ასი დღის შემდეგ გათავისუფლდება თუ არა უკრაინა ოკუპანტისგან და აპრილის მიწურულს დასრულდება თუ არა რუსეთ- უკრაინის ომი, ეს მხოლოდ ტრამპმა და პუტინმა იციან.
ერთ-ერთი ბერკეტი, რის გამოყენებასაც ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ გეგმავს, ნავთობის ფასის დაცემაა. აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხში დახმარებას საუდის არაბეთსა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC)- ს სთხოვს.
„ვაპირებ, საუდის არაბეთსა და OPEC- ს ვთხოვო დახმარება, გულწრფელად მიკვირს, რომ ეს არ გააკეთეს არჩევნებამდე. თუ ნავთობის ფასი დაეცემა, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის დაუყოვნებლივ დასრულდება. ახლა ფასი საკმაოდ მაღალია ამ ომის გასაგრძელებლად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
პარალელურად, დონალდ ტრამპმა უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგს ომის ას დღეში დასრულება დაავალა. „უოლ სთრით ჯორნალის“ თანახმად, ტრამპი თავად აპირებს კელოგის გაკონტროლებას, ხოლო კელოგი მას კონსულტაციებს გაუწევს მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით.
გამოცემის თანახმად, კელოგის სამხედრო გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ტრამპისთვის, თუმცა კელოგს არასდროს უმუშავია დიპლომატად. ტრამპის შეფასებით, კელოგის პლუსი ის არის, რომ კელოგი „არასდროს გამოხატავს თავის აზრს, თუ მე არ ვკითხავ მას“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ 3- 4 წელიწადში კვლავ არ განახლდეს.
ტრამპის მოწინააღმდეგენი შიშობენ, აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მოსკოვთან დამღუპველ დათმობებზე წასვლისკენ არ უბიძგოს კიევს. თავად ტრამპი თვლის, რომ ზელენსკი მზად არის შეთანხმებისთვის, რუსეთს კი დიდი პრობლემები აქვს, რამაც შეიძლება აიძულოს პუტინი მოლაპარაკებისკენ.
რა ბერკეტები აქვს დონალდ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად? ჩინეთის გარდა კიდევ რა ფაქტორების გამოყენებას აპირებს სამშვიდობო მისიაში?
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასწორია, როცა ტრამპი კონკრეტულ დროში საზღვრავს შედეგს, ვინაიდან დროში არ შეიძლება შედეგის განსაზღვრა, მით უმეტეს, ისეთი მნიშვნელოვანი ამბის, როგორიცაა ომის დასრულება. ომში მონაწილე მხარეები, განსაკუთრებით, რუსეთი, ტრამპის ამ განცხადებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. რუსეთი მიხვდება, რომ ტრამპისთვის ვადას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე შედეგს, ამიტომ დაიწყებს შანტაჟს, დროის გაწელვას და რაღაც პირობების წამოყენებას. ტრამპს მოუწევს პუტინის მიმართ პირობების შესრულება.
„პუტინს არსად არ ეჩქარება, მას ომი აწყობს. ვიდრე ომია, პუტინი რუსეთში ბევრ რამეს არ აგვარებს, არადა, რუსეთში უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, მათ შორის, სოციალური საკითხი. თუმცა პუტინს ყველაფერზე აქვს პასუხი - „ახლა ომი გვაქვს“. გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა კარგად იცის, რომ ტრამპი არჩევნებით წამსვლელია, რუსეთში კი არჩევნები არ არსებობს, ვიდრე არ მოკვდება, პუტინი მუდმივად იქნება სათავეში. შესაბამისად, პუტინს შეუძლია ტრამპს უთხრას, შენ რომ ჩქარობ, მე სულაც არ ვჩქარობ, ამდენად, თუკი შენ ჩქარობ, მე თანახმა ვარ, მხარში ამოგიდგე, შენ ხარ პოპულისტი, შენ გჭირდება შედეგი, მე შედეგი არ მჭირდება, მე მჭირდება ომი, მე პროცესი მჭირდება, მე ჩემს პირობებს ვაყენებ, ან შეასრულებ ჩემს პირობებს და მაშინ შენი ხალხის წინაშე მაგარი იქნები, ქულებსაც ჩაიწერ, ან მე არ გავხდები შენი პირობების შემსრულებელი, რადგან შენ წახვალ პრეზიდენტობიდან, მე კი დავრჩები და კიდევ გავაგრძელებ ომს უშენოდ“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ტრამპის ასდღიანი პირობების შეთავაზებით რუსეთი ძლიერდება. ეს მაშინ, როცა ტრამპს უნდა ეთქვა, ას დღეში კი არ დავასრულებ ომს, არამედ ომი დასრულდება სამართლიან პირობებში, ანუ რუსეთისთვისაც და უკრაინისთვისაც მისაღებ პირობებში. რამდენი დრო დაგვჭირდება ამისთვის, არ ვიცი, რამდენიც დამჭირდება, იმდენი იქნება, ოღონდ რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ომი და შევინარჩუნოთ როგორც. უკრაინელი ხალხის, ისე რუსეთის ღირსება.
