გაუჩინარებული ოპოზიცია და გზაკვალარეული მათი მხარდამჭერები - დიდი ხანია ქუჩის საპროტესტო აქციებში პოლიტიკოსები არ გამოჩენილან და ტელემედიებშიც ნაკლებად ისმის მათი პოზიცია, რა გეგმა აქვთ და რას აპირებენ. მათ მაგივრად, ბოლო დროს, ხელოვანები და სხვა სფეროს წარმომადგენლები გააქტიურდნენ. ქუჩის საპროტესტო მუხტის შესანარჩუნებლად ქალაქში სხვადასხვა სახის პერფორმანსები გრძელდება.
ავანგარდშია „ახალი თეატრის“ დასი, რომელთაც სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალური ტურნე დააანონსეს.
„ეს ქვეყანა ჩვენია“, „ნახავთ, რა შეუძლია თეატრს“ - თქვა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მსახიობებს სხვა არჩევანი არ დაუტოვეს.
„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება, იქ ჩვენ ვიდგებით და გავიმარჯვებთ“, - ასეთია დოიაშვილის მთავარი გზავნილი.
„ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი მარცხისთვისაა განწირული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა მედიასთან.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტს, კახა კალაძე პასუხობს, რომ არ უნახავს, თუმცა ეს იქნებოდა ისეთივე არაფრისმომცემი შოუ, როგორიც ბოლო დღეების განმავლობაში იმართება ხოლმე.
„სიმართლე გითხრათ, არ მინახავს. ალბათ, ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ - უნიჭო, არაფრისმომცემი. როდესაც რაღაცას აპროტესტებ, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. რასაც ამდენი ხანი ვუყურებთ, ჩვეულებრივი ფარისევლობაა. გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი - თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესზე. წარმოგიდგენიათ? ამას მოჰყვა გულანთებული ქართველების პროტესტი. რეალურად, თავად ევროპა არჩევნების წინ გვეუბნებოდა, რომ მოლაპარაკებების თემა დახურულია, საქართველომ თურმე ევროპულ კურსს, დემოკრატიულ გზას გადაუხვია. ჩვენ ვსვამთ კითხვას - რატომ? და გვაჩვენეთ ერთი კონკრეტული ქმედება-თქო, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ტყუილზე დაფუძნებული, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და რადიკალების წარმომადგენლების პროტესტი, რაც მარცხისთვისაა განწირული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ჩვენი ოპოზიციის ე.წ. ლიდერები უკვე დიდი ხანია არავის არსად აღარ უნახავს, მით უმეტეს საპროტესტო აქციებზე. ქართველიშვილი ამბობს, რომ ძირითადად, ოპოზიციამ და მათმა პატრონებმა დავით დოიაშვილის პერფორმანსების ამარა დატოვეს საკუთარი მხარდამჭერები.
„ოპოზიცია გადასულია კულუარებში და კატაკომბებში იმყოფებიან. შეარჩიეს ბრძოლის პარტიზანული მეთოდები, მაშინ, როდესაც ქალბატონი ტორტონი და მაკკეინის ინსტიტუტი ახსენებენ, რომ აქტიურები უნდა იყვნენ. მათი საბოტაჟი არ უნდა იყოს კომფორმიზმის და კოლაბოლარიზმის ელემენტების მატარებელი. ჩვენს უპოზიციას კი უკვე დიდი ხანია ეს არ უნდა და ვხედავთ, რომ ქუჩაში გამოსვლაც კი ეზარებათ. აი, ეს ბიპოლარიზმი გარდაუვალი იყო და ოპოზიციაში კოგნიტური დისონანსი დაიწყო.
