„პოლიტიკურ ველზე გაჭრილი“ პროპაგანდისტი დასავლეთიდან - რადიკალების მხარდამხარ

„პოლიტიკურ ველზე გაჭრილი“ პროპაგანდისტი დასავლეთიდან - რადიკალების მხარდამხარ

შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის ელჩი ნამდვილად არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი. ევროპელი დიპლომატი არღვევს დიპლომატის ეტიკეტს, პატივს არ სცემს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს და სათავეში უდგას ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის სქემას. პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც და შესაბამისდ, რუსეთის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი. ამიტომ, ჰერჩისკი ამბობს, რომ უნდა იმუშაონ ერთად, რათა იყონ ძლიერები.

„რუსეთის მავნე ქმედებებს, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიას, ასევე სამეზობლოში ყველას წინააღმდეგ სხვა ჰიბრიდულ საქმიანობას, სჭირდება სათანადო პასუხი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები და შევძლოთ ჩვენი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ელჩის განცხადებიდან ვხედავთ, რომ არ იშურებენ ძალისხმევას, რათა ევროკავშირთან ურთიერთობები საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულებაა, არამედ ქვეყნის ისტორიული და ეროვნული სწრაფვაა ევროპული ოჯახის წევრობისკენ.

„ნებისმიერი სპეკულაცია და ცრუ ნარატივები, რომლებსაც თავად ქმნიან და შემდგომ უკვე თავად ატრიალებენ საქართველოს წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, კარგად ჩანს და კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება, რომ არაფრის მომცემია, ტყუილზეა აგებული. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არაერთხელ დაუდასტურებია თავისი ერთგულება იმ ფასეულობებისა და პრინციპებისადმი, რაზეც დგას თანამედროვე ევროპა. არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საქართველო არის სწორედ ევროპის, სწორედ დასავლეთის ქვეყნების სანდო პარტნიორი რეგიონში. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება. ამ ურთიერთობებს მხოლოდ ჩვენ ვერ გავუფრთხილდებით, მეორე მხრიდანაც გვჭირდება იგივე დამოკიდებულება ვნახოთ, რა დამოკიდებულებაც გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ეს არ არის დიპლომატის განცხადება, ეს არის მიკერძოებული ადამიანის განცხადება. ეს აღარ არის უკვე არც ორმაგი სტანდარტი. ეს არის ერთმაგი სტანდარტი. შესაბამისად, როგორც ვოლსკი აცხადებს, ჰერჩინსკის ისღა დარჩენია, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და შექმნას პოლიტიკური პარტია, რომელიც ყველაზე წინ დადგება იმ ბრძოლის ველზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა.

„ეს არ არის დიპლომატის განცხადება, ეს არის მიკერძოებული ადამიანის განცხადება და, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად უტიფარი იმ ნაწილში, როდესაც საქართველოს მიმართ სანქციებს ითხოვს, საქართველოს მიმართ, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, იმ ხალხის მიზეზით, რომლებიც გვევლინებიან ჰერჩინსკის მოკავშირედ საქართველოში. ამას არ ჰქვია დიპლომატია. ეს არის პოლიტიკურ ველზე გაჭრილი ჰერჩინსკი“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, დავით კუხალაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ელჩის განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ, ზოგადად, დიპლომატიური კორპუსი გამოიყენება სადაზვერვო პროპაგანდისათვის. შესაბამისად, ყველაფერი ის, რაზედაც საუბრობს ევროკავშირის ელჩი, ნიშნავს, რომ ევროკავშორი ახორციელებს სადაზვერვო პროპაგანდას.

