ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი შეშფოთებულია, როგორც თავად ამბობს, საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელი ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს. დიპლომატი განმარტავს, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან.
ვიდეომიმართვაში დიპლომატი აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას.
„გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად. კოალიციის მრავალი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის, ხელისუფლების კრიტიკის გამო, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, ბევრი ევროპელი პარტნიორის მსგავსად, ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებასა და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა გარეტ უორდიმ.
ბრიტანელი დიპლომატის ეს ვიდეომიმართვა ადასტურებს, რომ საქართველოში პროცესების რადიკალიზაციას, სწორედ ბრიტანეთი აფინანსებს და ლობირებს. წესით, ელჩმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობა სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ დასჯადია, როგორც ბრიტანეთში, ასევე საქართველოში. პოლიციელზე ხელის აღმართვა, სილის გაწნა, მით უმეტეს, ცეცხლის წაკიდება ისევე ისჯება საქართველოში, როგორც ბრიტანეთში.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი ღიად გამოვიდა პოლიტიკურ სცენაზე და ელჩის ენით საუბრობს ხელისუფლების შეცვლაზე, არც ხელისუფლება რჩება უპასუხოდ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვერ დაუშვებენ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის, ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან. ირაკლი კობახიძე ურჩევს ბრიტანელ ჩინოვნიკს, რომ უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს.
„ბრიტანეთის ელჩის განცხადება არის დეზინფორმაციით გაჯერებული. როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. დიდ ბრიტანეთში არის სერიოზული პრობლემები მედიაპლურალიზმის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, „დიფ სთეითის“ გავლენის კუთხით მედიაზე. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის, ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ძალიან კარგია ქართულად რომ საუბრობს, მაგრამ ქართულად სიმართლე უნდა ილაპარაკოს. ტყუილებს ქართულად ილაპარაკებს, ინგლისურად, თუ ფრანგულად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათიკაშვილის თქმით, ელჩი, ისევე, როგორც პოლიციელი, წარმოადგენს სახელმწიფოს და ელჩისთვის რომ გაეწნა რომელიმე ჟურნალისტს სილა, საინტერესოა, რა შეფასებას მისცემდა ბრიტანეთის ელჩი ამ შემთხვევას.
„ელჩი, ისევე, როგორც პოლიციელი, წარმოადგენს სახელმწიფოს. დიდ ბრიტანეთში, რომელიმე ჟურნალისტის მხრიდან, რომელსაც არ მოსწონს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა, ან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა, ამ ჭრილში, ბატონ ელჩს რომ სილა უთავაზოს, სილა გაარტყას, სილის გარტყმა იქნება ხელისუფლების კრიტიკა, თუ ის იქნება სისხლის სამართლის დანაშაული?! ხომ მარტივია ძალიან“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, ბრიტანეთის საელჩო არის ჩაწერილი ამ ეტაპზე მათ რიგებში, ვინც „დიფ სთეითის“ პოლიტიკას, ანუ უსამართლობის პოლიტიკას ატარებს.
„ბრიტანეთის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია და არ უთქვამს, რატომ და რისთვის აფინანსებდა იმ ოთხ ორგანიზაციას, თითოეულს, თუ არ ვცდები, ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგით, რაც დიდი თანხაა და რა მიზანი ჰქონდა ამ დაფინანსებას. მას შემდგომ, რაც მზია ამაღლობელს დააბრალეს გმირობა და უნდოდათ, გაესაღებინათ, რომ თურმე, პოლიციელს სილას რომ გაარტყამ, ეს არის გმირობა, იქ დამთავრდა მათი სამართლიანობა, ზოგადად“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პოლიტოლოგის, სოსო მანჯავიძის შეფასებით, ძალიან მარტივი ლოგიკური ხაზია. ბრიტანეთის ხელისუფლება დგას იმ ძალების უკან, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლილებისთვის. მისივე თქმით, მათი ამოცანაა, საქართველოში მოხდეს ფერადი რევოლუცია და ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ხალხი, ვინც მათ აწყობთ. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ეს გეპოლიტიკური ამოცანა უნდა შესრულებულიყო არჩევნების იმ სქემით, რომელიც თავს მოახვიეს, იგივე „ქართულ ოცნებას“, ე.წ. შარლ მიშელის პროცესის მეშვეობით.
