გიორგი ბაჩიაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, როგორც ჩანს, საგარეო პოლიტიკურ ჭრილში განაინაცვლებს. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, დავით კუხალაშვილის განცხადებით, ბაჩიაშვილის თემა შეიცავს სადაზვერვო აქტივობების ნიშნებს. მისი თქმით, შემთხვევითი არაა ის, რომ ბაჩიაშვილის გაყვანა მოხდა ავტომობილით, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებული იყო მისი საქართველოდან გაყვანით, ჰქონდა ინფორმაცია, როგორც საქართველოს და სომხეთის საზღვრების მოწყვლადობაზე.
for.ge დავით კუხალაშვილს ესაუბრა.
ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვებამ რა აჩვენა?
დავით კუხალაშვილი: დავიწყოთ იმით, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით, პირი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. კონტროლის მიზნით იყო ჩანერგილი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში.
რა გაძლევთ ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს?
- შემთხვევითი მოვლენები არ არსებობს. ის პროცესი, რაც საქართველოში მიმდინარეობს, რაშიდაც ბრალი ედება ბაჩიაშვილს და რაც გააკეთა, პრაქტიკულად, ყველაფერი შეიცავს სადაზვერვო აქტივობების ნიშნებს. დააკვირდით მხოლოდ ერთ გარემოებას - არც ის პროცესი არაა შემთხვევითი, რომ მისი გაყვანა მოხდა ავტომობილით. ეს ნიშნავს, რომ რეალურად, სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებული იყო მისი საქართველოდან გაყვანით, ჰქონდა ინფორმაცია როგორც საქართველოს, ისე სომხეთის საზღვის მოწყვლადობის შესახებ.
ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ დაინტერესებული სახელმწიფოს კოორდინაცია. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს სადაზვერვო ინფორმაცია სომხეთსა და დაინტერესებულ ქვეყანას შორის. ან შეიძლება იყოს ისეთი გარემოება, რომ გარკვეული სადაზვერვო ხასიათის აგენტურული შეღწევადობა გააჩნდეს დაინტერესებულ სახელმწიფოს, როგორც სომხეთის, ისე საქართველოს სასაზღვრო ზონაში. ასეთი პროცესები ყოველდღიურობაა და აქ არაფერი სიახლე არაა, მაგრამ ფაქტი, რაც მოხდა, საქართველოს ინტერესებისთვის ძალიან დამაზიანებელია.
თქვენი მეშვეობით ვაფრთხილებდი საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს, რომ აუცლებელია დაცვის გაძლიერება, რამეთუ ეს მოვლენაც გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ საქმე მთლად კარგად არ არის. ნახეთ რამხელა შესაძლებლობები აქვს ახლო გარემოცვაში მყოფ პირს და მას აქვს შესაძლებლობა, რომ მათ შორის განახორციელოს დასაცავი პირის ლიკვიდაცია. ამიტომ, ამ კუთხით ვფიქრობ, რომ მოვლენების გაჭიანურება აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და არის ალბათობის მაღალი ხარისხი იმისა, რომ გარემოცვიდან შეიძლება მოხდეს ისეთი პროცესი, რომელიც რეალურად ძალიან დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის.
ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის გარემოება, რომ 2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ ვერც ერთ ეტაპზე და მათ შორის დღესაც ვერ მოახერხა იმ მავნე ძალების, პირების და პირთა ჯგუფების ნეიტრალიზაცია, რომლებიც განთესილი არიან სხვადასხვა უწყებებში და მათ შორის სახელმწიფოს 100%-ანი წილით დაფინანსებულ ორგანიზაციებში. ამიტომ, თუ ამ პრობლემას არ მიეხედება, ჩვენ ბევრი სცენარის გაანალიზება მოგვიწევს და ეს იქნება სცენარები, რომელიც კიდევ უფრო დააზიანებს სახელმწიფოს ინტერსებს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ მმართველმა ძალამ ამ წლების განმავლობაში არ გაწმინდა სტრუქტურები, სადაც განთესილი არიან სწორედ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მომუშავე ადამიანები. თუ იმ სქემას გადავხედავთ, რა სქემითაც ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მას ქვეყნიდან გასვლაში ეხმარებოდნენ ისეთი სტრუქტურები, რომლებსაც პოლიტიკური გავლენები და ავტორიტეტი აქვთ ქვეყანაში?
- სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, როდესაც დანაშაულზე ვსაუბრობთ, ორი მნიშვნელოვანი ნაწილია გამოსაყოფი: ერთია ქმედება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მეორე - უმოქმედება, რომელიც ასევე, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს პროცესის მაკონტროლებელ და განმხორციელებელ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან როგორც აქტიურ ქმედებას, ისე უმოქმედებას. ან ერთმა, ან მეორე ქმედებამ განაპირობეს ის პროცესი, რაც მოხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვიჭირს საფრთხეების იდენტიფიკაცია და რისკების შეფასება.
გავიხსენოთ ბერი სალოსის გამზირზე ტერორისტების ნეიტრალიზაციის ოპერაცია და ის ფაქტი, რომ ეს ტერორისტები, სამწუხაროდ, საქართველოში შემოვიდნენ ლეგალურად. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე წლის წინ უნდა გვქონოდა ინდენტიფიცირებული საფრთხე, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, იქ განთავსებული სტრუქტურები და ამ საზღვრის მაკონტროლებელ რგოლში არის პრობლემები. რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციებში არ შეიძლება რომ ჩავერიოთ, მაგრამ საზოგადოებრივი მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო იქნება იმ პირთა შესახებ მონაცემების გამოქვეყნება, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ამ პროცესზე.
ბატონო დავით, იერარქიულად რომ გავყვეთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება გამოიკვეთოს?
- იერარქიულად უნდა გავყვეთ, ვის რა პასუხისმგებლობა ჰქონდა და შემდეგ უნდა გამოქვეყნდეს მათი ბეგრაუნდები. ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დავრწმუნდეთ ჩემი მოსაზრების ან ჭეშმარიტებაში ან, ზოგადად, მცდარობაში. ამიტომ, ზოგადად თავს ვიკავებ ხოლმე განსაკუთრებულად დაჟინებით ვთქვა, რომ ასე იყო. მთავარი და არსებითი გახლავთ ის, რომ პრაქტიკულად, ალბათობის მაღალი ხარისხით, საქართველოს ხელისუფლებაშიც არიან პირები და პირთა ჯგუფები, რომლებიც საბოტაჟირებენ სხვადასხვა ტიპის პროცესებს, მათ შორის საკადრო უზრუნველყოფის კუთხით, რაც არ შეიძლება აღიქვას დადებით მოვლენად და არ იქნას ყურადღება გამახვილებული.
მინდა ერთ რამეში დაგარწმუნოთ, რომ ეს არის კატასტროფის ტოლფასი მოვლენა, როდესაც 13 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ძალიან მცირე დონეზეც ვერ მოახერხა სწორი საკადრო უზრუნველყოფა. შესაძლებელი იყო, რომ ამ 13 წლის განმავლობაში მოძებნილიყო სხვადასხვა და მათ შორის ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც შემოწმებოდნენ ადამიანები, მათ შორის სახელმწიფოსთან დაკავშირებით, თუ რა განწყობები გააჩნიათ. თუ ასეთი ადამიანები დასაქმებული არიან სახელმწიფო სტრუქტურებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვაახლოვებთ მაღალი რანგის თანამდებობის პირის, ან პოლიტიკური მოღვაწისადმი ტერორისტული აქტის ჩადენის ხელსაყრელობას.
ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მისი უახლესი გარემოცვის წევრი - ბაჩიაშვილი კომპრომატებით ემუქრება, არაა დაცული?
- დაინტერესებული სახელმწიფოების მხრიდან ყველაზე მაღალი დონის სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. ყველა ის გეგმა და მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპული სახელმწიფოების ლიდერების, უკრაინის პრეზიდენტის და აშშ-ის ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები და ასევე სხვა ტიპის ინფორმაციები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გონივრული ეჭვის საფუძველზე გამოვთქვა ეს მოსაზრება, რომ ივანიშვილი წარმოადგენს ნომერ პირველ სამიზნეს საქართველში. თუ განახორციელდება ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია, ნეიტრალიზაცია ე.ი. იმ ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებული არიან პოლიტიკური, თუ სამხედრო დესტაბილიზაციით საქართველოში, ხელ-ფეხი ექნებათ გახსნილი. ეს უნდა იცოდეს როგორც ხელისუფლების მომხრე, ისე მოწინააღმდეგე მხარემაც.
