ტრამპის ულტიმატუმი პუტინს: თუ 50 დღეში ომს არ დაასრულებს, მკაცრი სანქციები არ დააყოვნებს!

ტრამპის ულტიმატუმი პუტინს: თუ 50 დღეში ომს არ დაასრულებს, მკაცრი სანქციები არ დააყოვნებს!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა: თუ უახლოეს 50 დღეში, უკრაინაში ომი არ დასრულდება და შეთანხმება არ მიიღწევა, ამერიკა მოსკოვს „ძალიან მკაცრ გადასახადებს“ დაუწესებს. ეს სკანდალური განცხადება პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას გააკეთა.

„ჩვენ ძალიან მკაცრ გადასახადებს დავაწესებთ, თუ 50 დღეში შეთანხმება არ გვექნება“, - განაცხადა ტრამპმა და ხაზგასმით აღნიშნა ვაჭრობის, როგორც ომების მოგვარების ინსტრუმენტის მნიშვნელობა.

ტრამპმა ასევე დააანონსა, რომ აშშ უკრაინას მაღალტექნოლოგიურ იარაღს გაუგზავნის რუსეთის წინააღმდეგ ომში. აღსანიშნავია, რომ ამ იარაღის საფასურს ამერიკელი გადასახადის გადამხდელები არ დაფარავენ - ხარჯებს ნატო-ს წევრი ქვეყნები გაიღებენ.

კერძოდ, საუბარია Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებაზე, რაც, ტრამპის თქმით, „ძალიან სწრაფად“ მოხდება. შესაძლოა, უკრაინამ 17-მდე ასეთი სისტემა მიიღოს. ამჟამად, ღია მონაცემებით, უკრაინას Patriot-ის არანაკლებ 7 სისტემა აქვს მიღებული. მარკ რიუტეს განცხადებით, საუბარია არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, არამედ სხვა სახის იარაღზეც. მედიაში ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია გრძელი რადიუსის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.

რიუტემ ისიც აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის ადგილას, ის სწრაფად დათანხმდებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

ტრამპმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკმაყოფილება რუსეთის ქმედებებით უკრაინასთან მიმართებაში. ის იმედოვნებდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება ჯერ კიდევ ორი თვის წინ გაფორმდებოდა. ვაშინგტონში რამდენჯერმე მიიჩნიეს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ახლოს იყო, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.

უკრაინა ჯერ კიდევ აპრილში დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას წინასწარი პირობების გარეშე, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ ეს წინადადება, ფაქტობრივად, უარჰყო და მოლაპარაკება საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარეშე შესთავაზა. სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ორმა რაუნდმა ტყვეებისა და დაღუპულთა გვამების გაცვლაზე შეთანხმება მოიტანა, მაგრამ არა - ცეცხლის შეწყვეტაზე. ამ ეტაპზე, უცნობია, როდის გაიმართება შემდეგი რაუნდი.

მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისთვის რამდენიმე პირობას აყენებს, მათ შორის, უკრაინის ჯარების გაყვანას ოთხი რეგიონიდან, რომლებზეც მოსკოვი აცხადებს პრეტენზიას. ბოლო კვირების მოვლენებმა, მათ შორის, სამოქალაქო უბნებზე უპრეცედენტოდ ძლიერმა დრონულმა და სარაკეტო იერიშებმა, ტრამპიც კი აიძულა, ეღიარებინა წინა სტრატეგიის მარცხი.

კიევის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ჟურნალისტებთან მიმოწერაში განაცხადა: „ჩვენ და ჩვენი ოჯახი ჭკუიდან ვიშლებით - ისევ მიწისქვეშა თავშესაფრებში უნდა დავიმალოთ“.

რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, კონგრესი ორპარტიულ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც 500%-მდე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას, თუ კრემლი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.

სენატორმა, დემოკრატმა ელიზაბეთ უორენმა აღნიშნა: „ჩვენ გვჭირდება სანქციების ისეთი პაკეტი, რომელიც რეალურ შეზღუდვებს დააწესებს პრეზიდენტის შესაძლებლობაზე, კვლავ ითამაშოს პუტინთან, როგორც თავად სურს“, - ამბობს ის.

ამ ფონზე, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მალაიზიაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. რუბიოს თქმით, რუსეთმა „ახალი მშვიდობის კონცეფცია“ გააჟღერა, რომელსაც ის ტრამპს გადასცემს.

 აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, ბილ ტეილორმა ტრამპის პოზიციის ცვლილება ასე შეაფასა: „ტრამპმა ახლა გაიაზრა, რომ პრობლემა თავად პუტინია“, - ამბობს დიპლომატი.

რა არის ტრამპის „ვაჭრობის“ მიზანი: მოლაპარაკება, თუ ესკალაცია?

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ერთგვარ, ორპირი ხმლის ფუნქციას ატარებს, რადგან მიხვდა, რომ რუსეთთან სხვა ენა აღარ ჭრის. ბენდიანიშვილი for.ge-თან საუბრისას მიიჩნევს, რომ ჩიხში შესული მოლაპარაკება უკვე პირადად ტრამპის იმიჯსა და რეიტინგს ურტყამს. ამიტომაც მან მოქმედებაზე გადასვლა გადაწყვიტა.

„ერთი მხრივ, ეკონომიკური სანქციები და ტარიფები ნამდვილად წარმოადგენს ზეწოლის ეფექტიან ბერკეტს. რუსეთის ეკონომიკაზე დამატებითი ტვირთის დაკისრებამ, განსაკუთრებით კი 500%-მდე ტარიფების დაწესების პერსპექტივამ, შესაძლოა, მოსკოვი უფრო მეტად აიძულოს, დაფიქრდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე.

თუმცა, აქ მეორე მხარეც არის და ეს ულტიმატუმის ენაა. დიპლომატიაში ულტიმატუმები, ხშირად, სასურველ შედეგს არ იძლევა, რადგან მათ შეუძლიათ მოწინააღმდეგე მხარის გამკაცრება გამოიწვიონ. რუსეთის მსგავსმა სახელმწიფომ, რომელიც საკუთარ თავს დიდ ძალად მიიჩნევს, შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავებულად უპასუხოს ასეთ ზეწოლას, ნაცვლად დათმობაზე წასვლისა. ამან, შესაძლოა, კონფლიქტის ესკალაციის რისკი გაზარდოს, თუმცა სხვა გზა არ არის, რადგან მოსკოვს მხოლოდ ძალის ენა ესმის. ადრეც აღვნიშნე, რომ ტრამპი, საბოლოოდ, ამ ნაბიჯებამდე მივიდოდა“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

„პატრიოტის“ სისტემებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური იარაღის მიწოდებაზე საუბრისას, ბენდაინიშვილი განმარტავს, რომ  ეს არის უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი გაძლიერება.

„საჰაერო თავდაცვის სისტემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის დასაცავად, განსაკუთრებით, რუსეთის ბოლოდროინდელი მასობრივი სარაკეტო და დრონული შეტევების ფონზე. ამასთან, გრძელი რადიუსის რაკეტების პოტენციური მიწოდება უკრაინას მისცემს შესაძლებლობას, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზეც განახორციელოს დარტყმები, რაც კონფლიქტის ახალ ფაზაში გადაყვანის რისკს შეიცავს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

კონფლიქტოლოგი ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ მართალია, ნატო-ს ქვეყნები იხდიან იარაღის საფასურს, მაგრამ ეს არ ამცირებს იმ ფაქტს, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, აქტიურად არის ჩართული კონფლიქტის მიმდინარეობაში, რაც რუსეთის პროპაგანდისთვის კრემლის მიერ ნარატივის გაძლიერების საშუალებას იძლევა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა ყველაზე მტკივნეული ასპექტია ტრამპისთვის.  

„როგორც ჩანს, მოსკოვი კვლავ აყენებს პირობებს, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. უკრაინის უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა და რუსეთის უარი ხაზს უსვამს ღრმა უნდობლობას მხარეებს შორის, ხოლო ტრამპის განცხადება, რომ „პრობლემა თავად პუტინია“, იმაზე მიანიშნებს, რომ ვაშინგტონში, შესაძლოა, საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია, სანამ რუსეთი არ შეცვლის თავის ფუნდამენტურ მიდგომას“, - ამბობს ბენდიანიშვილი.   

 

 

Aburjga Tasmanieli აშშ-ში, ამხელა ქვეყანაში როგორ ვერ მოიძებნა 1 (ერთი) ნორმალური, განათლებული, შუა ხნის კაცი საპრეზიდენტოდ ?! ერთ მარაზმატიკს მეორე მარაზმატიკით ცვლიან?! რა არის, რა უბედურებაა?!
1 საათის უკან