„ამ პროცესის მეშვეობით, ისეთი საარჩევნო სისტემა მიაღებინეს ხელისუფლებას, რომლის მიხედვითაც იმ აგენტურული ჯგუფების გაჯერებულობის პირობებში, რომლითაც ჩვენ საოცრად ვართ განებივრებულები, ეს ამოცანა უნდა შესრულებულიყო, მაგრამ ვერ შესრულდა. შესაბამისად, მივიღეთ ის სურათი, რაც გვაქვს. გასაგები იყო, რა საარჩევნო ბალეტიც არ უნდა ეცეკვა ხელისუფლებას, მაინც იგივეს იტყოდნენ. ეს სცენარი რომ გათამაშდებოდა, ამის შესახებ წინასწარ ვამბობდით, ერთი წლის წინ - რა შედეგებიც არ უნდა დადგეს, მაინც გამოაცხადებენ არჩევნებს გაყალბებულად. ჰოი, საოცრებავ და, ასეც მოხდა. შესაბამისად, გამოცხადდა, რომ ამ არჩევნებით, ქართველ ხალხს წაართვეს არჩევანის უფლება, ხელისუფლება არალეგიტიმურია და ამიტომ, ხალხს, ასეთ შემთხვევაში, აქვს აჯანყების უფლება.
შესაბამისად, ყველა მათი მოქმედება - იქნება ეს, პოლიციელისთვის თავში რკინის ჯოხის ჩარტყმა, პარლამენტის შტურმი, თუ კამერების წინ, სილის გაწნა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, გამოხატვის თავისუფლება და სხვა ანეგდოტური გამართლებები. აქიდან გამომდინარეობს ბრიტანეთის, გერმანიისა და სხვა ლენჩი ელჩების გამონათქვამები. ყველაფერი გასაგებია“, - აცხადებს მანჯავიძე.
მისივე თქმით, გეგმა წინასწარ არის შედგენილი და იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ამ ოპოზიციის მოყვანა ხელისუფლებაში, სამხრეთ კავკასიაში დაიწყებოდა სწორედ ის პროცესი, რომელიც მათ სურთ.
„ვინაიდან ეს არ მოხერხდა, გადავიდნენ ძალადობრივ სცენარზე, ამიტომ გასაგებია ყველაფერი. ძალადობის რა ეგზოტიკურ ფორმებსაც არ უნდა მიმართონ, თუმცა მეტი რაღას უნდა მიმართონ, როცა პარლამენტსა და პოლიციელებს ღია ეთერში წვავდნენ, მეტის უნარი, საბედნიეროდ, ჩვენს აგენტურას არ აქვს. ვერბალურად და მენტალურად არიან ჯეფხატ ალ მუსრა, მაგრამ ფიზიკურად ცოტა უჭირთ, რისთვისაც მსუბუქად უსაყვედურა დემოკრატიის ისეთმა ქურუმმა ქალმა, როგორიც არის ლაურა თორნტონი, რომელმაც პირდაპირ თქვა - ერთი ადამიანი რა გახდაო.
ვერ განახორციელეს საკრალური მსხვერპლის სტადიაზე გადასვლა. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნის ლენჩი ელჩები არიან აღშფოთებულები. რაღაცა სიგიჟეებს იმეორებენ, რომელმაც დისკრედიტაცია განიცადა მთელს მსოფლიოში და ვურჩევ მათ, გაანებონ ამ დემოკრატიაზე ლაპარაკს თავი, რადგან არ არის მათი ძლიერი მხარე.12 ათასი კაცი უზით „ფეისბუქზე“, პოსტების დასაწერად და ესენი დემოკრატიის უკუსვლაზე მიუთითებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, სოსო მანჯავიძე.