მინდა შევახსენო ყველას, რომ სწორედ ასეთი ტიპის დესტრუქციულმა ქმედებამ მნიშვნელოვანწილად დააჩქარა და დაასრულა საქართველოს დამოუკიდებლობა. თუ პროცესები განვითარდება უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ცალსახად შესაძლებელია, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, რაშიც მაშინ აღმოვჩნდით. ამიტომ, სასურველია, რომ ობიქტური ანალიზის უნარი გააჩნდეთ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ როგორც ექსპერტები. მათ შორის არასერიოზულად მიმაჩნია საპარლამენტო ტრიბუნიდან არასაკმარისი გამოცდილების და ბეგრაუნდის მქონე არაპროფესიონალთა მიერ მოვლენათა შეფასება. ისინი თავიანთი უსუსური განცხადებების გამო უფრო უარყოფით განწყობას იწვევენ მოსახლეობაში, ვიდრე ახორციელებენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო პროპაგანდისთვის ხელსაყრელ კონტრ-პროპაგანდას. ამიტომ, ძალიან ბევრი მომენტებია, რომელიც სახელმწიფოს ხელიდან აქვს გაშვებული.
ბატონი დავით, როგორ ფიქრობთ, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, თუ ეს არის არაპროფესიონალიზმის ბრალი?
- ორივე შემთხვევაში, ეს არის საბოტაჟის შემცველი ნიშნების ქმედება და ვფიქრობ, რომ მაშინ უნდა დადგეს მაღალი რანგის თანამდებობის პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. მუდმივ რეჟიმში ქვეყანაში ასეთი უარყოფითი ინციდენტები ხელს უწყობს საზოგადოების დემორალიზაციას. შესაბამისად, დემორალიზებული საზოგადოება მუდმივად არის შიშში და პანიკაში, ამიტომ მუდმივად ეძებს მფარველს. შესაძლებელია, რომ ამ მფარველობის ძებნაში აღმოჩნდეს რომელიმე სახელმწიფო, რომელმაც სადაზვერვო პროპაგანდით გამოიწვიოს საქართველოში არსებული წესრიგის ძალადობრივი დამხობა.
არ შეიძლება არხეინად ყოფნა. არხეინობა უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა დავემგვანოთ ისეთ სახელმწიფოს, რომელიც საფრთხეებზე დროულად რეაგირებს, აფასებს რისკებს, ხელისუფლებას აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და იგეგმება პრევენციული ღონისძიება. ეს სტრუქტურა პრაქტიკულად არ გვაქვს და პირველად, ამდენი წლის განმავლობაში მინდა, რომ ყველა იმ ობიექტის მიმართ, რომელიც ამ შეფასებაში არის ჩართული, გამოვთქვა ძალიან დიდი სიღრმისეული პროტესტი და გულისტკივილი.
თანამდროვე ტექნოლოგიები, მასმედია, სოციალური ქსელები და ა.შ. იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაცა რეჟიმით კიდევ შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრიობა. მაგრამ იმდენი ნიშანია იმისა, რომ შესაძლოა ჩვენ ძალიან მარტივად დავემშვიდობოთ სახელმწიფოებრიობას. არ ვიცი რა დამოკიდებულება აქვთ იმ ადამიანებს, ვინც ამაზე არიან პასუხისმგებელი. ვწუხვარ ამ განცხადების გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემთვისაც კი და ნამდვილად არ ვთლი, რომ დაბალი აღქმის უნარი მაქვს უსაფრთხოების იმ მდგომარეობაზე, რაც სახელმწიფოშია, ეს ყველაფერი არის ამაზრზენი, მიუღებელი და ვხვდები იმას, რომ ყველაფერი კეთდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ.
ძალიან დიდ კითხვებს აჩენს შემდეგი გარემოება - როგორ გამოიყენა ბაჩიაშვილმა რუსული პასპორტი სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ამ ქვეყნის დატოვების მომენტში, მაშინ, როდესაც სომხეთში ლეგალურად შემოღწევის რაიმე შტამპი არ იყო დასმული მის პასპორტში. როგორ ფიქრობთ, ამ ოპერაციაში ჩართული იყო როგორც სომხეთის, მათ შორის საქართველოს სასაზღვრო უწყება და იკვეთება აქ სხვდასხვა ქვეყნის დიპლომატიური უწყებების ჩართულობა?
