„მეგობარი აქტის“ (MEGOBARI -აქტის) მიმართ - დოკუმენტის, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი კიდევ ერთხელ შეცვალა და კითხვები გააჩინა სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მკაფიო პოზიციის შემდეგ, პარლამენტმაც ერთსულოვანი პოზიცია გამოხატა.
2025 წლის 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით ერთხმად მიიღო სპეციალური განცხადება, რომელიც „მეგობარი აქტს“ ახასიათებს, როგორც სამ ძირითად ცრუ ბრალდებაზე დაფუძნებულ, მიკერძოებულ და მტრულ განწყობაზე გამჟღავნებულ დოკუმენტს.
პარლამენტის მთავარი არგუმენტები იმაში მდგომარეობს, რომ კონგრესის წინაშე წარდგენილი ტექსტი ვერ ასახავს რეალურ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში;
დოკუმენტი აშკარად ეფუძნება რადიკალური ოპოზიციისა და ლობისტური წრეების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას; ასევე ეს არის მცდელობა, საქართველოს ხელისუფლება წნეხის ქვეშ მოაქციონ სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებისას.
საქართველოს ხელისუფლება ღიად აცხადებს: აშშ-თან ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება შესაძლებელია მხოლოდ თანასწორობის, პატივისცემისა და ობიექტურობის საფუძველზე. „მეგობარი აქტი“ კი წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ამ პრინციპებისთვის და საჭიროებს სტრატეგიულ გადაფასებას. ქვეყანა იმსახურებს პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებულია რეალურ მხარდაჭერაზე და არა პოლიტიკურად მოტივირებულ, ცალმხრივ სანქციურ მიდგომებზე.
ამასთანავე, პრემიერ ირაკლი კობახიძე წერილში, რომლითაც მან საჯაროდ მიმართა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს და მკაფიოდ ხაზს უსვამს, რომ „მეგობარი აქტი“ არ წარმოადგენს რეალურ მხარდაჭერას საქართველოსთვის, არამედ შინაგანად აზიანებს პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემასა და თანასწორობაზე.
წერილში პრემიერი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია დეზინფორმაციასა და პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებზე. ხოლო აშშ-ის ადმინისტრაცია არ უნდა დაეყრდნოს იმ ჯგუფების მოსაზრებებს, რომლებიც საქართველოში საზოგადოების უმცირესობას წარმოადგენენ. საქართველოს ინტერესები უნდა განიხილებოდეს ქვეყნის სუვერენიტეტის ფარგლებში და არა დაპირისპირებული ჯგუფების გავლენით.
საქართველოს ხელისუფლება ხაზგასმით აცხადებს, რომ მეგობრობა არ უნდა ნიშნავდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. მმართველი გუნდის თქმით, ამერიკის კონგრესში ინიცირებული აქტის რეალური მიზანი ქვეყნის დისკრედიტაციაა, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხის, არამედ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს.
„მივესალმები საქართველოს პარლამენტის რეაქციას „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულ იქნა ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის მიერ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაც შეუძლებელია, რომ უგულებელყოფილი იქნეს, ვინაიდან ეს მიღებული იყო აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რამაც, გარკვეულწილად, საფუძველი უნდა დაუდოს საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ პოზიციებს და ვერ დავტოვებთ ამას უყურადღებოდ“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანქციების ენა, რომელიც ემსახურება შიდა პოლიტიკური სცენის მანიპულირებას, შეფასებები, რომლებიც არა ფაქტებზე, არამედ წინასწარ პოლიტიკურ პოზიციებზეა დაფუძნებული.
მიუხედავად ზეწოლისა და კრიტიკისა, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროატლანტიკური კურსი უცვლელია, თუმცა იგი უნდა განხორციელდეს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, არა გარე დირექტივებით.
პრემიერის, პარლამენტის და მმართველი გუნდის პოზიციით: „საქართველოს დემოკრატიული განვითარება უნდა ემყარებოდეს ხალხის ნებას, არა უცხოელი ლობისტების ინსტრუქციებს“.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გაბედული ნაბიჯი გადადგა და სათქმელი პირდაპირ, ყველანაირი შელამაზების გარეშე თქვა. ჩიბურდანიძე for.ge-თან ამბობს, რომ პარტნიორულ სახელმწიფოებზე ამ ხნის განმავლობაში ყველაფრის მიუხედავად, „ოცნება“ ცდილობდა არ გაეკეთებინა კრიტიკული შეფასება, თუმცა ყველაფერს თავის ზღვარი აქვს. ეს ზღვარი კი „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ წაიშალა.
