2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი ალიანსი ჩამოყალიბდა. პარტიები „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შესაბამის მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.
ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, პარტიები ერთობლივ მოქმედებებსა და კოორდინაციას განახორციელებენ. ამ შეთანხმების მთავარი ასპექტია ის, რომ ორ ოპოზიციურ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატები ეყოლება. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ოპოზიციური ხმების გაფანტვის თავიდან აცილებას და მმართველი პარტიისთვის კონკურენტული გარემოს შექმნას.
„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“ მოუწოდებენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ და სტუდენტურ მოძრაობებს, ასევე დამოუკიდებელ ინდივიდებს, შეუერთდნენ მათ თანამშრომლობას.
ამ შეთანხმებას, ოპოზიციურ პარტიებს შორის, განსხვავებული შეფასებები მოჰყვა, რაც ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის მრავალფეროვნებასა და, ხშირად, დაპირისპირებას უსვამს ხაზს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ახალ ალიანსს „პოლიტიკური ქორწინება“ უწოდა. თუმცა, მისი შეფასებით, ეს არ არის უბრალოდ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება, არამედ „თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის“.
„სამწუხაროდ, ჩემი შეფასებით, ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. ბოიკოტი შეიძლება გამოუცხადო არჩევნებს, მაგრამ ამ ქვეყანაში, როდესაც არჩევნები არ არსებობს და ბიძინა ივანიშვილი გეგმავს რუსულ სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი, ეროვნული კამპანია იმისთვის, რომ არცერთმა ქართველმა პატრიოტმა მონაწილოება არ მიიღოს რუსულ სპეცოპერაციაში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის გაფორმებულ მემორანდუმს „ბრძოლის იმიტაცია“ უწოდა. მისი თქმით, ეს შეთანხმება მიზნად ისახავს „ქართული ოცნებისთვის ცრუ პროცესის შექმნას და ლეგიტიმაციის მიღებაში ხელშეწყობას“.
„ე.წ. მემორანდუმი არის ბრძოლის იმიტაცია, ადამიანები, რომლებიც ვერ თანხმდებოდნენ ვერაფერზე, ბოლო თვეების განმავლობაში, შეთანხმდნენ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუქმნან ცრუ პროცესი და ხელი შეუწყონ ლეგიტიმაციის მიღებაში. არანაირ საარჩევნო პროცესს არ ვაღიარებთ ქვეყანაში, ვინაიდან „ქართული ოცნებისა“ და კრიმინალების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის ჩატარებული არჩევნები ვერანაირ ნდობას, ვერც პოლიტიკურ პარტიებში და ვერც საზოგადოებაში, ვერ მოიპოვებს“, - განაცხადა თევზაძემ.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ერთ დროს ყველაზე დიდი მტრები - „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ - იძულებულები გახდნენ, გაერთიანებულიყვნენ. ახვლედიანის თქმით, მათ კარგად იციან საკუთარი განულებული რეიტინგის შესახებ და, შესაბამისად, „წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან“.
„რა თქმა უნდა, ეს კოალიცია და პოლიტიკური ქორწინება არაფერს ცვლის ოპოზიციურ ფლანგზე არსებული სიტუაციის შესაცვლელად. „ლელომაც“ და „გახარიამაც“ ძალიან კარგად იციან თავიანთი მძიმე მდგომარეობისა და განულებული რეიტინგის შესახებ. საინტერესოა, რა შედეგს ელიან ამ ერთიანობისგან. ასევე, ძალიან სასაცილოა, როცა მერობისა და მაჟორიტარების ნეიტრალურ კანდიდატებზე საუბრობენ. ვინმემ გაიგო, რას ნიშნავს ეს ნეიტრალური კანდიდატი, ან ვინმემ ახსნა? ანუ არაპარტიული, უცნობი ხალხი უნდა წარადგინონ?
