აშშ-ში არჩევნები დასრულდა. დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას. არჩევნებია ევროპაშიც და ყველა მონაცემებით პოლიტიკური ველიდან გადიან ლიბერალური ძალები, რაც იმის მანიშნებელია, რომ დაიწყება გადატვირთვის პოლიტიკა. რაც შეეხება დროს და მიზეზს, რაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა, ცხადია ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება და მხოლოდ საქართველოს სურვილზე არ არის დამოკიდებული.
ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრობდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის განცხადებით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა სულ იყო პრიორიტეტული და იმედი აქვს და დარწმუნებულიც არის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პარალელურად საქართველო აუცილებლად მოახერხებს უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შეცვალოს უფრო პოზიტიურად.
იმისათვის, რომ ურთიერთობები პოზიტიურად შეიცვალოს და დაიწყოს გადატვირთვის პოლიტიკა ცხადია, საქართველოს აშშ-ში უნდა ჰყავდეს ელჩი, რომელმაც ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს. თუმცა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების უაღრესად გართულებისა და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე დავით ზალკალიანმა ელჩის თანამდებობა ისე დატოვა, რომ დღემდე დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, უკანასკნელ პერიოდში დიპლომატი მოქმედებდა აშშ-ში რადიკალური ძალების ლობისტების დავალებით. კერძოდ, ყველაფერს აკეთებდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ჩიხში შესაყვანად. ამავე წყაროს ინფორმაციით, ზალკალიანის უდიდესი დამსახურებაა საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული პოლიტიკური სანქციები, საქართველოსა და აშშ-ს შორის შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა და ბაიდენის ადმინისტრაციიდან საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული ნეგატიური განცხადებები. მეტიც, ამავე წყაროს ინფორმაციით, უშუალოდ ზალკალიანი და საელჩოს რამდენიმე თანამშრომელი ლობიერებდა ქართული ოპოზიციის და ამერიკელი სენატორების შეხვედრის ორგანიზებას. ქართველი დოპლომატის არადიპლომატური ქმედება საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ ქვეყნისთვის ურთულეს მომენტში პოლიტიკური ველიდან გავიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩმა ვერ გაუძლო „მძიმე ზეწოლას“. „ყველას სხვადასხვაგვარი ნებისყოფა აქვს. ძალიან მძიმე ზეწოლა იყო სხვადასხვა მხრიდან, არ იგულისხმება ნაცების ზეწოლა. მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია გამოვუცხადო. სამწუხაროა, რომ დატოვა თანამდებობა, მისი არჩევანი იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალოგიური ვითარებაა საფრანგეთის და გერმანიის მიმართულებით. 2024 წლის სექტემბერში ლევან იზორიას როტაციის ვადა ამოეწურა და ახალი ელჩი ჯერჯერობით დანიშნული არ არის. რამდენიმე დღის წინ იზორია განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. თუ რატომ არ ნიშნავს ხელისულება აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ელჩებს ამას თავისი მიზეზი აქვს. კერძოდ ის, რომ ევროპის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოდან წარგზავნილ დიპლომატს არ აღიარებენ და არ გადასცემენ რწმუნებათა სიგელს. როდემდე გაგრძელებდა ეს პოლიტიკური ჩიხი, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავარ სტრატეგულ პარტნიორ ქვეყანაში ელჩის დანიშვნა დაგვიანებული არ არის. მისი თქმით, ქართული მხარე ელოდება სამხრეთ კავკასიაში ტრამპის ადმინისტრაციის ახალი წარმომადგენლის დანიშვნას, რომელთანაც საქართველომ უნდა გაიაროს ტექნიკური საკითხები და მათ შორის გააანალიზოს წინა წლებში დაშვებული შეცდომები.
„კრიტიკულად განვიხილოთ რამ შეიყვანა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები მწვავე სტადიამდე, როდესაც ტრამპის წინამორბედმა ადმინისტრაციამ ისიც კი თქვა, რომ ის ალბათ, შეაჩერებს სტრატეგიულ ურთიერთობებს საქართველოსთან. ამ ტექნიკური საკითხების განხილვისას ახალ წარმომადგენელთან, ალბათ, იქნება კონსულტაციები გავლილი, ელჩის სახით რა ტიპის წარმომადგენელი სჭირდება ამ პროცესების პედალირებას და გაუმჯობესებას.
იგივე სიტუაცია არის გერმანიაში. დაველოდოთ 23 თებერვლის არჩევნებს, პოლიტიკური ძალების ახალ კონფიგურაციას. დაველოდოთ იმ ძალებს, რომლებმაც ახალი პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბონ და მათ შორის საქართველოსთან მიმართებითაც კი. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს ყველაზე აგრესიულები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არიან გერმანელი ევროდეპუტატები.
ამიტომ, დაველოდოთ ახალ მოცემულობას გერმანიაშიც და აქედან გამომდინარე შევარჩევთ ისეთ ადამიანს, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად გამოიყვანს მათ შორის საქართველო-გერმანიის ჩიხში შესულ ურთიერთობებს. საელჩოები არ დახურულა, საელჩოებს ჰყავს თავისი პერსონალი, ელჩის მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებენ. რაც შეეხება პოლიტიკური საქმის კეთებას, დაველოდოთ ამერიკიდან სპეცწარმომადგენლის დანიშვანას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
პოლიტოლოგ თამარ კიკნაძის შეფასებით, ამ პერიოდში ბევრ სახელმწიფო უწყებაში მოხდა ლუსტრირება, როდესაც არა მხოლოდ დიპლომატებმა ღიად განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან ხელისუფლების კურსს, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით აუცილებელია საკვანძო თანამდებობაზე ისეთი კადრების შერჩევა, რომლებიც იქნებიან საქართველოს ინტერესების გამტარები და არა დასავლეთის.
„მაგრამ მეორე მხრივ, მოხდა მათი ლუსტრირება. ჩემთვის ძალიან სამწუხროა, რომ ისინი არ არიან ადეკვატური დროის და ძალიან ლოკალურად, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ ამ ყველაფერს, რომ თვითონ რაიმე დისკომფორტი არ შეექმნათ. უნდა მოხდეს ამ საკვანძო თანამდებობაზე ისეთი კადრების შერჩევა, რომლებიც იქნებიან საქართველოს ინტერესების გამტარები და არა დასავლეთის.
დადგა დრო, როდესაც საქართველოს შეუძლია თავისი სუვერენული პოლიტიკა ძალიან კარგად გაატაროს და ადამიანებიც ამ პრიციპით უნდა იქნენ შერჩეული - უნდა შეესატყვისებოდნენ დიპლომატიურ სტატუსს ყველა პარამეტრით და იყვნენ სახელმწიფოს ერთგული. დღესდღეობით სახელმწიფოს ერთგულებას განასახიერებს იმ კურსის განხორციელება, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს. შეიძლება მასთან ბევრი პრეტენზია გვქონდეს, მაგრამ რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მე აბსოლუტურად ვეთანხმები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.