ოქრუაშვილი ციხეშია - ვინ იქნება შემდეგი?

ოქრუაშვილი ციხეშია - ვინ იქნება შემდეგი?

ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია, მაგრამ ის ვერ გახდა თუნდაც ერთი დღის გმირი, რომელიც რეჟიმმა დააკავა. რადიკალურმა ოპოზიციამ ექს-მინისტრის დაკავება მხოლოდ ფეისბუქის პოსტებით გააპროტესტა. შესაბამისად, ოქრუაშვილის გეგმა, რომ მისი დაკავების შემდეგ ის გახდებოდა გმირი ოპოზიციონერი ლიდერი, მხოლოდ ოცნებად დარჩა. ოქრუაშვილი მომდევნო ერთ წელს რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარებს. მოსამართლე ნინო თარაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ოქრუაშვილმა მოსამართლეს მიმართა კითხვით, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ და იქვე დასძინა, რომ თუ რუსთავის ციხეში გადაიყვანენ, მხოლოდ დისტანციურად ჩაერთვება და პროცესებზე ვერ ივლის.

მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ოქრუაშვილმა სასამართლო სხდომის დარბაზშივე მოიხსნა ქამარი. მან პროცესზე აღნიშნა, რომ მეტალის ნივთებიც კი არ გაუკეთებია პროცესზე, რადგან ყველაფერს ელოდებოდა. ოქრუაშვილმა მედისთან კომენტარი გააკეთა სასამართლო პროცესის დაწყებამდე და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის.

„ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი. სიმართლე გითხრათ, დავიღალე. ხილვა მქონდა, ვიღაცამ ჩამომძახა არ გადაიხადო გირაოო. ვინ ხარ-მეთქი ვკითხე და „დიფ სთეითი“ ვარო, მითხრა. მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება. არ ვიცი, ამათ თავში რა მოიხარშება. გირაოს თემა განსხვავებულია ჩემთან მიმართებაში.

7 ადამიანს წაგვიყენეს ბრალი ამ საქმეზე, მარტო მე შემიფარდეს ქვეყნის დატოვების აკრძალვა. თუ 50 ათას ლარად ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძეს შეუძლიათ 3-ჯერ დაარტყან დედამიწას წრე, მე 20 ათასად უნდა ვიმოძრაო მარტო ქუთაისი-თელავის მარშრუტზე. სადაური წესია, ეგ ვერ გავიგე. რა ლოგიკით მოქმედებენ, გაუგებარია“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ქონდა შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთაც აეკრძალა. გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული, ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა, რაც გახდა მისი დაკავების საფუძველი.

საქმის პროკურორის ნათია თათიაშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ოქრუაშვილმა დაარღვია პირობა, მისი ქმედება იყო ძირითადი ფაქტორი, როდესაც ბრალდებული განმარტავდა, რომ არ გადაიხდიდა აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრულ გირაოს.

„არ შეასრულა გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა მოსამართლის კანონიერი მოთხოვნა. გარდა მის მიერ დარღვეული პირობისა, მისი ქმედება იყო ძირითადი ფაქტორი, როდესაც ბრალდებული განმარტავს, რომ არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრულ გირაოს, მისთვის სპორტული ჟინი იყო აღნიშნული, რის გამოც არ შეასრულებდა გირაოს პირობებს და მისი საჯარო მოწოდებებიც, რომ სხვა ბრალდებულებს არ გადაეხადათ გირაოს ოდენობა“, - აღნიშნა პროკურორმა.

