი, ვინც საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას მისცა ხმა, დარწმუნებული ვარ, მათი ძალიან დიდი უმრავლესობა ახლა ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“, რადგან მათ უღალატეს მათივე ამომრჩევლის მიერ გამოცხადებულ ნდობას“, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ.