თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა გადაწყვეტილია, სად გაივლის ახალი მაგისტრალი?

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა გადაწყვეტილია, სად გაივლის ახალი მაგისტრალი?

ყველა თანხმდება, რომ თბილისს ახალი შემოვლითი გზა სჭირდება. მის გარეშე დედაქალაქის განტვირთვა ყოვლად წარმოუდგენელია. 2025 წლის ბიუჯეტში თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ხარჯი გათვალისწინებული ნამდვილად არის. სხვათა შორის, ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, მაგრამ საკითხი მხოლოდ 9 წლის შემდეგ დაიძრა.

თბილისის ახალი შემოვლითი გზა დაიწყება ჟინვალიდან, ამავე სამუშაოების ფარგლებში მცხეთაში, ჯვრის მონასტერთან გაიჭრება ახალი გვირაბი, შემდეგ მაგისტრალი გვერდს აუვლის თბილისის ზღვას, გაივლის დიდი ლილოს მიმდებარედ და დაუკავშირდება რუსთავს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს თბილისის შემოვლითი მაგისტრალის 22.5-კილომეტრიანი პროექტი უკვე წარუდგინა. საუბარია ავჭალა-აეროპორტის მონაკვეთზე, რომელიც შემოვლითი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება და გაივლის იმ ტერიტორიაზე, სადაც შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება იყო დაწყებული. რკინიგზის პროექტი 2013 წელს დაპაუზდა და მას შემდეგ პროექტის განვითარების პერსპექტივაც გაქრა.

როგორც არქიტექტორმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი ხარვეზიანი იყო. მისი თქმით, ყოველთვის იყო საუბარი ამ გზის საავტომობილო მაგისტრალად გადაკეთებაზე, თუმცა კონკრეტული პროექტი არ არსებობდა. შესაძლოა ეს გადაწყვეტა გამართლებული იყოს, თუმცა აუცილებელია იმ რეკრეაციულ არეალებში, სადაც ახალი მაგისტრალი გაივლის, განაშენიანებაზე კონკრეტული სტანდარტები დაწესდეს, რათა უსისტემო მშენებლობები არ დაიწყოს.

სამანქანო გზას თავისი ნორმატიული მოთხოვნები აქვს, ტრამვაის და საჯარო ტრანსპორტს თავისი, რკინიგზასაც აქვს თავისი მოთხოვნები, მით უფრო რომ იქ უნდა იაროს ტვირთებმა. ამ პროექტის პროცენტული ქანობები, განსაკუთრებით გლდანის მიდამოებში, იქ, სადაც გლდანის დიდი ტბაა, კრიტერიუმებს უარყოფდა. იყო საჭირო ორი ელმავლის გაკეთების საჭიროება, ექსპლუატაციის ხარჯი კი 12 მილიონ ლარზე მეტი იყო. კიდევ იყო რამდენიმე ასპექტი, რომლითაც დადგინდა, რომ ეს პროექტი საინჟინრო თვალსაზრისით იყო ძალიან ცუდი.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის სწორი რკინიგზის საავტომობილო გზით ჩანაცვლება, ვაკისი უკვე იყო მომზადებული, დახარჯული იყო 200 მილიონზე მეტი, რა თქმა უნდა, შესაფასებელია ახალი პროექტის ხარჯებიც. ზოგადად, რაკიღა თანხები დახარჯულია და რკინიგზისთვის არსებული ინფრასტრუქტურა თუ იქნება სამანქანოდ გამოყენებული, შესაფასებელია, მაგრამ სავარაუდოდ, უნდა იყოს გამოყენებადი, იმიტომ რომ არსებული ვაკისი გამოსადეგია, დასჭირდება განახლება და გაფართოება.

ზოგადად, ქალაქ მშენებლები ვუფრთხით სამანქანო გზებს რეკრეაციულ ზონებში, იმიტომ რომ გზა იწვევს განვითარებას. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ზღვის არეალში სადაც გადის ეს სამანქანო გზა და გაივლის, იქ არ მოხდეს უსისტემო მშენებლობა. ამიტომ ასეთ ტერიტორიებზე იქნება შეზღუდვები შემოსაღები, - განუცხადა ბიზნეს მედიას ბოლქვაძემ.

ტრანსპორტის სფეროს ეციალისტები აცხადებენ, რომ თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა აუცილებელია, რადგან დედაქალაქი დატვირთვას ვეღარ უძლებს. როგორც დარგის ექსპერტმა გელა კვაშილავამ აღნიშნა, პროექტი სამომავლოდ თბილისს დიდ შეღავათს მისცემს.

კარგი და აუცილებელია თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა. ასეთი პროექტი დიდი ხნით წინ უნდა გაკეთებულიყო. ვიცით, რომ სატრაბსპორტო მოძრაობა ისედაც გადატვირთულია, ყველა დიდ ქალაქში სატრანზიტო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია და ძირითადად ყველა შემოვლითი გზით სარგებლობს.

რა თქმა უნდა, რომ თბილისის შემოვლითი გზა სამომავლოდ დედაქალაქს შეღავათს მისცემს, თუმცა ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებით უნდა მოეწყოს, ყველანაირი დეტალის გათვლით.

ამაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. როგორც ჩანს, დღევანდელმა ხელისუფლებამ ამაზე ფიქრი დაიწყო. ის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ საცობებს, რომელიც დედაქალაქში ლამის გამუდმებით არის ხოლმე, - აღნიშნა გელა კვაშილავამ.