ზურაბ პოლოლიკაშვილი იქ დაბრუნდა, სადაც რეალურად იყო. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა. თავდაპირველად, პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა. ამ თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
არსებული ინფორმაციით პოლოლიკაშვილი დაეხმარა გიორგი ბაჩიაშვილს, რომ ის არაბთა გაერთიანებულ საემიროში დამკვიდრებულიყო. გახდა თუ არა ეს ფაქტი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ მისი კანდიდატურა ჯერ წარადგინა და შემდეგ თავადვე მოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ პოლოლიკაშვილმა იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ, აცხადებს, რომ თვითმფრინავში ნახა „deep ვირთხების“ გადაწყვეტილება, რომ მასთან შეთანხმებულია. მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, თქვას, რაში გაცვალა მისი კანდიდატურა.
„ალბათ, უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ვილაპარაკებ. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს... 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას, რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, - აღნიშნავს წერილში ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელსაც „ფორმულა“ ავრცელებს.
მთავრობის ხელძღვანელის განცხადებით, საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, რაც რესურსების გაძლიერებას იწვევს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ემზადება არჩევნებისთვის და ამ კუთხით, ბუნებრივია სერიოზული სამზადისი. რაც შეეხება პოლოლიკაშვილს, როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, მისი თქმით, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლებამ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მიიღო.
„არაფერ კავშირში არ არის ეს გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების და რომელიმე სხვა კანდიდატის მხარდაჭერასთან. ჯერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე და შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავში ჩაარტყას, მერე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არ გპასუხობენ. მან სცადა ისეთი რამ, რის გამოც არ დაიმსახურა პასუხი და დაიმსახურა მისი კანდიდატურის გამოწვევა. ის დაუპირისპირდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არ განვმარტავ უფრო მეტად, იმიტომ რომ საქმე ეხება ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ წლის ბოლომდე იკავებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას. მისი პასუხით დაამტკიცა, რომ მისი გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო. შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ღალატი იქნებოდა პოლოლიკაშვილის კანდიდატურის არგამოწვევა.
რაც შეეხება ელჩებს, მე ვერ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ დახურულ რეჟიმში ხდება ხოლმე ელჩების დაბარება და უკმაყოფილების გამოხატვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ მესამე ვადით დავუჭირეთ მხარი კონკრეტულ კანდიდატურას, საუბარია, საქართველოს ელჩებზე, რომლებიც დაიბარეს და ამ კუთხით ერთგვარი ანგარიში მოსთხოვეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ხელმძღვანელი დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ პოლოლიკაშვილს გონზე მოსვლას და ზრდილობაისკენ მოუწოდებს პარლამენტის წევრი არჩილ გორდულაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არა მხოლოდ ზედაპირული განცხადებები გაკეთდება, არამედ უფრო მეტ კონკრეტიკას გააცნობენ საზოგადოებას.
„პოლოლიკაშვილი რამდენიმე თვის წინ, როდესაც მასთან კონსულტაციები იყო საჭირო, კონტაქტზე არ გამოდიოდა და შემდეგაც, აგრესიულობით გამოირჩეოდა. როდესაც სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ადამიანი ამხელა ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებს, მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურია. კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამ ადამიანს მოვუწოდოთ, რომ გონს მოეგოს და ზრდილობას მოუხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ზედაპირული განცხადებები არ გავაკეთოთ და უფრო მეტი კონკრეტიკა გავაცნოთ საზოგადოებას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ანალიტიკოსის „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, კარგი სერიალია „Спящие“ - საჭირო დროს ტელეფონზე მოდის მოკლე ტექსტური შეტყობინება: „Просыпайся“ და მეორე დღეს გადგება „ცენტრის“ წარმომადგენელი და გაძლევს ინსტრუქციას, სად, როდის და რა გაქვს გასაკეთებელი.
