საქართველოს და გერმანიას შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ერთმანეთის მიმართ საჯაროდ კრიტიკას აღარ ერიდებიან. იმის მიუხედავად, რომ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი თავს უფლებას აძლევს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს, გერმანიის ახალი მთავრობა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უარი თქვას „დეზინფორმაციაზე“, ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე, შეცვალოს ანტიდემოკრატიული კურსი და შეწყვიტოს თავდასხმა გერმანიის ელჩზე. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში.
„გერმანია და ევროკავშირი იმეორებენ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, შეწყვიტოს ევროპის პოზიციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერაციული მთავრობის პოზიციას. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ გრძელდება აგრესიული რიტორიკა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ. გერმანიის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია“, - აღნიშნულია წერილში.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გერმანიის ელჩის განცხადებები არ შეესაბამება დიპლომატიურ ეტიკეტს და წარმოადგენს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. მათ მიაჩნიათ, რომ ელჩის პოზიციები ორმაგი სტანდარტების მაგალითია, და რომ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გერმანია, ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ამასთან, ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, და რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და შიდა პოლიტიკის დამოუკიდებლობა უნდა იყოს დაცული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანიის ხელისუფლება ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.
„გერმანიაში გერმანიის ხელისუფლება კრძალავს ე.წ. რაიხსბიურგერების ჯგუფს იმ საფუძვლით, რომ ისინი „არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას“, „ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს“, „ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს“, „ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში“, „ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება“. საქართველოში გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება. ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს გერმანიის დაპირისპირების მიზეზები
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ, გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“, ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
მიმდინარე წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები“.
გერმანიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. სწორედ ამ წელს გაიხსნა გერმანიის საელჩო საქართველოში. მას შემდეგ ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურისა და განათლების და სხვა მრავალ სფეროში.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-თან ამბობს, რომ იმას რასაც გერმანიის და ევროკავშირის ელჩები აკეთებენ, დიპლომატიურ ჩარჩოებში მოქმედება აღარ ჰქვია, ეს ვენის კონვენციის ფეხქვეშ გათელვაა.
„გერმანიის და ევროკავშირის ელჩები, პირდაპირ, ღიად, ყველანაირი დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის გარეშე, საქართველოს ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან; პირდაპირ საარჩევნო განცხადებებს აკეთებენ; ლამის, არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა; რადიკალურ ოპოზიციას ღიად უჭერენ მხარს; სასამართლოს გადაწყვეტილებებში ერევიან; მოსამართლეების გადაწყვეტილებებს აფასებენ და პირდაპირ ზეწოლას ახორციელებენ; მედია გარემოში ერევიან, ხელისუფლებას ლამის, ქვეყნის მართვა ჩამოართვან და კარნახობენ ვისთან რა უნდა თქვან და როგორ უნდა მოიქცნენ; გვიშლიან იმ კანონების მიღებას, რაც თავად აქვთ. ეს არის ნონსენსი და ყველანაირი დიპლომატიური და საერთაშორისო, სტანდარტების თავზე გადახევა. გასაგებია, რომ ამ ადამიანებს კონკრეტულად რამე პერსონალური დამოკიდებულება არა აქვთ და თავიანთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების დავალებებს ასრულებენ. თუმცა, როდესაც შენ ხარ ელჩი, უცხო ქვეყანაში და შენი ხელისუფლებიდან მოგდის აბსოლუტურად არაადეკვატური და შენი პროფესიული სტანდარტებისთვის დამანგრეველი დავალება, იმის შესაძლებლობაც უნდა გქონდეს, რომ როგორმე ასეთ არაადეკვატურ დავალებებს თავი დაანებო“, - ამბობს ახვლედიანი.
მისი თქმით, ცინიკურია, როდესაც გერმანია ჩვენ მოგვიწოდებს ვადამდელ არჩევნებს და ა.შ. ასევე თურმე არ ყოფილა ევროპული სტანდარტი პარტიების აკრძალვა, ამ დროს კი გერმანიამ ერთ-ერთი პარტია აკრძალა.
„გერმანიის ახლანდელმა ახალმა ხელისუფლებამ „გერმანიის სამეფო“ - ასეთი სახელწოდების პარტია აკრძალა. ეს არის მონარქისტული მიმართულების პარტია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს. მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რომ ამ პარტიას რამე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს ან ხალხი დაეხოცოს, ტერორისტული აქტი მოეწყოს და ა.შ. მერე ჰერჩინსკი გამოდის და იძახის, არ შეიძლება ავკრძალოთ, კრიმინალების, სადისტების, გამაუპატიურებლების პარტია. ნაცრადიკალებმა არანაკლები უბედურება ჩაიდინეს საქართველოს მასშტაბით, ვიდრე იგივე ნაციონალ-სოციალისტებმა მსოფლიოს მასშტაბით. უბრალოდ, მასშტაბებია იმათი დიდი და ამ პარტიამ საქართველოს დაახლოებით, იგივე დამართა. ჩვენ ხომ არ ვკრძალავთ პარტიას, რომლის მოსაზრებები მიუღებელია, ჩვენ ვსაუბრობთ პარტიაზე რომელიც კრიმინალურია და სისხლის სამართლის დანაშაულები აქვს ჩადენილი. ორმაგი სტანდარტები აქვთ საქართველოსთან. რაც შეიძლება მათთვის, ჩვენთვის აკრძალულია. ჩვენ ევროპულ სტანდარტებში არ ვჯდებით. სამაგიეროდ, საფრანგეთი და გერმანია ჯდება, სადაც იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს კრძალავენ, რომელიც თვალში არ მოსდით. მაგალითად, მარი ლეპენი, ქალი, რომელიც შინაპატიმრობაში სამაჯურით გაუშვეს, ქვეყანაში მეორე პარტიის ლიდერია მხარდაჭერით. აი, ასეთი ევროპული დემოკრატია აქვთ და ეს ელჩები მერე აქ ჭკუას ჩვენ გვარიგებენ“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ უსიტყვოდ მათი ბრძანებების შესრულებას. ახლა კი საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება დაიწყო, ვერ აუტანიათ.
ფაშიზმიც მხოლოდ საქართველოსთვის ყოფილა მთავარი პრობლემა. ამიტომაც შესწირა თავი მასთან ბრძოლას, პროცენტულად, ყველაზე მეტმა ქართველმა მეომარმა.
ახლაც, სწორედ საქართველო ვერ ეგუება ლიბერალურ ფაშიზმს, რისთვისაც ისჯება კიდეც. მაშინ როცა ზოგირთები გატრუნული იღებენ სიამოვნებას.