„შეუძლებელია, თქვა, როგორ მოიქცევა ტრამპი

„შეუძლებელია, თქვა, როგორ მოიქცევა ტრამპი" -„მეგობარი აქტი" უკვე სენატშია, ოპოზიცია ზეიმობს, ოცნება კი ელოდება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარი აქტს" მხარი დაუჭირა. „ოცნებაში"აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება დიფ სტეიტის მუშაობის შედეგია და საქართველოში ოპოზიციური მუხტის გამოცოცხლებას ემსახურება, ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დოკუმენტს ხელს მოაწერს და ის მალე ამოქმედდება.

„დიდი ალბათობით ტრამპი ხელს მოაწერს," - განაცხადა „რეზონასნთან" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ.

„მანამდე ორივე პალატამ ეს დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს. თუმცა, საგარეო საკითხების განხილვა უშუალოდ სენატის, ანუ ამერიკის კონგრესის ზედა პალატის საგარეო კომიტეტის კომპეტენციას მიეკუთვნება. 

სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ, სხვა კომიტეტებიც, როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში, გაითვალისწინებენ ამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პოზიციას.

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პალატაში - აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში - რესპუბლიკელებს უმრავლესობა უკავიათ, ვფიქრობ, ტრამპი ამას გაითვალისწინებს. ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ტრამპმა ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს."

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ შეუძლებელია გააკეთო პროგნოზი, თუ რას იზამს ტრამპი, მაგრამ აღნიშნავს, რომ თუ „რაციონალური მიდგომები" გაიმარჯვებს, ტრამპი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

„შეუძლებელია, თქვა, როგორ მოიქცევა ტრამპი. ერთი მხრივ, თუ რაციონალურად მიუდგებიან, ვფიქრობ, უფრო არ უნდა დაუჭიროს მხარი და არ უნდა მოეწონოს ეს აქტი, რადგან იციან, რა მდგომარეობაა საქართველოში. მეორე მხარე არის, რომ იმ შემთხვევაში სჭირდება ყოველი ხმა სენატში, და სენატორების ჯგუფი ამბობს, რომ „ჩვენ ეს გვინდა". გადაწყვეტილების მისაღებად ამას შეიძლება გაუწიოს ანგარიში, ასე რომ, შეიძლება სენატორების ხმა დასჭირდეს. გარდა ამისა, ტრამპს აქვს იმპულსური რევოლუციური ხასიათი, ამას ბევრი ამბობს, თუმცა კი კონკრეტული პროგნოზისგან თავს შევიკავებ."

შეგახსნებთ, რომ კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი" (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა და ითვალისწინებს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც „მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობდნენ".

სანამ მეგობარი აქტი ძალაში შევა, მან რიგი ეტაპები უნდა გაიაროს, კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს და, რაც ყველაზე მთვარია, საბოლოო ვერდიქტი პრზიდენტმა უნდა გამოიტანოს.

პროფესორი ნიკა ჩიტაძე საუბრობს ორ სცენარზე, რომელიც შესაძლოა მაშინ გათამაშდეს, თუ აქტს საბოლოოდ მიიღებენ.

„პირველი - შეიძლება „ოცნებამ" განაცხადოს, რომ აშშ-სთან ურთიერთობა არ სურს, რადგან დიპ სტეიტმა დაამარცხა აშშ-ს ხელისუფლება. ქართულ ოცნებას ურჩევნია, მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუნდაც ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდეს.

„მეორე ვერსიაა, რომ შედგეს გარკვეული შეთანხმება აშშ-სა და ქართულ ოცნებას შორის, რადგან საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას გაუჭირდება ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება, თუ ქვეყანა იზოლაციაში მოექცევა. შესაბამისად, იარსებებს საფრთხე, რომ უფრო მეტი ადამიანი იქნება უკმაყოფილო ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ. ასე რომ, ეს არის მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ოცნება იძულებული იქნება, აშშ-სთან გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს, იმის სანაცვლოდ, რომ აშშ-მ აღიაროს მათი ლეგიტიმაცია."

ჩიტაძემ დასძინა, რომ „ოცნებასა" და აშშ-ს ადმინისტრაციას შორის პოლიტიკური ვაჭრობა გარდაუვალი იქნება.

„თუ პროცესი ასე წარიმართა, პოლიტიკური ვაჭრობა გარდაუვალი იქნება. რა მოხდება ლეგიტიმაციის სანაცვლოდ, მოხდება თუ არა აღიარება, რა პირობები ექნება ამ პროცესს და ა.შ. - ეს ჯერ კიდევ გასარკვევია."

პეტრე მამრაძე კი აქტის მიღებას , მისივე თქმით, „მშვიდად უყურებს".

„საშინელი არაფერი მოხდება თუ აქტი მიიღეს. რომ ამბობენ ხოლმე, შემცირდება ინვესტიციები, სად იყო ადრეც? შემცირდება ვაჭრობის მოცულობა, სად იყო? როგორც ამბობენ, შეამცირებს თუ არა ყოფნას სამხრეთ კავკასიაში, სად არის? ამაზე ლექციის წაიკითხვაც შემიძლია.

„ასე რომ, მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამას ამ ეტაპზე, დიპ სტეიტი ძლიერია. როგორი ბრძოლაა, ხელჩართულ ბრძოლამდე მიდის ეს ყველაფერი. ასე რომ, ამ ეტაპზე რთული ვითარებაა," - განაცხადა მამრაძემ.

27 მარტს გავცელებულ ინფორმაციას, რომ „მეგობარი აქტი" სენატში ყოველგვარი დამატებითი ცვლილებების გარეშე გავიდა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ოპოზიციაში „ქართველი ხალხის გამარჯვებას" უწოდებენ, ამბობენ, რომ „ოცნება" საერთაშორისო სამართლით უკვე გაუქმებულია.

„საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ. მინდა მივმართო ამ უბადრუკებს: მიდი, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ. დღესვე გაგვაუქმეთ! რისი თავი გაქვთ? თქვენ უკვე საერთაშორისო სამართლით გაუქმებულები ხართ," - თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.

ვაშაძემ დასძინა, რომ 31 მარტს რუსთაველზე ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს, რადგან ამერიკელებს და დასავლელ პარტნიორებს ძალა დაანახონ.

„31 მარტს ძალიან ბევრი უნდა გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ერთხმად დიდი ხმა უნდა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს. თუ ვინმე კითხვას სვამს, რა უნდა მოხდეს 31 მარტს? ჩვენ ბევრი უნდა ვიყოთ," - განაცხად ვაშაძემ

„ოცნებაში" ამბობენ, რომ დოკუმენტი საკუთარ აგენტურას დიპ-სტეიტმა მიაღებინა,რაც იმას ნიშნავს, რომ დიპ-სტეიტი არათუ დასუსტებული, არამედ აქტიურ მოქმედებაშია.

„ეს მტრული აქტია, ისევდაისევ იმ დიპ სტეიტისა, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული და ძალიან სამწუხაროა, როცა ტრამპი აცხადებს ბრძოლას მის წინააღმდეგ ეს ბრძოლა შედეგიან ვერ არის. თუ საქართველოში გარედან ჩარევა გაგრძელდა, არავის ექნება შესაძლებლობა თქვან, რომ სიპ სტეიტი დამარცხებულია,"