- გავიხსენოთ პრეზიდენტ ბუშზე წარუმატებელი ტერორისტული აქტი. არავის არ გაუანალიზებია როგორ შეიძლებოდა ადამიანმა, რომელმაც ეს მოახერხა, ყველაფერი მოემზადებინა, რომ განეხორციელებინაა ტერორისტული აქტი და სად იყვნენ შესაბამისი უწყებები? იგივე მიდგომით დააკვირდით როგორც ჟურნალისტი, როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში, ადამიანს, რომელსაც გადაყავდა ბაჩიაშვილი საზღვარზე, პირველად გადაადგილდებოდა სახელმწიფო საზღვარზე? ამოსაღებია ინფორმაცია სასაზღვრო პუნქტიდან რამდენჯერ გადაკვეთა საზღვარი. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სისტემური მიმოსვლა, შესაბამისად, უნდა იყოს დაინტერესების ობიექტი, რა მიზნებს ემსახურება ამ თუ იმ პირების ასეთი ხშირი გადასვლა.
ბაჩიაშვილს რომ აღმოაჩნდა უცხო ქვეყნის პასპორტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, ამ პროცესში უცხო ქვეყნების ჩართვის ალბათობის ნიშნებს. როდესაც არსებობს კონკრეტული პირის გაშიფვრის საშიშროება, ამ შემთხვევაში სადაზვერვო სამსახურები ზრუნავენ, რომ პირი, რომელიც შეიძლება გაშიფვრას დაექვემდებაროს, სხვადასხვა არხებით გაიყვანონ, მათ შორის არალეგალურად გაიყვანონ ქვეყნის საზღვრებიდან. მე, რატომღაც სწორედ ეს ნიშანი მგონია.
მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ ის გარემოება და სადაზვერვო საქმიანობის პრაქტიკა - თვითონ გადამყვანი პირები წარმოადგენენ უცხო ქვეყნის სადაზვერო ჯგუფის წარმომადგენლებს და არ არის გამორიცხული, რომ პირი, რომელიც დაკავებულია, ისიც გადაბირებული იყოს უცხო ქვეყნის მიერ. ამ პრობლემას მარტივად არ ვუყურებ და მით უმეტეს, რომ ბაჩიაშვილს ჰქონდა ისეთი ფინანსური შესაძლებლობა და ასევე დაინტერესებულ ქვეყნებს, რომ შეეძლო მოესყიდათ ის პირები, ვისაც ევალებოდა სასაზღვრო კონტროლი.
თუ მოსყიდვა მოხდა, ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული პროცესი შედის უცხო ქვეყნის დაინტერესების სფეროში, ყველაფერი დოკუმენტირებულია და შესაძლებელია ეს ყველაფერი გამოიყენონ იმ სახელმწიფო მოხელეების საწინააღმდეგოდ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ასე რომ, დააკვირდით ერთ პატარა მოვლენას, რამდენი საფრთხე შეიძლება მოსდევდეს. ყველაფრის თქმა არ შეიძლება და ამიტომ თავს შევიკავებ დანარჩენი საფრთხეების იდენტიფიცირებისაგან.
იმ ქვეყნის საპეცსამსახურების მიერ, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ბაჩიაშვილის გაყვანით, გამოყენებული იქნება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ბაჩიაშვილის ხელთარსებული ინფორმაციებით შეიძლება მოხდეს ზეწოლა? და, საერთოდ, თვითონ ბაჩიაშვილის სიცოცხლე რამდენად უსაფრთხოა?
- ბაჩიაშვილის სიცოცხლის დასაცავად ჩატარდა ეს სპეცოპერაცია. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა გამოჩნდება ყველაფერი. რომელი ქვეყნიდან დაიწყება მაკომპრომატირებელი კომპანია, აი, ამის შემდეგ შეიძლება გარკვეული ანალიზის გაკეთება, ვინ და რომელი სახელმწიფოები იყვნენ აღნიშნულით დაინტერესებული. ცალსახაა, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა სომხეთი და ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან უნდა გაკეთდეს შესაბამისი განცხადება.