„დაკონსერვებული აგენტურის „გამოღვიძების“ კლასიკური სქემა. „გაღვიძებულმა“ იცის, რომ უარის თქმა ან დუნდულებით თამაში - გამორიცხულია. „გაღვიძებამდე“ შეიძლება ათეულობით წლებმა განვლოს, რა დროსაც დაკონსერვებული აგენტი მშვენივრად საზრდოობს მათ ხარჯზე, ვისი განადგურების ბრძანება შეიძლება მიიღოს ნებისმიერ დროს. ჩვენ მათ „ტროას ცხენებსაც“ ვუწოდებთ და მათი რაოდენობა უკანასკნელ წლებში ისეთ ჩვეულ სურათად იქცა, რომ უბრალოდ დიდი ინტერესით ელოდები - შემდეგი ვიღა იქნება.
ბევრზე ახლაც გაქვს ეჭვი, მით უმეტეს პროფესიული გამოცდილებით გამყარებული. თითქმის დადასტურებულად ხარ დარწმუნებული, რომ მასაც „გააღვიძებენ“ სულ ახლო მომავალში - მანამდე კი ის ჩვენს გვერდით არის და SMS-ის მოსვლას ელოდება. პირველი „იუდა ისკარიოტელია“ - შოკი. ასეულობის შემდეგ - ეჩვევი. უბრალოდ, საკუთარი ერის შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოების მეშვეობით მოპოვებულ რომანტიზირებულ და ჰეროიკულ წარმოდგენებზე კიდევ უფრო გეპარება ეჭვი. თუმცა მაინც დარწმუნებული რჩები, რომ კანონიზირებული წმიდათა დასი, თუ დიდგორის, კრწანისის უცნობი გმირები - ასეთი „ქართველების“ რიცხვს მაინც აღემატებიან. ასე რომ, დანარჩენ „გასაღვიძებელ“ ანტიგმირებს ამ ეტაპზე „ძილი ნებისა“ ვუსურვოთ. ჩვენ კი ვეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ ზეციურ საქართველოში მაინც საბოლოო მისამართებით ავცდეთ ერთმანეთს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ის პროექტი, რომელიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაიქცეოდა მოხერხებულ ოპოზიციად და 2012 წელსვე შეთანხმება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები არ იქნებოდნენ პოლიტიკური ველიდან გაყვანილები, ეს პროექტი ჩაიშალა იმის გამო, რომ აგენტურასთან შეიძლება დროებით გაამყარო კოააბიტაციური ურთიერთქმედება, მაგრამ როგორც კი იცვლება მათი პატრონების დამოკიდებულება, აგენტურა მოქმედებს ყოველგვარი შეთანხმებების დარღვევის მიმართულებით.
„ეს ხომ ელემენტარულია და ამასაც ვხედვათ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ აგენტურა იკვებებოდა ჩვენი ფულით. ისინი სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშნული იყვნენ და ჩვეულებრივად ბიუჯეტიდან იკვებებოდნენ. რატომ არის ასეთი მწვავე ბრძოლა? - როცა ჩანერგილი გყავს შენი გადაბირებული აგენტი, ზოგი მძინარეა, ზოგი მღვიძარი და თანაც იმ ქვეყნიდან იღებს ფულს, რომლის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას ავალებ, ეს ძალიან მოხერხებული და კომფორტულია, იმიტომ რომ შენ თვითონ არ გიწევს ფულის ხარჯვა და გაქვს ასეთი არაჩვეულებრივი სისტემა შექმნილი. ეს ძალიან გავს მწერების ქცევას.
