გიორგი გახარია გაიქცა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოში არ დაბრუნდება. როგორც for.ge-ს პარტიის წევრმა უთხრა, ის მხოლოდ ფორმალურად არის ჩართული პარტიულ საქმიანობაში. გახარიამ ქვეყანა დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. მიზეზი კი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში დაბარება გახდა, როდესაც მას მოსთხოვეს ახსნა-განმარტება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, გახარიამ იგრძნო საკუთარი პასუხისმგებლობა და მოულოდნელად, ქვეყანა იმ მიზეზით დატოვა, რომ დაგეგმილი ჰქონდა საერთაშორისო შეხვედრები, საქართველოში კი რამდენიმე დღეში დაბრუნდებოდა.
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ასევე ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა, გერმანიში პოლიტიკურ თავშესაფარს ელოდება. როგორც პარტიის წევრი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ყოფილი პერემიერი აუცილებად მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს.
ჩორჩანას ეპიზოდთან ერთად, გახარიას უკვე სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა 20-21 ივნისის საქმეზე გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა მიმართულებით გამოძიება სჭირდება 20 ივნისის საქმეს, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ზოგადად, ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე.
„ჩვენ ამ შემთხვევაშიც უნდა გადავუხადოთ მადლობა სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა დამატებით 20 ივნისის საქმის გამოძიება. გახსოვთ, როგორი იყო ამ გამოძიების პოლიტიკური კონტექსტი. თავის დროზე, აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ზეწოლით და ევროკავშირის ჩინოვნიკების ზეწოლით, ჩვენ მოგვიწია ამნისტიის კანონის მიღება, რომლითაც სასჯელი არსებითად არ ვრცელდებოდა ორ მხარეზე.
ერთი იყო ის მხარე, რომელიც აწყობდა დანაშაულებრივ შტურმს საქართველოს პარლამენტზე და ცდილობდა, დაემხო ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი და მეორე მხარეს ამნისტიის კანონი არსებითად გავრცელდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძალიან საეჭვო გარემოებებში ისროლეს რეზინის ტყვიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა სტრასბურგის სასამართლომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 20 ივნისის ქმედებებზე, ბუნებრივია, პასუხისმგებელი არის ის თანამდებობის პირი, ვინც დაგეგმა საპოლიციო ღონისძიება. მისი განცხადებით, გატარებული ღონისძიებების არგამოყენების შესაძლებლობის ალბათობა კვლავ ღიაა.
„ჩვენ, ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვნახეთ ის ძალმომრეობა, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტის შენობასთან, მაგრამ იყო ის ღონისძიებები გამოყენებული, რომელთა არგამოყენების ალბათობა, როგორც სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ასევე იმ გამოძიებით, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდგომ არის დაწყებული, არის ღია და ნათელი. ამ ყველაფერში, ბუნებრივია, შინაგან საქმეთა მინისტრი ვინც იყო - გიორგი გახარია, პასუხისმგებლობაც მისია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, საზოგადოებისთვის ინტერესის სფერო რაც არის, ამას გაეცემა პასუხები, რადგან გამოძიება ჩატარდება:
„საზოგადოება გაიგებს, რა პროცესები იყო, გახარიამ რა თქვა და რა არ თქვა სწორად. ჩვენ კი ვიცით, რა და როგორ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში, გამოძიების დონეზე დადგინდება, რა პროცესებთან გვქონდა საქმე 20 ივნისს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
20 ივნისის საქმის გამოძიება განსაკუთრებული ინტერესის საგანია უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, დავით კუხალაშვილისთვის, რომელსაც აინტერესებს კითხვაზე პასუხი - ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა. რაც შეეხება გახარიას გადაწყვეტილებას, კუხალაშვილის შეფასებით, უცხო ქვეყანაში წასვლა პრობლემა არ არის, მაგრამ თუ არ დაბრუნდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ თავის შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტს კიდევ უფრო ამყარებს.
„ვფიქრობ, რომ მართალი კაცი არ უნდა გარბოდეს და მართლმსაჯულებას არ უნდა ემალებოდეს, განსაკუთრებით, როდესაც ცოტა მაღალ მატერიებზე საუბრობდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში. ვერანაირი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს თავიდან! გამოძიება ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ გამოცხადდეს ძებნა“, - აცხადებს კუხალაშვილი.
მისივე თქმით, გახარიას მიერ საქართველოს დატოვების ფაქტი, კიდევ ერთი, ძალიან ცუდი პრეცედენტია და ამ ვითარების შეფასების შემდგომ, ექსპერტი ფიქრობს, რომ უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ევალებოდათ კონტროლი, რომ გახარიას არ დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია.
