ხმაურიანი პოლიტიკური ქორწინებაც შედგა. „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმს ხელი პარტიის მეორე პირებმა - ბერდია სიჭინავამ და ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს, რადგან „ლელოს“ ლიდერები ციხეში არიან, გახარია კი გაქცეულია.
მაშ ასე, „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და პრინციპებზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია გამოირიცხოს ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ ეცდებიან, რომ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატზე შეთანხმება შედგეს. ასევე, მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატებზე, ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე.
ჩნდება კითხვა, ვინ იქნება მერობის საერთო კანდიდატი, რომელიც უნდა იყოს არაპარტიული და ასევე, ნეიტრალური. for.ge-ს ინფორმაციით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შემდეგ, პარტიაში მერობის კანდიდატობის სურვილი ერთდროულად გაუჩნდათ პარტიაში ჩასიძებულ ალეკო ელისაშვილსა და პარტიის წევრს, საბა ბუაძეს, რომელიც ასევე, თბილისის საკრებულოს წევრია. თუმცა, პარტიამ არჩევანი გრიგოლ გეგელიას სასარგებლოდ გააკეთა, რამაც ბუაძე-ელისაშვილი გაანაწყენა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ მიზეზით დატოვა პარტია საბა ბუაძემ, რომელმაც ჯერ კიდევ აპრილში იცოდა, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებდა თვიმართველობის არჩევნებში, თუმცა მაშინ ამაზე პროტესტი არ ჰქონია, რადგან იმ პერიოდში, მერობის კანდიდატად პარტია მამუკა ხაზარაძეს განიხილავდა. რა თქმა უნდა, წყენა და იმედგაცრუება ვერ დამალა ელისაშვილმა, რომელმაც მერობის საუკეთესო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი დაასახელა, ანუ მისი ლოგიკით, ზურაბიშვილი ერთდროულად პრეზიდენტიც უნდა იყოს და მერიც. ასეთია ქართული პოლიტიკის მარგალიტები.
„ლელოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ახალი გაერთიანება „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აცხადებს და აქვე დასძენს, რომ მოქალაქეების იმედიც აქვთ.
„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებს მერებად, მაჟორიტარებად - ვისაც გერჩით გული, გეპატიჟებით, შემოგვიერთდით. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი კოლეგების განსხვავებულ პოზიციებს, სხვადასხვა სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არანაირ ბრალდებას და არ შევდივართ კინკლაობაში ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზის გამო - 4 ოქტომბრის შემდეგაც, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე.
დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება ისტორიული. არ გვეშინია, მიუხედავად იმისა, რა ტიპის წნეხი, მუქარა შეიძლება წამოვიდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ვიცით, რომ მოქალაქეებთან შეხვედრაზე ქვებით დაგხვდება ივანიშვილის რუსული რეჟიმი, მაგრამ ჩვენ დავახვედრებთ მათ მუშტს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ახალი კოალიციის წევრი, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ უნდა გამორიცხონ ურთიერთკონკურენცია არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატზე, ასევე, მაჟორიტარობის, ან საერთო პარტიულ კანდიდატებზე ეცდებიან შეთანხმებას.
„ქვეყანაში გვაქვს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული. მმართველი პარტია გასულია სახელმწიფოს მართვის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ამ პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმიტომ, რომ ეს არ არის სტანდარტული არჩევნები“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
გახარია-ხაზარაძის პარტიას პოლიტიკურ ქორწინებას ულოცავს პოლიტოლოგი, სოსო მანჯავიძე და ფიქრობს, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაში ლომის წვლილი შეიტანა ქართული პოლიტიკის ისეთმა კორიფემ, როგორიც არის ალეკო ელისაშვილი.
„ის არის პოლიტიკური კომპრომისების დიდოსტატი და ვულოცავ. ეს, ფაქტობრივად, ტალეირანია და მიჰყვნენ „ალეკოს გზას“. მოვუწოდებ, ამ გაერთიანებას უწოდონ „ალეკოს გზა“ იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტო რამ - ურთიერთმაგინებელთა გაერთიანება შედგა. ამ გაერთიანებაში არ არის არც ერთი პერსონა, რომელსაც უარყოფითი მხატრული ფორმებით არ გამოეხატა ერთმანეთზე აგრესია.
მაგალითად, გვახსოვს ჩვენ ფურცელი, ანუ იგივე წერილი, რომელიც გახარიამ გაუგზავნა და ამბობდა, რომ მემუქრებოდაო. ამან ლონდონში გააგზავნა პრინტი. სად არის ის ამობეჭდილი ფურცელი, მამუკა? ასევე, გვახსოვს გახარიას საოცარი პასუხები და რა თიკუნებით შეამკო ეს ღვაწლმოსილი ადამიანი. კი, რა თქმა უნდა, არის მოსაზრება, რომ პოლიტიკა ძალიან ბინძურია, მაგრამ ასეთი ყავისფერიც არ არის. ესენი უკვე ძალიან სხვა სფეროებში არიან, თვით ბრიტანეთის ელჩს რომ გაუკვირდება ისეთში.
ბრიტანული პოლიტიკა, ხომ ცნობილია თავისი ინტრიგებით, მაგრამ ბრიტანელებსაც რომ შეშურდებათ, ისეთი ხდება აქ. მოვუწოდებდი ბრიტანეთის ელჩს, რომ ეს გამოცდილება კარგად შეესწავლა და სტარმერისთვის გადაეგზავნა, რათა პოლიტიკური პა-სეანსის დალაგებაში, ქართული გამოცდილება გამოსდგომოდათ. მეტსაც გეტყვით, თან წაიყვანონ! ვუსურვებ, თან წაიყვანოს ალეკო, რადგან ხაზარაძე ჯერ ზის, გახარია - გაქცეულია, ალეკო არც ზის, არც გაქცეულია, ტავისტოკის ინსტიტუტში წაიყვანოს და მერე ჩატემჰაუსში გადმოიყვანოს. ალეკო არა მხოლოდ ქართული, არამედ ევრაზიული პოლიტიკის ვარსკვლავია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, სოსო მანჯავიძე.
არჩევნებზე: თბილისში ოცნების კანდიდატი დიდი ალბათობით იქნება ტყემალაძე და საბოლოოდ ის გაიმარჯვებს!
მაგრამ თბილისის გარდა არის რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი ... სადაც ძალიან გაუჭირდება ოცნებას; გაუჭირდება, როგორც მერის გაყვანა, ასევე საკრებულოებში და ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ისინი ნაკლებ ყურადღებას აქ კანდიდატების ცოდნას და კეთილსინდისიერებას და ხელმძღვანელობენ "სანდოს" და ჩვენიანის" პრინციპით... ამან თუ ადრე გაჭრა და რიგ მუნიციპალიტეტებში აშკარად არაკომპეტენტური მერებია, ახლა ხალხი სხვანაირად ფიქრობს... ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ის კი არაა მთავარი რომ ოცნება თითქმის ყველაფერს მოიგებს, არამედ ის, თუ ვინ იქნებიან ქოცკანდიდატები და ჯობნიან თუ არა ისინი ოპო კანდიდატებს