„ცდილობენ, ჩამოაყალიბონ ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც, ზოგადად, ევროკავშირის სადაზვერვო ინტერესებისათვის იქნება შესაბამისი და, გარკვეულწილად, შესაძლებელია ეს იყოს მიზანმიმართული ქმედება, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს პოლიტიკურ დესტაბილიზაციას. განცხადება კეთდება 14 მაისს და ჩვენ ვიცით სხვადასხვა ტიპის განცხადებები ქვეყნის შიგნით მადესტაბილიზირებელი ძალის მიერ გაკეთებული, რომლის მიხედვითაც, 26 მაისისთვის, კიდევ გარკვეული დესტაბილიზაციის მცდელობა არის დაგეგმილი და შესაბამისად, ჰერჩინსკის განცხადება შესაძლებელია კავშირში იყოს იმ პროცესებთან, რომლის განვითარებაც სურთ გარე და შიდა დესტრუქციულ ძალებს“, - აცხადებს კუხალაშვილი.

მისივე განცხადებით, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც დომინირებისათვის იბრძვის, ის ახორციელებს იმპერიალისტურ მიზნებს და მათ შორის ძალიან კარგად იციან ევროპის სახელმწიფოებმა, რადგან მათ ისტორიაშიც არის იმპერიული წარსული და მათი სახელმწიფოებიც იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა ნებისმიერი ქვეყანა. როგორც კუხალაშვილი აცხადებს, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი და ის საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აქაც წინ წამოწეულია რუსეთის ინტერესები, მაგრამ თუ განვიხილავთ აშშ-ის განცხადებებს კანადასთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ აქაც რაიმე განსხვავებული არ შეიძლება ვიპოვოთ. მაგრამ ის, რომ ერთი მიმართულებით არის აქცენტირებული, ეს კიდევ ერთხელ იძლევა იმ მიმართულებას, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი ევროკავშირის მხრიდან არის სადაზვერვო ზემოქმედების ობიექტი.

ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები უკავშირდება გარკვეული ტიპის კონფლიქტების კიდევ უფრო გაღრმავებას. ამ განცხადებაში ჩანს ის მოთხოვნა და ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულება, რაც დაკავებული აქვს ევროკავშირს და შესაბამისად, თუ ამ გზით საქართველო გააგრძელებს სვლას, ეს იმას ნიშნავს, რომ დღის წესრიგში კვლავ იქნება ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა და დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა მეთოდოლოგიით, რაც რეალურად, საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია.

დღეს, ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე არსებული ვითარება გვკარნახობს ერთ წესს - რაც შეიძლება ფრთხილად იყოს საქართველო, რომ რაიმე მიმართულით რომელიმე სახელმწიფოს ე.წ. ინტერესებს არ დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დავემშვიდობოთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამიტომ, ასეთი განცხადებები, გარკვეულწილად, პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს. გრძელდება იგივე პოლიტიკა, რა პოლიტიკაც ჰქონდა ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, როგორც იტყვიან, უკვე „ტყავიდან ძვრება“ ჰერჩინსკი თავის ანტიქართულ გამოხტომებში. ის თითქოს ხელისუფლებას ღია პროვოცირებით მიმართვას: „შემომილაწუნეთ! დამსაჯეთ!“ - რათა საკუთარი „შეურაცხყოფილი მეწამეობრიობა“ საქართველოს დასანქცირების სასწორზე გაიტანოს.

„სასოწარკვეთილი და პრიმიტიული ტაქტიკა - როგორც მისი მმართველი ძალების „სავიზიტო ბარათი“. ზიზღის ობიექტი, პან ჰერჩინსკი - არასდროს არ იყო ქართული ალიყურის ღირსი. მაქსიმუმ, მასზე ფეხს თუ ვიწმენდდით. ეს დაიმახსოვრეთ. ჩვენ კი გავიხსენოთ თქვენი „საქმენი საგმირონი“ - თქვენ იყავით და ხართ: ევროკავშირის მხრიდან გარე ზეწოლის განსახიერება და ევრობიუროკრატი, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩადის არა დიალოგის დამყარების მიზნით, არამედ ბრიუსელში შემუშავებული დღის წესრიგის თავსმოხვევისთვის. თქვენ დაუფარავად მონაწილეობთ ქვეყნის შიდა პროცესებში: მიმართავთ პოლიტიკურად მიკერძოებულ შეფასებებს გამჭვირვალობის კანონის, მართლმსაჯულების, არჩევნებისა და სიტყვის თავისუფლების სფეროებში - სამართლებრივი კონტექსტის სრული იგნორირებითა და უგულებელყოფით.