მაშ ასე, ოქრუაშვილი ციხეშია, მაგრამ ახლა მთავარია ვინ იქნება შემდეგი. გირაოს თანხა გადაიხადეს „ლელოს“ ლიდერებმა: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. ასევე რადიკალური ოპოზიციის წევრმა გივი თარგამაძემ. 22 მაისს სასამართლოში ელოდებიან ზურაბ ჯაფარიძეს, 27 მაისს გიორგი ვაშაძეს, 29 მაისს ნიკა მელიას, ხოლო 7 ივნისს ნიკა გვარამიას. ეს უკანასკნელი სოციალურ ქსელში წერს, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს და აქვე აღნიშნავს, რომ არ აპირებს საყვედურების გამოთქმას იმ პირების მიმართ, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეიძლება ითქვას, რომ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს ემუქრება „კოალიცია ცვლილებისათვის“ ლიდერი ნიკა მელია და აცხადებს, რომ წულუკიანმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფერზე პასუხს პირუთვნელ სასამართლოსთან აგებს.

„ჩემი აზრით, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ის, რაც მან ჩათვალა, რომ გასაკეთებელი იყო. უსამართლობაა! ხალხო წარმოიდგინეთ, თეა წულუკიანი არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური შექმნილი კომისიის ფარგლებში გიბარებს, სადაც შავით თეთრზე რეგლამენტში უწერიათ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წევრების ნახევარი ოპოზიციონერები უნდა იყვნენ. მხოლოდ მაშინ ექნება ამ კომისიას ძალა და არც ერთი ოპოზიციონერი იქ არ არის. შესაბამისად, ამ სიყალბეს თვალი ადამიანმა არ გაუსწორა“, - განაცხადა ნიკა მელიამ, რომელიც არ აკონკრეტებს გადაიხდის თუ არა გირაოს.

ალექსანდრე ელისაშვილი კი, აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია და აქიდან გამომდინარე, ზუსტად იცოდა, რომ გირაოს არგადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება, მაგრამ ელისაშვილი არაფერს ამბობს იმაზე, დაჭერის შიშით გადაიხადეს თუ არა გირაოს თანხა საერთო ჯამში 100 ათასი ლარი მისი პარტიის ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ.

„ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ, ფაქტია, რომ მაგარი ვაჟკაცია ბიჭია. უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში ვიყავით და ერთ შენობაში რამდენიმე კვირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი საბრძოლო დავალებაზე რომ გავიდა მისი ჯგუფი. ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. ზუსტად ვიცი, გირაოს არგადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება, ფაქტია, რომ ქვეყანა კიდევ ჩრდილო კორეისკენ მიექანება“, - წერს ალექსანდრე ელისაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძე კი წერს:

„ოქრუაშვილი დაიჭირეს საქართველოს ღალატის კომისიაზე მიუსვლელობის გამო. ივანიშვილი სტრატეგიულად კი არა - ბრტყლად ფიქრობს და აკეთებს იმას, რაც ჩაიფიქრა. ჩაიფიქრა ამ ქვეყანაში ყველა იმ ადამიანის განადგურება, ვისაც რისკის აღება შეუძლია და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა“.

 

მარბიელი ერთი მოიკითხეთ როგორ თვითნებობდა და თარეშობდა ეს თვალებდაკარკლული არსება დეკანოიძე პოლიციის აკადემიის რექტორობისას
1 თვის უკან
კანუდოსელი მთელი ეს სბროდი ციხეში უნდა იყოს, არა ამ ბრალდებით, არამედ ღალატის ბრალდებით, თან დიდი ხნით. ვაჟკაცი ოქრუაშვილი, ამაზე ვხარხარებ, ორ დღეში რომ საქართველოის დაბრუნდა სირბილსირბილით, კუჭ-ნაწლავი მაწუხებსო. მაგის ვაჟკაცობა ვნახეთ იმედის ეთერში გრიგილიასთან 2006 წელს, კურდღელივით რომ იყურებოდა მხდალი ტყვიაველი ქაჯი.
1 თვის უკან
Gami "დავიღალეო" -- ჰოდა, დაისვენებს ახლა. კინტუა ელისაშვილის შექებული კაცი ქუნემ... ერთი ავთანდილია, მეორე ტარიელი... გორსალები. უკრაინის ფრონტზე ოქრუაშვილი იმ სპორტულებით იყო.
1 თვის უკან