რომელი სფეროს წარმომადგენლები უნდა იყვნენ ეს ნეიტრალური ხალხი? ცოტა აბსურდს ამბობენ და არ ვიცი, რისი იმედი აქვთ ამ გეგმებით. ეს ერთიანობა პრობლემებს შეუქმნის თავად ოპოზიციას, განსაკუთრებით, „ნაციონალებს“ და „ახალს“. ეს კოლექტიური „ნაციონალები“ უკვე პოლიტიკურ სანაგვეზე არიან გადასროლილები. სწორედაც ეშინიათ „ნაციონალებს“, რადგან რეგიონებში „ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ ეცდებიან მათი მხარდამჭერებისა და აქტივისტების გადაბირებას, იქნებიან ეს, დამკვირვებლები, თუ მხარდამჭერები. ამიტომაც, ამით დიდად „ოცნებას“ პრობლემებს ვერ შეუქმნიან“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში, ოპოზიციურ ფლანგზეც კი, სრულიად განსხვავებული სახისა და შეხედულებების ამომრჩეველი არსებობს. შესაბამისად, თუ „ლელოსა“ და „გახარიას“ ჰგონიათ, რომ ამ გაერთიანებით რეიტინგი გაეზრდებათ, ძალიან ცდებიან.
„ჩვენს ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ როცა ერთიანდებიან, მათი ამომრჩეველი კმაყოფილია და ამით ხმების რაოდენობა ემატებათ. არადა, შესაძლოა, პირიქით, ამან კიდევ უფრო უარყოფითი შედეგი მოიტანოს. „ლელოს“ ან „გახარიას“ გაბრაზებულმა ამომრჩეველმა, შესაძლოა, გადაიფიქროს არჩევნებზე მისვლა. ამიტომ, ესეც გარკვეულ რისკებს შეიცავს და არავის ეგონოს, რომ პოლიტიკაში „ერთს პლუს ერთი“, გარანტირებული „ორია“. ეს არ ნიშნავს ავტომატურად რეიტინგის ზრდას, შესაბამისად, დიდად არაფერი შეიცვლება. ხელისუფლება კი საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას კიდევ უფრო მოტივირებულად შეძლებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო“, - ამბობს ახვლედიანი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა სახის დაპირისპირებაში იყვნენ „ლელო“ და „გახარია“, წარმოუდგენელია, რომ ამის შემდეგ, მათ ერთიანობას დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს. for.ge-სთან საუბრისას, გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ეს არის დასავლეთიდან წამოსული დაკვეთა და ამიტომ, ამ პარტიებს ძალიანაც რომ არ უნდოდეთ გაერთიანება, „პატრონებს“ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.
„რა თქმა უნდა, ეს არის კარგად გათვლილი კომბინაცია და ამ პარტიებმა დავალება დასავლეთისგან მიიღეს. ცდილობენ, რომ წინა პლანზე წამოსწიონ ისეთი, თითქოსდა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც წარსულ 9-წლიან სისხლიან რეჟიმთან არ არიან დაკავშირებულები. თითქოსდა, „ნაციონალები“ უკანა ფლანგზე გადაჰყავთ, რადგან დაინახეს, რომ ხალხს საშინლად ეზიზღება.
ამიტომ მოიფიქრეს ეს კომბინაცია - თითქოსდა, ე.წ. მესამე ძალა, რომელმაც „ნაციონალები“ უნდა ჩაანაცვლოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მშვენივრად მიხვდა და ამიტომაც არიან ასეთი გაღიზიანებულები. თუმცა, ესეც არ გამოუვათ, რადგან ხაზარაძეც და გახარიაც ჩვეულებრივი „ნაციონალები“ არიან. ხაზარაძე სწორედ სააკაშვილის „ჯიბის საფულე“ იყო. არავის დავიწყებია, ღამ-ღამობით, ბიზნესმენების წილებს როგორ აფორმებდნენ. ასევე, არავის დავიწყებია ის, რომ გახარიამ წინა თვითმმართველობის არჩევნებში, კოალიცია „ნაციონალებთან“ შეკრა და საკრებულოებში უმრავლესობა შეუქმნა. ამიტომ, აქ ვერავის მოატყუებენ. ცდილობენ, თითქოს, ერთი „ნაციონალების“ მეორეთი ჩანაცვლებას. ქართველ ხალხთან ეს მანევრი არ გამოუვათ“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება და პრეზიდენტი არალეგიტიმურები არიან, ასევე ცესკო და მისი თავმჯდომარე - არჩევნების გამყალბებლები, აბა, ახლა, თვითმმართველობის არჩევნებში როგორ იღებენ მონაწილეობას? მისი აზრით, საზოგადოება ამ ორმაგ სტანდარტებს კარგად ხედავს - ოპოზიცია ახლა პოლიტიკურ სანაგვეზეა და სამომავლოდ, უფრო უარესი დაემართებათ.
იმ დასავლეთსაც ეტყობა ჭკუა არა აქვს ასეთ 1%-იან ძალაზე რომ დებს ფსონს!