აქტიურად უჭერთ მხარს არასამთავრობო სექტორს, რომელიც მხოლოდ ლიბერალური გავლენის და ტრადიციული საზოგადოების გაუკუღმართებული ფასეულობების მისამართით გარდაქმნის იარაღად აღიქმება, მიუხედავად დიპლომატიური სიფრთხილისა და თავშეკევებისა (რომელსაც აიგნორებთ), სისტემატიურად უჭერთ მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას მხოლოდ ლიბერალური ინტერპრეტაციით - ლგბტ თემებზე აქცენტირებით, ფემინისტურ ინიციატივებზე და გენდერულ რეფორმებზე, „ეკოლოგიურ გარდაქმნაზე“, მიგრანტების უფლებებზე დაყრდნობით და სხვა. სრულ იგნორირებას უკეთებთ მოსახლეობის ტრადიციულ ღირებულებებს და ყურადღებას მხოლოდ ევროკავშირის სტანდარტებზე ამახვილებთ, რომლებიც ძირითადად ქართულ იდენტობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში შედიან“, - წერს სოციალურ ქსელში ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი აქვე განმარტავს, რომ ევროკავშირის ელჩი ჩამოყალიბდა, როგორც ევროკავშირის იდეოლოგიური ცენტრის წარმომადგენლობა და გლობალისტური ევრობიუროკრატიის „გავლენის აგენტი“, რომლისთვისაც მიუღებელია განსხვავებული მოსაზრება ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა „ადამიანის უფლებები“, მიგრაცია, „დისკრიმინაციის წინააღმდეგობა“.

„თქვენნაირი „დიპლომატები“ არ იცავენ ევროპულ ცივილიზაციას, არამედ ანადგურებენ მის ქრისტიანულ და კონსერვატიულ საფუძვლებს, ევროპის „ანტინაციონალურ“ და „კონტრტრადიციულ“ პროექტად გარდაქმნის გზით. თქვენი ზეწოლა საქართველოზე რბილიც კი არაა, არამედ უკიდურესად აგრესიული, განსაკუთრებით ხელისუფლების პოლიტიკური არქიტექტურის ძალისმიერი მეთოდებით ტრანსფორმაციის მიზნით.

თქვენი მხარდაჭერა ოპოზიციური ჯგუფებისადმი არაპირდაპირი თუ შენიღბულიც კი არაა - თქვენ პირდაპირ აფინანსებთ მათ ევროკავშირის, ნიდერლანდების, გერმანიის, სკანდინავიის ქვეყნების ფონდებით. თქვენ არ ხართ ნეიტრალური დიპლომატი, არამედ ევროპის ლიბერალური იდეოლოგიური ექსპანსიის ინსტრუმენტი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს ქართული ტრადიციული საზოგადოების გარდაქმნას „რეფორმებისა“ და „ევროინტეგრაციის“ ლოზუნგებით.

ამ საზოგადოებისთვის თქვენ დიდი ხანია ჩამოყალიბდით „ნონ-გრატა“ პერსონად, ხოლო თქვენი მცდელობა - საქართველოს ხელისუფლება გამოიყვანოთ მწყობრიდან, რომ თავის პატრონებს ჩვენი ქვეყნის დასჯა მოსთხოვოთ თქვენთვის მიყენებული „შეურაცხყოფის“ გამო - პირად ცხოვრებაში ქცევის ტაქტიკად დაიტოვეთ. ქართველები მწოლიარეს, ქალს თუ არაკაცს ფიზიკურად არ ეხებიან“, - წერს დავით ქართველიშვილი.