„ისე, მერჩივნა, ტრამპს ეთქვა, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს, მას დავეხმარებიო, მაგრამ ტრამპი ამას არ იტყვის. როგორც კი ასდღიანი თარიღი დაასახელა აშშ-ის ლიდერმა, ყველაფერი მორჩა. რუსეთმა იცის, რამდენ ხანს უნდა გაწელოს ეს პერიოდი და 99 დღე რომ გავა, მერე ტრამპი რას იზამს? იძულებული იქნება, პუტინის პირობებს დათანხმდეს? ამიტომაც იგრძნობა შიში, რომ ტრამპმა არ აიძულოს კიევი მოსკოვთან დამღუპველ დათმობებზე წასასვლელად. შესაძლოა, ტრამპმა აიძულოს კიევი, გააკეთოს ის, რაც აწყობს მოსკოვს, რათა შემდეგ უკვე მოსკოვი დაეხმაროს ტრამპს, შეასრულოს თავისი პირობა საკუთარი ხალხისა და მსოფლიოს წინაშე“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და ფიქრობს, ასი დღის შემდეგ ომი რომც დასრულდეს, ომის განახლების ალბათობა მაინც ძალიან მაღალია.
ანალიტიკოსის თქმით, თუ ეს ომი ზუსტად ას დღეში დასრულდება, მაშინ პუტინი იტყვის, მე ტრამპს დავუთმე, მთხოვა ომის დასრულება და რა მექნა?! პრეზიდენტობიდან ტრამპის წასვლისთანავე კი პუტინი განაახლებს ომს უკრაინაში. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ომის შეჩერება კარგი იქნება, რადგან ამასობაში უკრაინა გაძლიერდება, თავის შეცდომებს გააანალიზებს, იარაღს შეისყიდის, იპოვის მოკავშირეს. ომის თუნდაც დროებითი შეჩერება აუცილებელია, სამუდამოდ შეჩერება კი ბევრად კარგი იქნება. აზრი არ აქვს ახლა ომის გაგრძელებას, უკრაინა უნდა წავიდეს მშვიდობაზე.
თუ რა ბერკეტი აქვს ტრამპს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებაზე რუსეთი დაითანხმოს, ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სანქციები მუშაობს, რუსეთი სუსტდება და სუსტდება. ძალიან ბრმა და ყრუ უნდა იყოს ადამიანი, ვერ დაინახოს, რუსეთში ყველაფერი როგორ გაძვირდა, ხალხი როგორ გავიდა რუსეთიდან, მუშა-ხალხი აღარ ჰყავს რუსეთს. ეკონომიკური სანქციები კიდევ გაგრძელდება, ომი დამთავრდება, სანქციებიც მოეხსნება რუსეთს, მაგრამ მის წინააღმდეგ აქამდე დაწესებული სანქციები 10-15 წელი კიდევ იმუშავებს. საბჭოთა კავშირისთვის სანქციების მოხსნის მიუხედავად, დღემდე ვერ გამოვიდა რუსეთი მდგომარეობიდან. ამდენად, სანქციები მუშაობს და კარგი იქნება, თუ არ მოეხსნება რუსეთს ეს სანქციები.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების იმედი აქვს. ჩვენთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ახლა ეცდება იმ გაფუჭებული საქმეების გამოსწორებას, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუტოვა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის უკრაინაში გაჩაღებული ომი, რომელიც თავიდან ბოლომდე ბაიდენის ადმინისტრაციის კისერზეა, ვინაიდან ბაიდენმა აიძულა თავისი ხელისბიჭი ზელენსკი, ომზე წასულიყო.
„ზელენსკი რომ უარყოფდა, სტამბულში არაფერზე არ მოგვიწერია ხელიო, დღეს თავად ამბობს, ჩვენ მოვაწერეთ ხელი, მაგრამ, ეტყობა, ვიღაც ჩაერია ამ საქმეში უარყოფითად. სულ მალე გამოაშკარავდება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ზეწოლით და ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იქ ჩასვლით მიაყენეს უბედურება უკრაინას. რაც შეეხება დონალდ ტრამპს, მისი საარჩევნო დაპირება ამ ომის დასრულება იყო. ამდენად, ტრამპი ყოველნაირად შეეცდება, ომი ისე დასრულდეს, არც მწვადი დაიწვას, არც შამფური. ვფიქრობ, რუსეთს იმხელა უპირატესობა აქვს ამ ომში, რომ, ალბათ, არ დათმობს იმ ტერიტორიებს, რომელიც დაკავებული აქვს, ოღონდ აქ შედგება მოლაპარაკება უკრაინის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით, რომ უკრაინა არასდროს გაწევრიანდეს ნატოში, უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო, ანუ ბუფერული ზონა იქნება ნატოსა და რუსეთთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს ყველაზე ოპტიმალური იქნება. დარწმუნებული ვარ, სწორედ ნეიტრალური უკრაინა იქნება ორივე მხარისთვის მისაღები, როგორც დასავლეთისთვის, ისე რუსეთისთვის“,- აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.