ჩვენ კიდევ ბევრ საინტერესო დაკვირვების ფაზას მივადექით - დაიწყო ოპოზიციის დეგრადაციის ახალი ფაზა. ჩვენმა ოპოზიციამ არ იცის როგორ მოიქცეს, დიდი გასაჭირის წინაშე დგანან, რადგან ტრამპთან და მის ოთხწლიან მმართველობასთან დაკავშირებით რა ტაქტიკა აირჩიონ არ იციან. მათი აგენტოკრატები ელოდებოდნენ, რომ ეს 4 წელი გაივლიდა და იმედი ჰქონდათ, ხელისუფლებაში დაბრუნდებოდნენ, თუმცა ყოველ ჯერზე მათი ოცნებები ისევ განუხორციელებელი დარჩა. ამიტომ დოიაშვილი კი არა, ვინც უნდა ის გამოიყვანონ, გზაკვალარეულ ოპოზიციას რომ არაფერი აღარ ეშველება, ფაქტია“, - ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ კომპასდაკარგული ოპოზიციის გადამალვის შემდეგ, „დიფ სთეითი“ წინა პლანზე ე.წ. ელიტის და ხელოვანების წამოწევას ცდილობს. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სამარცხვინოა, როცა ხელოვანები ბიძინა ივანიშვილის მიერ გარემონტებულ თეატრებში სხედან, მისი დაფინანსებით არაერთი პროექტი და სპექტაკლი დაუდგამთ და ახლა, ამავე თეატრებში მოკალათებულები მის წინააღმდეგ გამოდიან.
„კარგი, ეს ოპოზიცია ვიცით, რასაც წარმოადგენს და კომპასდაკარგულები როგორ დაიარებიან, მაგრამ ეს ე.წ. ელიტა და ხელოვანები რაღამ დააბრმავა?! ამხელა უმადურობა და თვალში ნაცრის შეყრა გაგონილა?! მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ჯერ 26 ოქტომბერს წააგო, შემდეგ კი ამერიკის ხელისუფლებაში კონსერვატორები და დონალდ ტრამპი თავისი გუნდით მოვიდა, ეს უბედურები ტყეში კომპასდაკარგულები დაბოდიალობენ. ამიტომ, „დიფ სთეითმა“ დაიწყო შემდეგი გეგმის ამოქმედება. ახლა წინა პლანზე გამოჰყავს ეს ვაი ინტელიგენცია, რომლებიც ფულით ჰყავთ დავერბოკებული და ვინ იცის, კიდევ რით. გამოდიან უსირცხვილოდ და ბიძინა ივანიშვილის მიერ გარემონტებული თეატრებიდან მას ლანძღავენ.
მაშინ თუ პროტესტია, დატოვონ ეს თეატრები. დოიაშვილი, ჭოლა, რომლებიც ახლა ვითომ ბრძოლის წინა პლანზე გამოვიდნენ, საზოგადოებისთვის ისეთ ფიგურებს არ წარმოადგენენ, რომ მათ გამო ვინმე გარეთ გამოვიდეს. ეს არის 90-იანი წლების სცენარი, როცა ინტელიგენცია გამოიყვანეს. თუმცა მაშინ ისინი ხალხში მაინც სარგებლობდნენ რაღაცა ცნობადობით. დოიაშვილი რომ მიდის რეგიონებში, ვის დაკარგვია?! აქამდე რეგიონი და იქ მაცხოვრებელი ხალხი გახსენებია? მაგალითად, გურიაში, ჩემს სოფელში, ეს კაცი ვინაა საერთოდ არ იციან“, - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, „დიფ სთეითი“ ზუსტად ერთიდაიგივე სცენარით მოქმედებს ყველგან და ამის ნათელი მაგალითია სლოვაკეთის პრემიერის, ფიცოს განცხადებები. გვენეტაძე ამბობს, რომ იქაც ანალოგიურად თეატრებში, უნივერსიტეტებში და სხვა სფეროებში შეღწევას ცდილობენ. თუმცა გვენეტაძეს მიაჩნია, რომ მათი ეს მცდელობა წყლის ნაყვაა და ვინც ახლა ფსონს დოიზე და ჭოლაზე დებს, იგივეა გახვრეტილ კასრში წყალი ასხა.
აუცილებლად უნდა შემოწმდეს, ეს დოია, თუ ჭაკი თხა, მართლა ურიგებს თუ არა გაფიცულებს უკანონოდ პრემიებს!!