დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. რა თქმა უნდა, დღის წესრიგია ევროსაბჭოსთვის „ურჩი“ საქართველოს საკითხიც. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლენი ცდილობენ, რომ საქართველოს დელეგაციის მანდატი შეზღუდონ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.
სტრასბურგში ქართული დელეგაცია შეხვედრებს თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გამართავს. როგორც წულუკიანი აცხადებს, იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით სტრასბურგში გაგზავნა.
„მრავალი წელია, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალიან კარგი პარტნიორები. ჩვენ ახლაც, დათქმულ დროს, როდესაც იხსნება ზამთრის სესია, მივემგზავრებით სტრასბურგში ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია და რა თქმა უნდა, გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით. ვფიქრობ, იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იყოს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს“, - აცხადებს წულუკიანი.
რაც შეეხება მოლოდინებს, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს აქვს მოლოდონი, რომ იქნება ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია და არა აღქმებზე საუბარი. მისი თქმით, ფაქტები მოწმობს ერთს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში, არის ლეგიტიმური, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი.
„ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აპირებს, ასევე სტრასბურგში ვიზიტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ უარი აქვთ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, საქართველოს პარლამენტში შემოსვლაზე და ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათ არ შეეძლებათ საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა. ჩვენ გვახსოვს, ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის მოპოვების დროს, როგორ დადიოდნენ ბრიუსელში და ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ევროპელი მაღალჩინოსნები, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არ იმსახურებდა. ასევე, ისინი ანტისახელმწიფოებრივად ცდილობდნენ, ასოცირების შეთანხმება არ ყოფილიყო გაფორმებული საქართველოს მხრიდან და ახლა მორიგჯერ ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა. თუმცა, ჩვენს მხარეს არის ფაქტები და ეს ფაქტები მოწმობს ერთს, რომ საქართველოში შედგა არჩევნები. ეს დაადასტურა ეუთო/ოდირმაც და თუკი განხილვა შედგება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს დეტალურად წარვადგენთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარტია „გახარია საქართველოსათვის: წევრი თეონა აქუბარდია ადასტურბს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილი მიწერეს და ითხოვეს, ივანიშვილის არაღიარებულ პარლამენტს შეუწყდეს უფლებამოსილება. როგორც აქუბარდია აცხადებს, ოპოზიციას სტრასბურგში ექნება დამატებითი შეხვდრებიც. აქუბარდია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ის ფუნდამენტური პრინციპები და წესები დაარღვია, რის გამოც საქართველო არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი და რაც გულისხმობს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და, მათ შორის, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
„ამ დარღვევებიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის არაღიარებულ პარლამენტს, და არა საქართველოს პარლამენტს, უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება. მოსმენების შედეგად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ვიცავთ იმ დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლის გზას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ფუნდამენტური პრინციპია და რასაც ივანიშვილის რეჟიმმა არათუ გვერდი აუარა, არამედ სასტიკად დაარღვია.
ამ დისკუსიაზე ჩვენი პარტია არის მიწვეული ჩვენი პარტნიორი პარტიის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებული პარტიის მოწვევით. წერილში გვაქვს და კონკრეტულად აღწერილია ის მუხლები, რომლებიც დაარღვია ივანიშვილის რეჟიმმა, რის გამოც მას უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რადგანაც ის არ წარმოადგენს საქართველოს, არამედ ის არის ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი“, - ამბობს თეონა აქუბარდია.
„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ დაემორჩილება არც ქართული ოპოზიციის უკანონო, ანტიქართულ მოთხოვნებს და არც იმ ზეწოლას, რომელსაც ისინი გარედან განიცდიან. მისი თქმით, როდესაც რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას ვითხოვდით, როგორც წესი, PACE-ს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგებოდა, არ უჭერდნენ მხარს და დღეს დიდი შანსია, რომ მათ მხარი დაუჭირონ ოპოზიციის მოთხოვნას.
„ქართული ოპოზიცია რომ აგენტურაა და ის ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, ამას დიდი ხანია შეჩვეული ვართ. სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც არის ძალიან დიდი გავლენა იმ ძალების, რასაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ. ამის მკაფიო ლუსტრაცია არის ის ფაქტი, რომ როდესაც ჩვენ რუსეთის დელეგაციისთვის ვითხოვდით ხმის უფლების შეჩერებას, როდესაც რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას ვითხოვდით. როგორც წესი, PACE-ს წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგებოდა, არ უჭერდნენ მხარს და დღეს დიდი შანსია, რომ მათ მხარი დაუჭირონ ოპოზიციის მოთხოვნას. რატომ? იმიტომ, რომ ერთი და იმავე ცენტრიდან იმართებიან. მე მაინც გამოვთქვამ იმედს, რომ ამ შემთხვევაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ დაემორჩილება არც ქართული ოპოზიციის უკანონო, ანტიქართულ მოთხოვნებს და არც იმ ზეწოლას, რომელსაც ისინი, დარწმუნებული ვარ, გარედან განიცდიან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.