„ეს საკითხი უნდა იქნას გამოძიებული და შესაძლებელია, გამოიკვეთოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც. სახელმწიფოს ვალდებულებაა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე ჩაატაროს საგამოძიებო პროცესი, სადაც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამიტომ, ეს ვალებულება აქვს სახელმწიფოს და დანარჩენი, პოლიტიკური პარტია რას იტყვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის, ისევე, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისათვის. კანონის ჩარჩოში სახელმწიფოს ყოველთვის აქვს მოქმედების ვალდებულება. ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, რა ინფორმაციაც აქვს საზოგადოებას სახელმწიფოსაგან, ვფიქრობ, არსებობს იმის ვალდებულება სახელმწიფომ იმოქმედოს სამართლებრივად, გახარიასთან დაკავშირებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დავით კუხალაშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე თვლის, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის აუცილებელია, როგორც ჩორჩანას ეპიზოდი, ასევე 20 ივნისის საქმე იქნას გამოძიებული.
„ის, რა მეთოდები განახორციელეს მაშინდელმა ე.წ. ოპოზიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა მელია, ცალსახად იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ამიტომ, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებას ჩაიდენს, ადეკვატურად უნდა იმოქმედოს მის წინააღმდეგ სახელმწიფომ. შესაბამისად, ეს საქმე დაწვრილებით უნდა იქნას გამოკვლეული. უფრო მეტიც, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში შესვლის ორგანიზატორებმა გააკეთეს ე.წ. ლოზუნგები და წამების განმავლობაში მიიტანეს რუსთაველზე?! გამორიცხულია, რომ ეს დაგეგმილი არ ყოფილიყო, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ქმედება! მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს უნდა ემოქმედა ისე, როგორც უნდა იმოქმედოს შესაბამის შემთხვევაში. ძალის გადამეტება იყო, თუ არა, ამაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და გამოძიებამ უნდა თქვას, რა მოხდა“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
რაც შეეხება ჩორჩანას ეპიზოდს, ანალიტიკოსის განცხადებით, აქ ერთი რამ არის ნათელი - სანამ გახარია გახსნიდა საგუშაგოს, მანამდე ეს ტერიტორია იყო საქართველოს იურისდიქციის ქვეშ.
„ნახეთ, რა მოხდა, გადაიტანა საგუშაგო და ამის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა საქართველომ - ოკუპირებულია მოწინააღმდეგის მიერ, ამიტომ ყველაფერი ნათელია, რომ ამ საქმეში გახარიას ძალიან დიდი მინუსები აქვს და არა მხოლოდ ამ საქმეში! ჯერ კიდევ კოვიდეპიდემიის დროს, ბინა იყიდა პარიზში. ამიტომ, მართალი კაცი რომ იყოს, დღეს აქ იქნებოდა, მართალი კაცი არსად გარბის. უმთავრესია ის, რომ გახარიამ სახელმწიფოს უღალატა, როდესაც გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
„ნაცებს“ ჰპირდებოდა, რომ დაგასრულებთო და ამ დროს, გადადგომის შემდეგ ვნახეთ, რომ „ნაცებთან“ შეკრა კავშირი და ოთხ საკრებულოში თანამშრომლობდნენ, ეს არის ფაქტი. როგორც ვხედავთ, იკვეთება მისი დანაშაული და ამაზე პასუხი უნდა აგოს. როგორც „დათა თუთაშხიაში“ ამბობს ნიკანდრო ქირია: - „მეტი არაა ჩემი მტერი, რომ ჩემმა თვალებმა არ გნახოს შენ, დათა თუთაშხია“, - ასევე, არც გახარიაა საქართველოში დამბრუნებელი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ედიშერ გვენეტაძე.
ახალზე ვილაპარაკოთ; გუშინწინ შენობის ნაწილი (ქონგური, თუ...)ჩამოინგრა და ორი ადამიანი იმსხვერპლა!!!
შენობა რომ ავარიული იყო, დადგენილია!
გუშინწინ ჩამოვარდნილი კონსტრუქცია გაბზარული იყო, ძველი სურათებით ჩანს
თუ შენობიდან მაცხოვრებლები არ გამოდიოდნენ (რისი უფლებაც მათ ჰქონდათ) რატომ გარემოვაჭრის, თუ გამვლელის სიცოცხლე დაიკიდეს ფეხებზე?1 გარდაცვლილი გარემოვაჭრეა, მეორე - გამვლელი
რატომ არ აიკრძალა იმ ადგილას გარევაჭრობა? რატომ არ დაიდგა გამვლელისათვის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ გავლა სიცოცხლისათვის საშიშია? და ყიველივე ეს არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული? ჰოდა სანამ ინტერპოლით ვინმე ჩამოგიყვანიათ, გამოიძიეთ საქმე და დაიჭირეთ კონკრეტული პირი/ები; მარტივი საქმეა!
სამართლებრივმა სახელმწიფომ უნდა დაიჭიროს გუშინწინდელ დანაშაულის ჩამდენის და გახარიაც, თუ უშუალოდ მისი ბრალია ადამიანის თვალის წამოთხრა! ოღონდ გახარიას შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს ყველა იმანაც, ვინც მაშინ გახარიას გმირს უწოდებდა და მომიტინგეთა დაზიანებას მათ აგრესიას აბრალებდა!