კრაზანა მხედარი როგორ პარაზიტირებს - კბენს რომელიმე მწერს, შეჰყავს თავისი კვერცხები, შემდეგ გადაათრევს მოხეხებულ სოროში, კვერცხები იჩეკებიან, გადაიქცევენ ლავრებად და ნელ-ნელა ჭამენ მსხვერპლის სხეულს, მაგრამ ისე, რომ არ აზიანებენ სასიცოცხლო სხეულს. ოღონდ ისე, სანამ არ მივლენ გარკვეულ სტადიამდე, როცა შეუძლიათ ამოფრინდნენ ამ თავისი მსხვერპლის სხეულიდან და გააგრძელონ თავიანთი ცხოვრება. ზუსტად ასე იქცევა გლობალური კრაზანა მხედარი სოროსის სპეცსამსახურებისა და მათი ლეგალური ქსელის მეშვეობით - ახორციელებენ განუწყვეტლივ სადაზვრებო ოპერაციას და ცრუ ელიტის შექმნას. ჩაგვიდო თავისი ცრუ კვერცხები სახელმწიფო ორგანიზმში, რომლებიც იკვებებოდნენ ჩვენივე საბიუჯეტო ფულით, შემდეგ გამოიჩეკნენ და ვხედავთ მათ ქცევას. იმ შემთხვევაში კაზანა მხედარს შეჰყავს ისეთი ნივთიერება, რომელიც პარალიზებას უკეთებს მსხვერპლის იმუნიტეტს და ჩვენს შემთხვევაში, ეს არის ლიბერალური იდეოლოგია, რომელმაც პარალიზება მოახდინა, განათლების სისტემას ანადგურებს, კულტურას, რელიგიას. ამიტომ, ეს იგივე ტიპის ბრძოლაა, ქცევის მოდელია. იქ გამოხატულია ქიმიური ნივთიერებით, აქ გამოხატულია ვერბალური ვიბრაციებით. ბრძოლა რაზე მიმდინარეობს - შეძლებენ თუ არა ისინი საბოლოოდ გაანადგურონ ჩვენი იმუნური სისტემა. შხამები არიან ისინი, ვინც რუსთაველზე არიან ათას ადგილას რგოლგაყრილი არსებები, ნარკოტიკებით გაბრუებულები და მათი ზომბირებული მრევლი და მათი აგენტურა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
რაც შეეხება პოლოლიკაშვილის ეპიზოდს, პოლიტოლოგის განცხადებით, გასაგია, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან კომფორტულად და ეგონა, რომ შეაბერდებოდა თავის სამსახურს, ამიტომ მტკივნეულად აღიქვა განთავისუფლება.
„როგორც ვიცი, დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ უწერია პარტიულ კუთვნილებად და ეს ერთგვარი საშვია იმ გლობალისტურ სტრუქტურებში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ხარ ე.ი. ადაპტირებული ხარ იმ გლობალისტურ სტრუქტურებში, რომლებიც სინამდვილეში მართავენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ან დიდ გავლენას ახდენენ მათზე.
რაც შეეხება ტონალობას, ესენი მიჩვეული არიან, რომ კრაზანა მხედრები არიან ადგილობრივ მწერებთან შედარებით. ტონალობაც ასეთია - „დიფ სთეითი“, დამცინავი და თავხედური ტონი. მათი შეგონება შუძლებელია - არ ექვემდებარებიან. შესაბამისად, სახელმწმიფო ინსტიტუტები მათ მიმართ უნდა იყოს უფრო მკაცრი. სწორი საკადრო ცვლილებებია, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოუვიდეთ.
ჩემამდე მოდის ინფორმაცია, რომ ეიჯიზმის ელემენტები შეინიშნება ზოგიერთ საკადრო გადაწყვეტილებებში, რაც ძალიან ცუდია და თუ ასე იქნა, ძალიან ცუდად მოუტრიალდება ხელისუფლებას. ეიჯიზმის შედეგები ვნახეთ მიშას დროს, ანუ როდესაც გარკვეულ ზღვარს აწესებენ ადამიანების ასაკთან მიმართებაში, რაც აბსურდია. თუ ასე არის, როგორც ამბობენ, ეს ძალიან ცუდია და ცუდ შედეგებს მოიტანს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.