აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკელები მიხვდნენ, რომ მის ოპონენტებს ქვეყნის მართვა არ შეეძლოთ და მათი პოლიტიკა საშინელებაა. როგორც ტრამპმა მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, „ამერიკელებს არ სურთ, ნახონ ქალი, რომელსაც რინგზე კაცი სცემს, სწორია?! არ სურთ, იხილონ კაცების და ქალების სპორტი, არ სურთ ყველასთვის სქესის შეცვლა. არ სურთ, ბავშვმა სახლი, როგორც ბიჭმა დატოვოს და ორ დღეში, როგორც გოგო დაბრუნდეს. მშობელს არ სურს ამის დანახვა. არსებობს შტატები, სადაც ეს შეიძლება მოხდეს“. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატებს ჯანსაღი აზროვნება არ აქვთ.
დონალდ ტრამპის ამ განცხადებამ მოლოდინი იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიღებული კანონთან დაკავშირებით კრიტიკურლ დამოკიდებულებას შეიცვლის, გაამყარა და ანალიტიკოსთა თუ პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უახლოს მომავალში აშშ-საქართველოს ურთიერთობები შესაძლოა გადაიტვირთოს, თუმცა ამ ყველაფერს დრო და დიდი ძალისხმევა დასჭირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, აშშ საქართველოსთან დაკავშირებით დამოკიდებულებას შეიცვლის თუ არა. მისი შეფასებით, ყველაფერს დრო გვიჩნევებს.
„იქიდან გამომდინარე თუ რა ღირებულებებს მისდევს თვითონ დონალდ ტრამპი და მისი გუნდის წევრები და მისი უახლოესი თანამებრძოლები, შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრი არ იყოს საქართველოში მიღებული ანტი-ლგბტ და ტრანსგენდერული კანონების მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლოა რაღაცნრაიდ შეიცვალონ პოზიცია სხვა საკითხების მიმართ, რაც მათთვის უფრო ფუნდამენტურია და უკავშირდება მათ სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში.
ცოტა არ იყოს გაუმართლებელია რაღაც ისეთი მოლოდინების დათესვა საზოგადოებაში, რომ მოხდება ურთიერთობის გადატვირთვა ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ. ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ურთიერთობის გადატვირთვა მოხდება, თუ გავითვალისწინებთ დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მათთვის უპირველესი და მთავარი პრიორიტეტი იქნება აშშ-ს წინ წაწევა, დაცვა და ა.შ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აშშ საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მკაფიოდ დააყენებს საკითხს - თუ თქვენ ხართ ჩვენთან ერთად, თქვენ უნდა მოემსახუროთ ჩვენი ინტერესების რეალიზებას რეგიონში.
ვიცით, რომ ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს, კონგრესმა სპეციალური აქტი მიიღო, რომელიც ეხება იმას, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება გამოცხადდეს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად - სწორედ ამაზე იქნება საუბარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, როდესაც ეს საუბარი შედგება - იმის შემდეგ, თუ როგორ მოხდება პოზიციების შეჯერება, გაირკვევა იქნება თუ არა ურთიერთობების გადატვირთვა, თუ ეს ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის. აშშ-ს აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველოს წინაშე ძალიან ხისტად დააყენოს საკითხები იმაზე, თუ რამდენად არის აქ დაცული ამერიკული ინტერესები რეგიონში - ეს ყველაფერი გაირკვევა მას შემდეგ, რაც შედგება კონტაქტები და მხარეები მაგიდაზე დადებენ თავიანთ წინადადებებს. ვფიქრობ, ერთგვარი პოლიტიკური ვაჭრობა წავა, რის გამოვაჭრებას შეძლებს საქართველოს ხელისუფლება ამერიკელებთან, ამას დავინახავთ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან ინტერვიუში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანებით, ფედერალური მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) ყველა ოფისი და პროგრამა გაუქმდება და ამ მიმართულებით დასაქმებულ ყველა ფედერალურ თანამშრომელს ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებენ. ტრამპის თქმით, მისი ბრძანება მიზნად ისახავს „რადიკალური და უსარგებლო პროგრამების“ დასრულებას, რომლებიც, ფედერალური მთავრობის თითქმის ყველა სფეროში დისკრიმინაციას ახალისებენ.
პერსონალის მართვის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი დავალება გაიცა ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომლებმაც უნდა აცნობონ თანამშრომლებს აღნიშნული ცვლილების შესახებ და მიიღონ ზომები, რათა ყველა DEI პროგრამა გაუქმდეს. პერსონალის მართვის ოფისის მიერ გავრცელებული მემორანდუმის თანახმად, ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებმა 24 იანვრის 17:00 საათამდე უნდა აცნობონ თანამშრომლებს, რომ ისინი ანაზღაურებად შვებულებაში გადიან. ასევე, ხელმძღვანელებს დაევალათ: მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პროგრამების ყველა მასალის ამოღება; ნებისმიერი მცდელობის გამოვლენა, რომლითაც DEI პროგრამები „დამალვის“ ან „შეფუთვის“ მიზნით კოდირებული ან არაზუსტი ენით იქნება წარმოდგენილი; 31 იანვრამდე თანამშრომლების შემცირებისთვის შესაბამისი გეგმის შემუშავება.