„ის, რაც ამერიკის კონგრესმა მიიღო, არანაირი საერთო არა აქვს მეგობრობასთან. ეს არის მტრული აქტი, რომელიც რეაგირების გარეშე აღარ უნდა დარჩენილიყო. პირიქით, ის წერილი, რაც პრემიერმა გამოაქვეყნა, ბევრად მეგობრული და პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენის შეთავაზება იყო. ეს იყო დეტალურად იმის აღწერა, რასაც ელის საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა. მე ველი, რომ პასუხი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსთან ნაწილი ასე არ ფიქრობს. შესაძლოა, ეს იყოს სიტყვიერი გამოხმაურება ან ამით საპასუხო ქმედებები ვიხილოთ. შესაძლოა, განცხადებები არ გაკეთდეს, პასუხი თავისი საქმით გასცენ.
ეს რამდენიმეთვიანი დუმილი, რაც ტრამპი ხელისუფლებაშია, აუცილებლად უნდა დაირღვეს. მართალია ეს ბაიდენის პოლიტიკას სჯობია, მაგრამ ასეთი ხანგრძლივი დუმილი ეჭვებს ბადებს. მე ვფიქრობ და ჩემი მოსაზრებაა ასეთი, რომ ტრამპის ხელისუფლებას ამ დუმილში ჩვენს მიმართ, რაღაცა კომფორტი აქვს. ისინი რუსეთთან მშვენივრად მუშაობენ, რაღაცებს ალაგებენ. არა მარტო მათთან, სხვა ისეთ ქვეყნებთანაც, რომლებიც ამერიკის მიმართ კეთილგანწყობილნი, ჩვენგან განსხვავებით, არასდროს ყოფილან. მგონია, რუსეთ-უკრაინის ომი ამ დუმილში ერთ-ერთი განმსაზღვრელია. უკრაინა-რუსეთის თემა ერთია, ჩინეთის მეორეა, ახლო აღმოსავლეთის მესამე და ცალკე სამხრეთია კიდევ. ეს ყველა ვექტორი და პოლიტიკური ვექტორი საქართველოს და სამხრეთ კავკასიას ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენთან დაკავშირებით ურთიერთობის კონტურები შესაძლოა გამოიკვეთოს ამ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებთან პოლიტიკის კონტურების შემდეგ“, - ამბობს ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, ახლა ევროკავშირის ფუნქცია იშლება. ევროკავშირი როგორც პოლიტიკური სუბიექტი, უკვე წარსულის პოლიტიკაა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ტრამპი ცდილობს ეს პოლიტიკური ეპიცენტრი სადღაც გადაიტანოს.
„ეს თვეები ტრამპს საგარეო პოლიტიკის დასალაგებლად დასჭირდებოდა და ასეც ხდება. ამას ელოდა ხელისუფლებაც, რომელიც ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზე განცხადებებს არ აკეთებდა. აკეთებდნენ მხოლოდ იმ განცხადებას, რომ ურთიერთობის გადატვირთვას ელოდნენ. წარმოიდგინეთ, როდესაც ურთიერთობის ასეთი მრავალმხრივი თანხვედრა გვაქვს ამერიკის ჯერ კიდევ ზესახელმწიფოსთან, რატომ არ უნდა შედგეს კომუნიკაცია?! საქართველოსაც ხომ თავისი დღის წესრიგი აქვს. აქედან გამომდინარე, ამ არამეგობარმა, მტრულმა აქტმა, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია გამოიწვია და ამას უნდა მოჰყვეს ტრამპის ადმინისტრაციის დუმილის დარღვევაც. ამერიკიდან როგორი პასუხიც არ უნდა მივიღოთ, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, ჩვენ პასუხი გვჭირდება“-ამბობს ჩიბურდანიძე.
სამწუხაროდ საქართველოს ახლო მომავალი სქელი ბურუსით არის მოცული.
არ არის გამორიცხული გამსახურდიას ბედის და ახალი 90-იანი წლების განმეორებაც. ხალხისთვის არც მაშინ უკითხავთ არაფერი და ახლაც, 1 200 000 ამომრჩევლის (54%) აზრის საწინააღმდეგოდ ვითარდება მოვლენები.
მოქმედება მეორე. იგივენი.