„რა თქმა უნდა, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება გაგრძელდება, აბა, კონკრეტულად ოქრუაშვილის ჯინი კი არ ჰქონდათ!“

„რა თქმა უნდა, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება გაგრძელდება, აბა, კონკრეტულად ოქრუაშვილის ჯინი კი არ ჰქონდათ!“

მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი - ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - ვინ იქნება შემდეგი? შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. თავდაცვის ექს-მინისტრი სხდომაზე არ გამოცხადდა და ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ირაკლი ოქროუაშვილის დაკავებისთანავე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, სხვა ლიდერების დაპატიმრების ერთგვარი გრაფიკიც კი შეადგინეს, რადგან პარლამენტის საგამოძიების კომისიის სხდომაზე არც ისინი გამოცხადდნენ. ჰოდა, მათი დაპატიმრებების სერია აი, ამ თანმიმდევრობით გაანაწილეს:

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე - 22 მაისი;

გიორგი (ჯუნიორი) ვაშაძე - 27 მაისი;

ნიკა მელია - 29 მაისი;

ნიკა გვარამია - 7 ივნისი.

ამავე „გრაფიკიდან“ ირკვევა, რომ თურმე, „ლელოს“ ლიდერებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე ნაციონალ გივი თარგამაძეს, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, გირაო გადაუხდიათ. დიახ, არ მოგესმათ, მათივე სიტყვებით რომ აგიხსნათ, ამ ადამიანებმა გირაო გადაუხადეს „ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას“, ოღონდ კომისიის სხდომას არ დაესწრნენ, რადგან პარლამენტს და, შესაბამისად, დროებით საგამოძიებო კომისიასაც არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

თანამედროვე ქართული ოპოზიციის ლიდერების „რკინისებური ლოგიკა“, მათი „თანმიმდევრულობა“, უფრო კი ორმაგი სტანდარტები, ცალკე შესწავლის საგანია და ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელონ. ჩვენ ის გავარკვიოთ, რამდენად რეალურია ოპოზიციონერთა შიშები - დაპატიმრებების შესაძლო სერიაზე, რადგან მოგეხსენებათ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

ანალიტიკოსი, გენერალი ამირან სალუქვაძე For.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის იმ ლიდერების დაპატიმრებების სერია, რომლებიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გირაო გადაიხადეს, გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება გაგრძელდება, აბა, კონკრეტულად ოქრუაშვილის ჯინი კი არ ჰქონდათ! თარიღების მიხედვით მიჰყვებიან პროცედურებს, ვინ და როდის განაცხადა უარი გადახდაზე, თვითონ ლიდერებმაც ხომ იციან ეს თანმიმდევრობა და ამიტომაც გამოაქვეყნეს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თუ ოქროუაშვილი დააკავეს, სხვებსაც დააკავებენ - კანონი ყველასთვის ერთია. ამიტომ, დააკავებენ ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც კომისიამ გადასცა ეს საქმეები შესაბამის უწყებებს.

რაც შეეხება იმ ლიდერებს, რომლებმაც გირაო გადაიხადეს - მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და გივი თარგამაძეს - ეს არის მათი სახე! ახალგაზრდებს ატყუებენ, „აბოლებენ“, მაგრამ გირაო ფარულად გადაიხადეს, ორმაგი სტანდარტის გარდა, ეს არის უპრინციპობა. თუ არ აღიარებ ხელისუფლებას, არჩევნების შედეგებს და ამ მოტივით არ მიდიხარ კომისიაზე, მაშინ ბოლომდე მიჰყევი პროცესს. აღირება-არაღიარებას რაც შეეხება, მათთვის გარედან დაწერილი ეს სცენარიც თავისთვის დაიტოვონ! აქ მნიშვნელოვანია ეუთო-ოდირის შეფასება, რომელიც უმთავრესი საბუთია, რომ ქვეყანაში არჩევნები შედგა“, აცხადებს ამირან სალუქვაძე.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი ნიკა მელიას გამოცხადებას ეხება კომისიის სხდომაზე. ამირან სალუქვაძემ For.ge-ს განუცხადა, რომ მას ნაკლებად აინტერესებს, გადაიხდის თუ არა გირაოს ნიკა მელია, ან დააპატიმრებენ თუ არა მას.

„თუ დააკვირდით, ძალიან ხშირად ახსენებენ ნიკა მელიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე და ერთ-ერთი იყო 14 მაისის სხდომა, როდესაც დაზარალებული ქალბატონი, ნანა ქადაგიშვილი საუბრობდა, რომ მის ოჯახს უკანონოდ ჩამოართვეს სახლი. იმ პერიოდში, ნიკა მელია აღსრულების ბიუროს თავმჯდომარე იყო. თუ კომისიის სხდომაზე მისვლა არ უნდა, მაშინ, კეთილი ინებოს და საზოგადოებას გასცეს პასუხი, რატომ ჩამოართვა ქადაგიშვილს ქონება? იყო თუ არა ვალდებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, გადაემოწმებინა აღსრულების კანონიერება? ვინაიდან აღასრულა, ესე იგი, ეთანხმებოდა გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ არ ეთანხმებოდა, მაშინ რატომ არ დატოვა თანამდებობა? აი, ამ კითხვებს გასცეს პასუხი ნიკა მელიამ“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.